ატმის ყვავილი ერთ დიდ ქალაქში, რომელიც ახლა, ვინ იცის, იქნებ არც კი არსებობს, ცხოვრობდა ოდესღაც ერთი გამოჩენილი მკურნალი.
მას ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, სახელად ნადირ, რომელსაც თვითვე ასწავლიდა სამკურნალო მეცნიერებას, რომ მისთვის დაეტოვებინა დიდ ქონებასთან ერთად დიდი სახელი და გავლენა.
ნადირ, სამეცნიერო ფოლიანტების კითხვას რომ მორჩებოდა, ხარბად ეწაფებოდა ძველ არაბულ და სპარსულ წიგნებს და მისი ახალგაზრდა გული თრთოდა საოცარი ამბებისა და ზღაპრულ თავგადასავალთა თავბრუდამსხმელ უცნაურობისაგან.
ყმაწვილმა ადრე შეითვისა სიყვარულის დაუთრგუნავი ძალა და, თუმცა მამა ზრდიდა მას კარჩაკეტილად და ჯერ მის თვალებს არ ეგემნა ქალის ღიმილის სიტკბოება, - მისი ნორჩი გული სავსე იყო სიყვარულის ათასფერი ელვარებით.
ერთხელ, როცა ნაადრევმა აპრილმა თითქოს ოქრო-ნარევი ფირუზი გამოანგრია და ქალაქის ქუჩები აავსო მზისა და ცის ნამსხვრევებით, ნადირ მივიდა მამასთან და უთხრა: - ძვირფასო მამავ, ეს ერთი კვირაა ჩემი ოთახის ფანჯრებს შეეჩვია ჰაეროვანი მოჩვენებები, რომელთა შეუწყვეტი შრიალი და ელვარება არ მაძლევენ მოსვენებას და მეცადინეობას მიშლიან. როცა მზე ცის დასავალს ჩაიძირება და ღამე გაშლის ვარსკვლავიან კალთას, მე არ მაძინებს უცნაური ჩურჩული, რომლითაც ივსება ჩემი ყურები, მეჩვენება, თითქოს ნიავი არხევს ვარსკვლავებს და ისმის ჩუმი რეკა და წკრიალი ვერცხლის ეჟვნებისა. თითქო მიდის ზღაპრული ქარავანი ჰაეროვან არსებათა და ჩემი ფანჯრის მინებს ასკდება გაუგონარი მუსიკის აბრეშუმის ტალღები. მამავ, მასწავლე, როგორ მოვიშორო მოჩვენებათა მოუსვენარი გროვა.
მამამ შვილს მაჯა გაუსინჯა, ჩახედა თვალების ქუთუთოებში და უთხრა: - შვილო ნადირ, შენ უკვე შეგისრულდა თვრამეტი წელიწადი, სჩქეფს ჭაბუკური სისხლი და გაზაფხული ანთებს ოცნებებს. უნდა ასვა თვალებს მზისა და ყვავილების შუქი, უნდა ასმინო ყურებს ტყისა და წყალთა ხმაური. ხვალ, მზე რომ ამოვა, შეჰკმაზე ცხენი და წადი ქალაქ გარეთ. გააჭენე ცხენი, რომ მზიან ჰაერის წივილმა დაგიტკბოს სმენა, ესტუმრე ტყეს, მინდვრებს და წყაროებს. დაბრუნდი სახლში მზე-ნასვამი და დაღლილი, ივახშმე მადიანად და უდარდელად დაგეძინება.
ნადირმა შეასრულა მამის დარიგება და მეორე დილით, მზემ რომ წვერი ჰკრა, მოაჯდა ცხენს და ქალაქიდან გავიდა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ნადირ მიადგა ერთ განიერ ველს, რომელსაც შუა ჰყოფდა პატარა მდინარე.
ნადირ გაჰყვა მდინარის პირს აღმა, გაიარა ველი და მალე ავიდა ერთ ბექობზე, რომლის ერთ მხარეზე გამოჩნდა ნუშის თეთრ ყვავილებით დათოვლილი არე, ხოლო მეორე მხრით - ატმის ბაღის ვარდისფერი ზღვა.
ნადირმა იცნო ეს ადგილი.
ერთხელ, ათიოდე წლის წინათ, როცა მას საყვარელი დედა ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა, ის იყო ამ გზაზე გავლით დედ-მამასთან ერთად.
მას მოაგონდა, თუ როგორ ჩამოსხდნენ იმ ატმის ბაღში დასასვენებლად და როგორ უამბო მას მოხუცმა მებაღემ მშვენიერი ზღაპარი ატმის ყვავილზე. ეს ზღაპარი მას ისარივით ჩაესო მაშინ გულში და ახლაც ახსოვს მომხიბვლელი ამბავი შეყვარებული ქალისა, რომელმაც წვეთ-წვეთად შეასვა თავისი გულის სისხლი ატმის ხის ფესვებს საყვარელი არსების გადასარჩენად.
ნადირ გაემართა ატმის ბაღისკენ.
მზე თითქოს დუღდა და ოქროს ქვაბიდან გადმოიღვარა სხივების ნათელი წვიმა და წარმტაცად ააფერადა ატმის ოდნავ აწითლებული ყვავილების მორევი.
ბაღში რომ შევიდა, ნადირ ცხენიდან გადმოხტა ცხენი საძოვრად გაუშვა და თვითონ გაჰყვა ხეივანს.
ბაღში ტრიალებდა დამათრობელი სურნელი ყვავილებისა, მზისა და ათასგვარ ბალახისაგან უცნაურად შეზავებული.
გაიარა თუ არა რამდენიმე ნაბიჯი, ბილიკის ერთ მოსახვევზე უეცრად წააწყდა ბალახზე დაჩოქილ ახალგაზრდა ქალს.
ქალი თითებით ურევდა ბალახს, თითქო ეძებს რასმეო.
ნადირ შეჩერდა.
ქალი შეკრთა და შეშინებული ირმის თვალები მომართული ისრებივით მოუღირა ვაჟს.
ნიავი ოდნავ არხევდა ყვავილებით დატვირთულ ატმის შტოებს და ქალის შავ თმაზე ნელა ირხეოდა შტოებიდან გადმონადენ მზის სხივების ბადე.
ყველაფერი, რაც ქალის სილამაზის შესახებ ნადირს გულში დაეგროვებინა, ერთად აენთო და ნადირის თვალებში დაგუბდა.
აღტაცებული ვაჟი გარინდებით უცქეროდა დაჩოქილ ქალს, და გაკვირვებული და შეშინებული ქალი მისჩერებოდა ვაჟს, როგორც მოჯადოებული ჩიტი პირდაღებულ გველს.
- ბაბუ სახლში არ არის, - თვალის დაუხამხამებლად წარმოსთქვა ქალმა და გაინაბა.
- ვინ არის შენი ბაბუ? - გაბედა, როგორც იქნა, ნადირმა.
- მებაღე.
- შენ რა გქვია? - გათამამდა ვაჟი.
- ნანა.
- აქ რას ეძებ? - ბალახს.
- რად გინდა ბალახი? - წამლად უნდა ბაბუს.
ნადირმა სული ამოითქვა და ალერსიანად უთხრა ქალს: - მე თქვენი სტუმარი ვარ, შენი ბაბუ მიცნობს მე.
ქალი უცებ წამოდგა, თითქო ბურანიდან გამოერკვაო, და მოკრეფილი ბალახი კონად შეჰკრა.
ნადირ აღტაცებისაგან გაშეშდა. მის წინ იდგა არაჩვეუელბრივი