საქართველო XVII საუკუნის დასაწყისში
მთელი XVI ს-ის განმავლობაში საქართველო გამუდმებულს ბრძოლაში იყო. ჯერ სპარსეთთან, შემდეგ კი ოსმალებთან, რომელიც სპარსეთის ძლიერ და დაუცხრომელ მეტოქედ იქცა. შედარებით მყუდროებაში იყო მხოლოდ კახეთის სამეფო, სადაც ამის წყალობით და ლევანის (1520-1574 წწ.) და ალექსანდრე მეფის (1574-1605 წწ.) გამჭრიახობით ქვეყანა მოეშენა, მოსახლეობა გამრავლდა და ეკონომიურად მოღონიერდა. კახეთის ამდროინდელი ხელოვნების სხვადასხვა ძეგლებსაც ცხადად ემჩნევა კულტურული აღორძინება.
სულ სხვა მდგომარეობა იყო
ქართლის სამეფოში . მასაც ამ დროს გულადი და ქვეყნის კეთილდღეობისათვის დაუღალავად მშრომელი მეფე სვიმონი (1558-1600 წწ.) ჰყავდა. მაგრამ, ვითარცა საქართველოს შუაგულ დედაქალაქ თბილისის შემცველი, ქართლი მტრის საომარ ასპარეზად იყო ქცეული. განსაკუთრებით ოსმალთა ძლიერი ჯარის მრავალგზისმა შემოსევამ და მათ წინააღმდეგ სვიმონ მეფის თავგანწირულმა, მაგრამ უსწორო ბრძოლამ გააოხრა და მოქანცა ხალხი. მამაცური შეუპოვრობით უწევდა წინააღმდეგობას სვიმონ მეფე საქართველოს მტრებს, ჯერ სპარსელებს, მერმე ოსმალებს; ორჯერ ბრძოლის ველზე დატყვევებულს, უაღრესად შევიწროებულს ოსმალთაგან მაინც მას ქედი არ მოუხრია და ხარკის ძლევა არ უკისრია. სვიმონ მეფემ ისე განუტევა თავისი, საქართველოსათვის ტანჯული, სული ოსმალთა ტყვეობაში, რომ ოსმალთა მოთხოვნილებაზე თანხმობა არ განაცხადა და მონობის უღელი თავის ქვეყანას და ერს არ დაადვა.
ოსმალთა ძლევამოსილებასა და საქართველოში ნავარდობას სპარსეთის
შაჰმა აბას I-მა მოუღო ბოლო. ის დაუძინებელი მტერი იყო ოსმალეთისა და თავისი მამაცობითა და სახელმწიფოებრივი ნიჭით მან სპარსეთი იმდენად გააძლიერა და მის კულტურულ აყვავებას ისე შეუწყო ხელი, რომ სპარსეთის ოდინდელი ძლიერებისა და ბრწყინვალების სახელი კვლავ გამოაცოცხლა. დიდი სახელმწიფო მოღვაწის უტყუარ ნიჭთან ერთად მას თანდაყოლილი ჰქონდა პირადი ხასიათის ისეთი თვისებები, რომლებიც მას ხშირად ადამიანურ სახეს უკარგავდნენ და კაცურ ქცევას ავიწყებდნენ, შაჰ-აბბასი მცირე რამის გამოც ისეთს თავშეუკავებელს მრისხანებას იჩენდა ხოლმე, ისეთი ხშირად სრულებით უაზრო სისხლისღვრა, შემაძრწუნებელი ვერაგობა და შემზარავი შურისძიება იცოდა თავის მახლობელთა წრეშიაც, რომ უნებლიეთ მისი გონებრივი ნორმალურობის შესახებ ეჭვი იბადება.
საშინელი იყო შაჰ-აბასის მეფობა საქართველოსათვის და ქართული ერისათვისაც. მისი მთელი პოლიტიკა ვერაგობითა და სისხლის გაუმაძღრობით იყო აღსავსე. ჭორებისა და ჯაშუშობის ქსელის მოტრფიალე ის თავის გარშემო ისეთ ჯოჯოხეთურ მუხანათობისა, ინტრიგებისა და იჭვიანობის ბუდესა ჰქმნიდა, რომ მას ხშირად თითონაც საშუალება აღარა ჰქონდა სიმართლე შეეტყო და გაბმული მახიდან თავი დაეღწია. შაჰ-აბბასი საქართველოს, ერთის მხრით, იმიტომ გადაემტერა, რომ ქართველებმა მაჰმადიანთ მეზობელ სახელმწიფოების მძლავრების გამო თავიანთი გაჭირვებული მდგომარეობა ვითარცა ერთმორწმუნე სახელმწიფოს რუსეთის სამეფოს აცნობეს და დახმარებაც სთხოვეს. მაგრამ ამას გარდა, შინაური მტრებისა და შინათგამცემელთა მუხანათურ სისინსაც დიდს ყურადღებას აქცევდა ამბების მოყვარული შაჰი.
მრავალჯერ გამოსცადა საქართველომ აბბას I-ის მრისხანების და ვერაგობის მთელი საშინელება, მაგრამ 1614, 1616 და 1623 წწ. იყო შემზარავი. შაჰისათვის ფიცის მიცემა და გატეხა ისე ადვილი იყო, რომ მან ყოველგვარი აღქმისა და შეფიცვისდა მიუხედავად, თავისი საყვარელი ცოლის ძმაც, ქართლის მეფე ლუარსაბიც კი
1 არ დაინდო და ჯერ დაიჭირა, შემდეგ გამაჰმადიანება მოსთხოვა და, რაკი უარი მიიღო, საპყრობილეში ჩააგდო, სადაც შაჰის ბრძანებით, მოშთობილ იქნა. ამგვარადვე მან გამაჰმადიანების უარყოფისათვის აწამა კახთა მეფის, თეიმურაზ I-ის მოხუცი დედა,
ქეთევან დედოფალი . მისი მრისხანება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის საქართველოს აოხრებითა და ხოცვა-ჟლეტით არ კმაყოფილდებოდა. მან განადგურებული კახეთიდან 400.000 კომლი მცხოვრები აჰყარა და სპარსეთის სხვადასხვა ადგილას დაასახლა, რომელთა ერთი ნაწილი ფერეიდანში ეხლაც შერჩენილა და დედაენაც შენახული აქვთ. ამავე დროს, შაჰ-აბბასმა სულ მთლად დაანგრევინა ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლი, მათ შორის, კახთა მეფეების მშვენიერი
სასახლე ქ. გრემში .
შაჰ-აბბასის მიერ საქართველოს აოხრება იმ მხრივაც იყო საშინელი, რომ მისმა სიმკაცრემ შემოდგომის რთვილის სუსხივით დაჰკრა ახლად გამოღვიძებულ ქართული მხატვრული მწერლობის ჯეჯილს. სწორედ ამ დროს იწყებოდა ხანგრძლივ მიძინებული ქართული გონებრივი შემოქმედების მოსულიერება. ერთი მხრით, სეფევიან სპარსეთის პოეტური აღორძინების ზეგავლენით, მეორე მხრით, თვით ქართული ძველი მხატვრული სიტყვიერების მიმბაძველობითა და შესწავლით დაიწყო ეს აღორძინების ხანა. როგორც პირველადაც, ეხლა ფირდოუსის უკვდავი ქმნილების ქართულად გადმოთარგმნას შეუდგნენ. ძველი თარგმანი მტრების მრავალგზისი შემოსევის დროს დაიკარგა. სპარსული საგმირო თქმულებები ქართველობას იმთავითვე შეთვისებული ჰქონდა. მის რაინდულს სულს და მისწრაფებას სპარსთა საგმირო პოეზია საუცხოვოდ ენათესავებოდა და იმდენად შეესისხლხორცა, რომ თავისადაც კი ეჩვენებოდა.
შოთა რუსთაველის დაუჭკნობელი მშვენიერებით მოსილი და ადამიანთა სიბრძნის დაუშრეტელ წყაროდ ქცეული ქმნილება იყო ის სათაყვანებელი სიწმინდე, რომელსაც შეჰხაროდა და შესტრფოდა ამ აღორძინების ხანის ყოველი ქართველი მწერალი და რომლის მიუწდომელი მომხიბლავობა მათს პოეტურ აღმაფრენას