ზაზა
ნიცაში მინდა... ვინ მეუბნებოდა? მთელი ნიცა არაბებს აქვთ აღებულიო, საფრანგეთში ნაციონალიზმის ტალღა აგორდაო – არაბებმა და ზანგებმა გადაჭამეს ყველაფერიო. ჰო, ერთი შენიღბული ზვიადისტი მეუბნებოდა სუფრაზე. კუპატს ვჭამდით, შავ ღვინოს ვსვამდით და საფრანგეთის პრობლემებზე ვსაუბრობდით ჩვენს ეროვნულ ჭრილში...
ცხრა საათია და წარმოიდგინე, ნიცაზე ფიქრში გამეღვიძა. დამესიზმრა, თუ რა იყო, არ ვიცი. შეიძლება იმის ბრალია, რომ გუშინ თუ გუშინწინ, რაღაც ფილმი ვნახე, ტრენტინიანით, რომი შნაიდერით და ჩვენში მიღებული ფრანგული ხიბლით. თორემ რა ნიცა უნდა გამხსენებოდა ამ სიბნელეში: არც ღამით იყო შუქი და არც ახლაა – დილით.
აუ, რა საშინელია ლოგინიდან გამოძრომა და საპირფარეშოს ცივ იატაკზე დგომა. ახლა პირის დაბანა ნახე... სარკეში ჩაიხედავ, ვიღაც გამოშტერებული კლიენტი გიყურებს, თან შესამჩნევად მელოტდება და წვერიც გაუპარსავი აქვს. ყველაფერი ეს სანთლის შუქზე. ფანტასტიკური სანახაობაა, ნიფხავი და სანთელი. მოკლედ, დაიბანე-ნუ დაიბან, მაინც ქლიავს გავხარ. მარტო მე კი არა, ყველა. რაღაც ჩამოგრძელებული სიფათები გაგვიხდა.
დროა ეგეთი, დაქლიავების კლასიკური ჟამი.
არა, არა ნიცაში...
– ჩაი დალიე, – დედაჩემის ხმაა. ჩაი თერმოსში აქვს უკვე მეორე დღეა. რა მინდა სამზარეულოში?
ჩაი... ჩაის, როგორც ქართული კლასიკა გადმოგვცემს, ასე და ისე... ჰოლში ვდგავარ და ფულს ვითვლი. ერთი კოლოფი „მაგნა“ ხომ უნდა მომივიდეს წესით, მაგრამ გააჩნია სად ვიყიდი. ეს „მაგნა“ ხომ პირდაპირ ეპოქის სიმბოლოა – ლამის კომუნიზმის დასასრულის მაუწყებლად შემოვიდა თბილისში. შეიძლება პირდაპირ დავარქვათ – ეპოქა „მაგნა“.
– მაგვიანდება, – უკვე შუზებს ვიცვამ.
– მთელი დღე მშიერი უნდა იყო. სად გარბიხარ?
– ინტერვიუზე, მინისტრთა საბჭოში, – ...
Тоже мне ინტერვიუ, და თანაც მინისტრთან. დაკვირვებული ვარ, უფროსებზე გასაგიჟებლად მოქმედებს ეს ამბები. მე კი, მართლაც რომ მქონდეს ასეთი რანდევუ, წყალმომმარაგებელთან, ან გზების გამომსწორებელთან, ერთი კარგად ვაყირავებდი. არ მივიდოდი და მორჩა. ახლა შენ წარმოიდგინე, როგორია, ვიღაც სათვალიანი და ღიპიანი ბიძა რომ სახალხო ტყუილებით გაბოლებს:
– სირთულეები ძალიან დიდია. ენერგომატარებლები...
და ასე შემდეგ.
რა, წახვალ? ორი საათი დაელოდები? მაშინ როდესაც ნიცაში... არა, ძალიან ამოვიჩემე. ნეტავ რამდენი ქართველი ცხოვრობს ნიცაში? იქ რომ მოვხვდე, სულაც კალედონიელად დავეწერები და მერე მიყარონ კაკალი. სამშობლოო, ესაო და ისაო, რატომაო. დავეწერები და მორჩა – კალედონიელი ზაზა კობახიძე ნიცაში იმყოფება.
არა, არა, დაბოლოება ფრანგული სჯობს – კობახიე. მერე, ოთხმოცი წლის რომ გავხდები, სიამოვნებით გამოვალ საქართველოს ტელევიზიით და ცრემლმორეული გიანდერძებთ ჩემს შლაპას და ძველმოდურ კოსტუმს – გამახსენდება, რომ... მოკლედ, შეიძლება გესტუმროთ კიდეც, მაგრამ აეროპორტის ასფალტს ნამდვილად ვერ ვაკოცებ. წელკავი მექნება და ვერ დავიხრები.
ჰო, მართლა, გუშინ სამწუხარო ამბავი გავიგე, სენიორ პაბლო ესკობარი მიუბრედიათ ორქიდეებით განთქმულ ქალაქ მედელინში. ჩვენი კავშირგაბმულობა რომ ღირსეულად მუშაობდეს, ერთი-ორ კაცს მაინც უნდა გაეგზავნა თანაგრძნობის დეპეშა. სირცხვილია მაინც, სულთა ერთობამ ხომ საზღვრები არ იცის. ეჰ, პაბლიტო, პაბლიტო, სად უნდა დაბადებულიყავი და სად დაიბადე? აქ, ამაყ კავკასიონს გადმოღმა შენ მტრის ტყვია ვერ მოგწვდებოდა. შენნაირ ხალხს აქ თავად ჰაერი იცავს. აქ, განსვენებულო, მშვენიერია დილა ყაბახზე და ათასი სხვა რამ... ერთი წინადადებით უნდა შევაბიჯო მერიაში: რომელიმე ქუჩას, რომელსაც თუნდაც შემთხვევით შემორჩა მარქსიანული სახელი, პაბლო ესკობარის ჩიხი ეწოდოს. სადმე, გინდაც ვარკეთილში, სულ პაწაწინა შესახვევს რომ დავარქვათ...
მოკლედ, ვახურებ, რა დროს ეგენია.
უკვე გარეთ ვარ. გაქუცული და მოფარღალალავებული მრგვალი ბაღის კიდეზე ვდგავარ. ადრე აქ ტაქსისტების ბირჟა იყო. ჩაჯექი, სამმანეთიანი დაუგდე და იარე. ავოეეეე... ახლა კი ფეხით უნდა დავაწვე რედაქციამდე, სხვა გზა არ არის. მეტრო და რაღაც სიგიჟეები ისე მიჭირს, თითქოს კუჭი მქონდეს შეკრული. მივდივარ და ვფიქრობ: „კოტე ამერიკაშია, ჯავახა ესპანეთში, ცქიტა ჰოლანდიაში, თუშმალა პარიზში, შეშიკა ლონდონში, სხვები ან მოსკოვში, ან სადმე სხვაგან“. სხვა რომ არაფერი იყოს, უბრალოდ, ისე, ადამიანურად, მოგენატრება ვინმე. მე შენ გეტყვი და დარეკავ.
იმ დღეს სახლში ვიყავი და... ეგრე, საღამო იყო, ცხრა საათი, გააბა და გააბა ტელეფონმა. მეთქი რაიონია. რაიონიდან ვინ უნდა დამირეკოს? მაგრამ ხომ იცი, ერევათ ხოლმე. ავიღე. ისეთი რაიონი გამოდგა, კინაღამ ყურმილი გამივარდა ხელიდან.
ალიკა იყო კანზას-სიტიდან. ექვსი თვეა არაფერი და უცებ რეკავს. მეგონა გვერდით მიზის და ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, ავტომატიდან ვრეკავო. მოკლედ, ვიყვირეთ, მე აქედან და იმან იქიდან. იქ გოგო ჰყოლია, ლესლი... კანზას-სიტი თურმე ორია, ეს უფრო კარგ კანზას-სიტიში მოხვედრილა და მთელი ამბავი. ისე, ერთი