ციკლიდან: «სამშობლოსადმი» - ახალ საქართველოს
მყინვარ-წვერის თოვლის თეთრო თაველო,
ლურჯო ნისლო, მტკვრიდან ცაზე ასულო,
ვეფხის ტყავად დაფენილო მთა-ველო,
ორბის ფრთების ჩრდილით გადახაზულო!
გაზაფხულის ოქროვანო წვიმებო,
მზის ყვავილო, ციდან ძირს გადმორგულო,
შოთას ქნარის მოგუგუნე სიმებო
და აკაკის ხმაწკრიალა ჩონგურო!
ძველო ფუძევ, მრავალ ჭირის მნახველო,
ოფლდაღვრილო, ბევრჯერ სისხლით ნაბანო!
წინაპართა ღირსეულო სახელო
და გმირების მუდამ თბილო აკვანო!
ნედლო მიწავ, ერთი ხელის დადებავ,
გამძლეობით უმტკიცესო რვალისა!
ელვის ღვარო და მსოფლიო ნათებავ
ამ მიწიდან ამოვარდნილ ალისა!
განთიადის ცეცხლის შემოკიდებავ
და საღამოს მთვარევ, ჯიხვის რქიანო!
აღმართ-აღმართ აღმავალო დიდებავ, -
შენ ახალი საქართველო გქვიანო!
20 თებერვალი, 1941 წ.