აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია შესავალ ლექციას ჩვეულებრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხოლმე: იგი თვითეულ ახალგაზრდა სწავლულის, რომელიც უნივერსიტეტში ერთ-ერთ კათედრის წარმომადგენლად გამოდის, სამეცნიერო საზოგადო პროგრამის გამომხატველია, ამასთანავე იგი იმ მიმართულების დამახასიათებელია, რომელსაც ადგია თავის სპეციალურ საგანში, რომელიც მის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულების არსებითი დამახასიათებელი იქნება.
დიახაც რომ შესავალ ლექციას სწორედ ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ გულახდილად გამოგიტყდებით, რომ ამ გვარ საზოგადო მიმართულების გამომხატველ ლექციის წაკითხვა მეცნიერების ისეთ დარგის შესახებ, როგორიც საქართველოს და სომხეთის ისტორიაა, მეტად ძნელ და უმადურ ტვირთს წარმოადგენს: აღმოსავლეთის წარსულის და განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთის ისტორიის სამეცნიერო შესწავლას დიდი ხანი არ არის რაც შეუდგნენ მკვლევარნი; გასაკვირველიც არა არის რა, რომ აღმოსავლეთის ისტორიკოსებმა ჯერ-ჯერობით ვერ შეჰქმნეს განსაკუთრებული ახალი მიმართულება, ვერ შესცვალეს არსებითად ის თანამედროვე შეხედულება, რომელსაც ჩვენს დასავლეთის ისტორიის მკვლევარები გვითავაზებენ ხოლმე. ამის გამო აღმოსავლეთის ხალხთა წარსულის შემსწავლელის ერთადერთი ხელმძღვანელი უნდა ისტორიის ფილოსოფია ყოფილიყო, მეცნიერების დარგი, რომელიც ეგრეთწოდებულ საისტორიო კანონების, საზოგადოებრივ ცხოვრების წარმატებასა და სხვა კიდევ მრავალ ძირითად კითხვებს იკვლევს. მაგრამ აქაც იმედი უცრუვდება აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიკოსს. იმიტომ, რომ ისტორიის ფილოსოფიის მკვლევარნი თავიანთ თხზულებებში აღმოსავლეთს თითქმის არავითარ ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე და საზოგადოდ ჩვეულებრივ აზრებს იმეორებენ. აღმოსავლეთის ასე უყურადღებოდ დატოვებისა და აბუჩად აგდების მიზეზი ერთის მხრით ის არის, რომ აღმოსავლეთის ისტორია ჯერ-ჯერობით ხეირიანად არ არის შესწავლილი, მეორეს მხრით და განსაკუთრებით ის გარემოება, რომ იმ მეცნიერებს, რომელნიც მსოფლიო ისტორიისა და ისტორიის ფილოსოფიის შესახებ თხზულებებსა წერენ, თითქმის ყველას დასავლეთის ხალხთა წარსული აქვთ ხოლმე მხოლოდ სპეციალურად შესწავლილი; ევროპის ხალხთა ისტორიის კვლევით გატაცებული და გათამამებულნი, ეს მეცნიერები ეჭვის თვალით უცქერიან, ათვალისწუნებული ჰყავთ აღმოსავლეთი: მარტო აზიის ხალხების წარსულს კი არა, თვით იმ ევროპის ხალხების ისტორიასაც, რომელნიც დასავლეთის კულტურაზე მოწყვეტილი იყვნენ, ამგვარისავე ეჭვის თვალით უცქეროდნენ: ამ ცამეტი წლის წინათ, ბატონებო, თვით გერმანიაში, ამ მეცნიერების დედაბუდეში, სპეციალისტები იძულებული იყვნენ დაემტკიცებინათ დანარჩენ მეცნიერებისათვის, რომ ბიზანტიოლოგიას აქვს უფლება არსებობისა, როგორც მეცნიერებას[1]. ეს მეტად დამახასიათებელი გახლავთ ყოველშემთხვევაში იმ აკვიატებულ, აჩემებულ აზრ-შეხედულებათა დასასურათებლად, რომელნიც ამას წინათაც ბატონობდნენ ჩვენს დისციპლინაში. თუ ბიზანტიოლოგიამ უკვე შესძლო მოეპოვებინა თავისი უფლებანი, სამაგიეროდ დღესაც ცოტანი როდი არიან ისეთი ისტორიკოსები, რომელნიც აღმოსავლეთის წარსულის შესწავლას მაღლიდან დასცქერიან და ამავე დროს ამგვარ სკეპტიკურ დამოკიდებულება-განწყობილებას აღმოსავლეთის ისტორიის მნიშვნელობის მიმართ მხარს უჭერენ და იზიარებენ. საოცარია, რომ ისტორიის ფილოსოფიის დარგის თხზულებებში ასეთი საბუთიანობა და მოსაზრებანი უხვად არის მიმობნეული და სწორედ ამიტომ მათ ენიჭებათ ავტორიტეტობის ხასიათი.
ცნობილია, რომ მეცნიერებაში ჰიპოთეზები, რომელნიც არას დროს არა გვკლებია, ყოველ დისციპლინას უეჭველად დიდ სამსახურს უწევენ, მაგრამ ამავე დროს ხშირად ხდება, რომ ჰიპოთეზის მოჩვენებითი სიმწყობრე და წარმტაცი მკაფიოობა თვალსა სჭრის და სინამდვილეს აბუნდოვანებს; ჰიპოთეზას უკვე იმდენად ეთვისებიან, რომ იგი თეორიისა და თითქმის კანონის სახესაც კი იღებს. მსგავსი ჰიპოთეზები მხოლოდ აფერხებენ მეცნიერების წინსვლას და ამყარებენ ერთგვარობას, შაბლონს.
ისტორიის ფილოსოფიაში მოიპოვება რამდენიმე ჰიპოთეზა, საქმის შემაფერხებელი და ნამდვილ მოვლენათა დამაბუნდოვანებელი. ერთი მათგანი და, შეიძლება ითქვას, მთავართაგანი გახლავთ რასის ანუ მოდგმის თავისებურებათა და რასის სულის ანუ რაობის განსაზღვრა კაცობრიობის სამ დიდ მოდგმად: ინდოევროპულ, სემიტურ და მონღოლურ მოდგმად დანაწილება მოითხოვდა იმ სულიერი განმასხვავებელი ნიშნების დადგენას, რომელნიც ზემოხსენებული სამი ჯგუფის მიმართ ყოველთვის და ყველგან მოქმედებენ. და აი აქ, მოდგმათა გამასხვავებელი ნიშნების გამორკვევისას, საოცარი სურათი წარმოგვიდგება: დადგენილია სხვადასხვა მოდგმისთვის ათვისების, შემოქმედებითი უნარის და გონებრივი ნიჭის გარკვეული ზღვარი და ზღუდე, დადგენილია ამ მოდგმათა მორწმუნეობის ხარისხი და ხასიათი, გარკვეულია ამა თუ იმ მოდგმის ხალხების ბუნებრივი, თანდაყოლილი მიდრეკილება ერთ წერტილზე გაყინვისა, უძრაობისა ან კიდევ მათი ლტოლვა-მისწრაფება პროგრესისა და სოციალური განვითარებისაკენ. გამოდის ხალხთა ბედისწერის წინდაწინვე დადგენის მსგავსი რაღაცა: ერთნი რატომღაც დაჩაგრულნი არიან განგებისაგან, მეორენი ვერა სცილდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების პრიმიტიულ ფორმებსა და გონებრივი განვითარების უსუსურ ყოფა-მდგომარეობას; მაშინ როდესაც ერთნი ყოველთვის გულგრილნი არიან რელიგიის მიმართ, მეორეთა ხვედრია ბედისწერისაგან დადგენილი, შეუქმნან კაცობრიობას რელიგიები, მესამენი ბედისაგან გალაღებულ-გათამამებულნი არიან და მარტო მათ აქვთ მინიჭებული ძალა და ღონე მოაღწიონ უმაღლეს ყოველმხრივ განვითარებას.
რაკი ინდოევროპული მოდგმის ნაწილი ბინადრობს უმთავრესად ევროპაში, ხოლო კაცობრიობის დანარჩენი ჯგუფები მოსახლეობენ აღმოსავლეთში, ამიტომ ამის ძალით აღმოსავლეთის ყველა კულტურის საერთო ნიშნებად ითვლება მეტად თუ ნაკლებად ერთ წერტილზე გაყინვა, კარჩაკეტილობა, წოდებათა და კლასების უქონლობა, წოდებრივისა