თავი I. მეფობის აღდგენის ისტორია და ქართველ მოდგმის ტომთა შეერთება საქართველოს მეფის უფლების შესწავლას ამ გამოკვლევაში ჩვენ უძველეს ხანიდან არ დავიწყებთ იმიტომ, რომ ამ ხანის შესახებ ჩვენი გამოკვლევა უკვე დაიბეჭდა ცალკე წიგნად და ვისაც სურს, შეუძლიან იქ აღმოიკითხოს თუ რა ნიადაგზე იყო დამყარებული უძველეს ხანაში მეფის უფლება და ქართველი ერის საზოგადოებრივი წესწყობილება. აქ ვიტყვი მხოლოდ გაკვრით, რომ მეფის უფლება საგვარეულო წესწყობილებაზე იყო დაფუძნებული და მე-IX-XIII საუკ. დროინდელ საქართველოს მეფის უფლებასთან პირდაპირი დამოკიდებულება არა ჰქონდა. ისტორიულ საბუთებიდან ჩანს, რომ ის საგვარეულო წესწყობილებაზე დამყარებული მეფის უფლება სპარსელებმა გააუქმეს კიდეც და ამის გამო მერმენდელ მეფობის უფლებასა და პირვანდელ დროის მეფობის შორის კავშირი არ არსებობდა. საგვარეულო წყობილებაზე დამყარებულ მეფის უფლების გაუქმებას ჩვენი უძველესი მემატიანე „ მოქცევაჲ ქართლისჲ “ ასე მოგვითხრობს: „ მეფობდა ბაკურ და კათალიკოზი იყო მაკარი... და ამის ბაკურისზევე დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ “ (ე. თაყაიშვილი, სამი ისტ. ქრ. 33)... „ სპარსნი უფლებდეს ქართლს და სომხითს და სივნიეთს და გუასპურაგანს “ . (ibid. 34); შემდეგ მემატიანე უმატებს „ და ნელადრჱ შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გურამ “ (ibid. 84); ამ ამბის მოთხრობის შემდეგ იგი მხოლოდ ერისთავებზე-ღა ლაპარაკობს და მეფეების შესახებ კრინტიც არა აქვს დაძრული. ამგვარად ჩვენ უძველეს მემატიანის სიტყვით, სპარსელებმა მეფის უფლება მოსპეს საქართველოში და ქვეყანას კარგა ხანს საკუთარი ხელმწიფე არა ჰყოლია. ჩვეულებრივ მიღებულ წელთა აღრიცხვით ბაკური 557-570 წლამდე მეფობდა, მაშასადამე 570 წლის შემდეგ ჩვენი სამშობლო უმეფოდ დარჩენილა. მაგრამ ევსტატე მცხეთელის მარტვილობა გვიჩვენებს, რომ ზემომოყვანილი თარიღი სწორი არ უნდა იყოს; ამ მარტვილობაში საქართველოს მეფე სრულებით მოხსენებული არ არის. და ქვეყნის გამგედა და პატრონად სპარსეთის მთავრობის დანიშნული მოხელე მარზპანი ითვლებოდა; ამ გამგეს ექვემდებარებოდნენ საქართველოს ყველა წარჩინებული პირნი, რომელთაც მარტვილობის ავტორი „ ქართლის მთავრებს “ ეძახის (იხ. საქართველოს სამოთხე, 315); ეს პირები ბრძანდებოდნენ: „ ქართლის კათალიკოზი, ქართლისა მამასახლისი, ქართლის პიტიახში და სეფე წულნი “ (ibid 315). ევსტატე მცხეთელის მარტვილობა როგორც საისტორიო წყარო უმაღლეს ნდობის ღირსია (იხ. ამის შესახებ ჩემი და პროფ. პარნაკის გამოკვლევა Das Martyrum d. heiligen Eustatius von Mzchetha, ბერლინის სამეცნიერო აკადემიის მოამბეშია დაბეჭდილი. Z. K. P. A. W. 1901, XXXVIII), იგი 600 წ. ახლო ხანებშია დაწერილი, ხოლო ევსტატე მცხეთელი 544-5 წ. აწვალეს (ibid. გვ. 21). მაშასადამე 545 წელს ეტყობა მეფის უფლება საქართველოში უკვე გაუქმებული ყოფილა და „ სპარსნი ქართლს უფლებდეს “ ; ამის გამო ზემთმოყვანილი მეფობის მოსპობის თარიღი (570 წ.) სწორე არ უნდა იყოს, სპარსეთის მთავრობას, სჩანს, იგი მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარშივე მოუსპია. საქართველოში მეფობის გაუქმების შემდეგ თითქმის ორმა საუკუნემ გაიარა, სპარსეთის მთავრობამ, სასანელთა სამეფო გვარმაც თავისი დრო მოიჭამა და დაემხო; აღმოსავლეთით მომავალმა გამაჰმადიანებულმა არაბებმა ეს ერთ დროს შიშის ზარის დამცემი სახელმწიფო დაამარცხეს და დაიმორჩილეს. ბედმა საქართველოსაც იგივე ხვედრი არგუნა და ეხლა არაბებს ჩაუგდო ხელში. არაბების ბატონობის დროსაც ჩვენი ქვეყანა კარგა ხნის განმავლობაში უმეფოდ იყო: ეს ცხადადა სჩანს, როგორც „ მოქცევაჲ ქართლისაჲ “ -დან, ისე სუმბატის ქრონიკიდან და აბოს ცხოვრებიდან; ქვეყნის გამგედ ხალიფას წარმომადგენელი ამირა ითვლებოდა; იგი ტფილისში იჯდა ხოლმე; ხოლო ადგილობრივ მკვიდრთა შორის უმთავრეს პირად ერისთავი ითვლებოდა (იხ. იგივე წყაროები). აბო თბილელის მარტვილობა საუცხოვოდ გვისურათებს, თუ რა შევიწროებულ მდგომარეობაში იყვნენ ჩაცვივნული ერისთავები: დევნა, საპყრობილე და თანამდებობის ჩამორთმევა ჩვეულებრივი მოვლენა იყო მაშინ (საქართ. სამოთხე, გვ. 338, 139). საქართველოს მეფის გაუქმებული უფლება, როგორც ქვემოთ დავინახავთ, 888 წლის ახლო ხანებში აღადგინეს. მაშასადამე მე-VI საუკ. პირველ ნახევრიდან მოყოლებული მეცხრე საუკუნის დამლევამდე საქართველოს საკუთარი მეფე არა ჰყოლია; სამ საუკუნე ნახევრის მანძილი სრულიად საკმარისია, რომ აღდგენილ მეფობისა და უძველეს დროინდელ მეფის უფლების შორის პირდაპირი კავშირი და დამოკიდებულება შეწყვეტილად ჩავთვალოთ. ამ დროს განმავლობაში საზოგადოებრივ ცხოვრების პირობებიც თვალსაჩინოდ შეიცვალა. უმეფობის დროს პირველი ალაგი, როგორც უკვე მოხსენებული იყო, ერისთავებმა და აზნაურებმა დაიჭირეს. ამ ერისთავებს ბიზანტიის იმპერატორები მოწყალების თვალით უყურებდნენ და ეხმარებოდნენ ხოლმე: ეს იქიდანა ჩანს, რომ თითქმის ყველა ერისთავები ბიზანტიის კეისრების ან ხელისუფლებად, ან არადა კარისკაცებად ითვლებოდნენ: მაგალითად, სუმბატის ქრონიკაში ბაგრატიონთა გვარის პირველ ერისთავის შესახებ ნათქვამია: „ მოსცა მას მეფემან ბერძენთამან პატივი კურაპალატობის “ (იხ. მარიამ დედ. ვარიანტი, ე. თაყაიშვილის გამოცემა, გვ, 339). სტეფანოზის შვილს გურამსაც კურაპალატობის პატივი ჰქონდა (ibid 342).