ალექსანდრე აბაშელი - მზის მომღერალი
ალექსანდრე აბაშელი ისაკ ჩოჩიას პოეტური ფსევდონიმია. იგი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი მესაძირკვლეა.
სულ ათიოდე ლექსი ჰქონდა გამოქვეყნებული ალექსანდრე აბაშელს, როცა გაზეთი „თემი“ წერდა: „ს. აბაშელის შემოქმედებამ ისე წაგვახალისა, რომ ჩვენი გაზეთის რედაქციამ გადაწყვიტა დანიშნოს ფულის პრემია საუკეთესო ქართული ლექსისათვის, რომელიც დაწერილი იქნება 1911 წლის განმავლობაში. ამისთვის ცალკე ჟიური იქნება დაარსებული. პრემიის რაოდენობა და პირობები და ჟიურის წევრების სახელები ამ მოკლე ხანში იქნება გამოცხადებული“. ჟიურის წევრთაგან მოვიხსენიებთ მხოლოდ აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს, კიტა აბაშიძეს და იაკობ ნიკოლაძეს, რომ ნათელი გახდეს მისი კომპეტენცია. 1911 წლის 28 ივნისს პრემია მიანიჭეს სატურნის ფსევდონიმით წარდგენილ ლექსს „მზე“. ნახევარი წლის შემდეგ გაირკვა, რომ „სატურნი“ არის ალექსანდრე აბაშელი.პოეტს ჯილდო თვით აკაკიმ გადასცა.
„აკაკი წამოდგა, გადმომცა ფულიანი კონვერტი (პრემია), ჩამომართვა ხელი და მომილოცა... უმწვერვალეს მღელვარების ბურანში მყოფმა თითქოს ვიგრძენ, როგორ მოსწყდა აკაკის ნათელ შარავანდედს ერთი პატარა სხივი და დამეცა თავზე“ - იგონებს ალექსანდრე აბაშელი 23 წლის შემდეგ.
სავსებით კანონზომიერია, რომ ალ. აბაშელმა რამდენიმე ლექსი უძღვნა აკაკის. პოეტი მიმართავს თავის დიდ წინაპარს:
„დგას საქართველო ოქროს თასივით
შენი ლექსების ნექტარით სავსე“.
ეს ლექსი 1935 წელს არის დაწერილი - აკაკის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ. ბუნებრივია, პოეტი იხსენებს წარსულს და, როგორც საბჭოთა ხანაში იყო მიღებული, აწმყოს ამჯობინებს:
„იყო გოდება სიცოცხლის წესად,
ისმოდა გმინვა ჩანგრეულ მკერდთა
და ქარს მოჰქონდა ნესტანის კვნესა
ქაჯეთის ციხის ღრუბელთან ერთად.
ცეცხლმა ის ჟამი უკვე ალაგმა
და ძველი ქვეყნის სასტიკი ძღვენი
დრომ თან წაიღო, როგორც არაგვმა
ბაში-აჩუკის დამხრჩვალი ცხენი“.
მაგრამ ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ალ. აბაშელი საბჭოთა ხანის სიმახინჯეებს ვერ ხედავდა. 1926 წელს მან დაწერა ლექსი „წერილი ნოე ჩხიკვაძეს“, რომელშიც აღნიშნავს, რომ „დღეს... დაეცა ლოცვა და პოეზია“, რომ აღარ ისმის „ციდან ქუხილი ბარათაშვილის, მთიდან ყვირილი ვაჟას ხარისა“ და მათ სანაცვლოდ
„ახლა ქუხილი არ ისტამბება,
ხარი არ ჰყვირის მაღალ მთებიდან,
ლექსი დაახრჩო წვრილმა ამბებმა,
ამონაწერმა გაზეთებიდან“.
ამ მხრივ ფრიად საინტერესოა ლექსების ციკლი „მამის სიკვდილი“, „ბებიაჩემი“, „პაპაჩემი“, რომლებიც დაწერილია 1928-1929 წლებში. ეს ის ხანაა, როცა მარქსისტულ-ლენინურ „თეორიასა და დებულებებს“ აზეპირებდნენ დიდსა და პატარას. არადა, ცხოვრება მათ გარეშეც შეიძლებოდა. პოეტი გვიხატავს სურათს დღეღამ მშრომელი ბებიისა, რომელიც ოთხმოცი წლის აღესრულა:
„რათ ჩავიმწარო დარჩენილი წელი ორიოდ,
ვიდრე მიხმობდეს ცხონებული ჩემი ბებია?
ოთხმოცი წელი გაატარა უთეორიოდ,
და მისი ბედი, ვიტყვი, ბევრჯერ შემხარბებია!..“
ალექსანდრე აბაშელი მზის მომღერალია. „პოეტი უმღერის და ადიდებს მზეს, როგორც კოსმიურ, ზექვეყნიურ საწყისს, რომელსაც ვერ წვდება ჟამთა ბრუნვის უკუღმართობა, მზე მაღლა დგას სიკვდილ-სიცოცხლეზე, დროთა ცვალებადობაზე, მასში მარადიულობა და უკვდავებაა განხორციელებული. ამიტომაც მიელტვის მას ჟამთაბრუნვის სუსხით დაწყლულებული, ქვეყნად გაბატონებული ბოროტებისა და უკუღმართობის გამო აღშფოთებული სული“ (ბესარიონ ჟღენტი):
„მზეს არ ახსოვს შობის წამი, მზეს სიკვდილი არა სჯერა,
მან სიცოცხლე უკვდავების სიმთა ჟღერით ააძგერა!
დროს წაართვა ძლევის კვერთხი და დათრგუნა მით სიკვდილი!..
ნეტავ იმას, ვისაც ესმის აღმაფრენი მზის სიცილი!..“
სწორედ ეს სიტყვები წაუმძღვარა პოეტმა თავის ლექსთა პირველ წიგნს - „მზის სიცილი“ (1913 წ.), რომელიც „მრავალმხრივ სიმპტომატური და საყურადღებო მოვლენაა რევოლუციამდელ ქართულ პოეზიაში. სწორედ ამიტომაც ამ წიგნის გამოსვლამ თავის დროზე ცხოველი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია“ (ბ. ჟღენტი). შემდეგ ალ. აბაშელმა გამოსცა წიგნები „ანთებული ხეივანი“, „გაბზარული სარკე“, „მზე და სამშობლო“, რომლებშიც უფრო და უფრო სრულყოფილად გამოჩნდა მზისა და სამშობლოს მომღერალი პოეტის შემოქმედება.
ერთ ადრინდელ (1917 წ.) ლექსში ალ. აბაშელი ამბობს:
„ჩემს ოცნებაში მარგალიტის ცრემლი გროვდება, -
ვფიქრობ: მე წავალ და ჩემს ჩრდილსაც დაივიწყებენ“.
არა და არა! ალ. აბაშელის სახელს დავიწყება არ უწერია!
ვახტანგ პაიკიძე