I ოქროს ემბაზი
გრემის მთავარანგელოზის სამრეკლოზე შემოჰკრეს დედო-ზარს. დინჯი, გუგუნა ხმა რხეულ ტალღებად გადაეღვარა ქალაქს, მის შემოგარენს...
გაზაფხულის კვირა დილა იყო.
გრემის ქუჩაბანდებში და ფოლორცებზე მრავლად ირეოდა ხალხი.
ნაირფერად მოფარდაგულ ქულბაქებში სოვდაგრებს ფართალი გამოეფინათ. გნიასი იდგა.
მეფის ქარვასლა და თარსა-გალავანი ვრცელ ბაზარს თავსა და ბოლოში დოვლათის ბურჯებად უდგნენ. ქალაქის ზედა და ქვედა უბნებს მიჯნავდნენ. ვაჭრობას მაზანდასა და მარილს აძლევდნენ.
ამქართა რიგებში საუქმოდ გამოწყობილ ხელოსნებს თავიანთი ნაკეთობანი თაროებზე გამოეწყოთ, ხოლო მოსუფთავებულ დაზგებზე აქა-იქ უკვე ფსონის სუფრა გაეშალათ და მუშტრის მოლოდინში ყელს ისველებდნენ.
მხოლოდ მჭედლებს არ ჩაექროთ ქურები... ვეება, თევზის ლაყუჩებივით მობუშტულ საბერველებს სძალავდნენ და უროთა ხმა მაღლა კლდეზე ამავალ გალავანს სწვდებოდა.
ცივ-გომბორის მხრიდან მობერილ ნიავს დილის ლეჩაქა ნისლი ცაში შეელალა, გრემის მთის კენწეროზე აღმართულ სასახლემდე მიეწვდინა.
უფრო ქვემოთ, ქალაქის უბნის თავში აღმართულ მთავარანგელოზის ჯვარზე, დარის სხივი კიაფობდა.
დინჯად ჟღერდა დედო-ზარი.
ერთ წუთს ყველა გაინაბა. ყველამ დააყურადა. დედო-ზარს იშვიათად დარეკდნენ ხოლმე.
ათამდე ითვლიდა ყველა - დიდი თუ პატარა, ერი თუ ბერი, მტერი თუ მოყვარე.
- დათვლას ვასწავლი ხალხსა, დათვლას! ათამდე ჩემზე იყოს... მერმე ზოსიმე ბერდიდმა და იასონ ჭავჭავაძემ ითავონ! - იტყოდა ხოლმე მთავარანგელოზის მნათე - ფილადელფოს, რომელსაც ხალხში მოკლედ ფილო მნათეს ეძახდნენ.
პირველი ათი ჩამოკვრა ყურადღებას ნიშნავდა, მეორე კი - შემთხვევისა და ხასიათის მიხედვით იყო: თუ „შვილა“ და „შვილიშვილა“ ზარებს შეაწევდა მნათე - საზეიმოს, სადღესასწაულოს ნიშნავდა რეკვა.
თუ ისევ ხმამძიმედ განაგრძობდა ზარვას „დედო“, მაშინ უკვე სამგლოვიარო, სააუგო ამბავი სჭირდა ტკბილ ალაზნის ქვეყანას.
ჰოდა, გრემის მიდამო განაბული უსმენდა ზარის მეტყველებას.
მაგრამ, აი, მტრედებივით აღუღუნდნენ, მერცხლებივით აჭიკჭიკდნენ მომყოლი და მცირე ზარები.
ყველამ ამოისუნთქა.
- ნათლობაა დღეს! ნათლობა! ოქროს ემბაზში! - ფართო შუბლზე იტკიცა ხელი მამუკა კახნიაურმა, მელოტს ირგვლივ შემორჩენილი კაუჭა თმა ჩამოისწორა და ცოლს გასძახა:
- სათინო! სათინო ჩემო, გეთაყვა, სიაუშიც დღეს მოვნათლოთ! აბა დატრიალდი, შენმა ქალობამ! ოქროს ემბაზს მოიტანენ სასახლიდანა!
მამუკამ ქულბაქებში გასატანად გამზადებული უწერი და ნაწერი ქაღალდ-ეტრატები ისევ დაზგაზე მიაწყო და მომცრო წვერ-ულვაში ჩამოივარცხნა.
- მერმეც მოვასწრებ! ვისაც ეჩქარება - აქაც მომნახავს! - ხმამაღლა შეესაუბრა თავსა და ახალუხზე ყურთმაჯებიანი კაბა გადაიცვა, ხამლის ქუსლები ამოისწორა.
- ბიჭო ზაზავ! - გასძახა მეორე ოთახში და ხმა რომ არავინ გასცა, კარიც შეაღო.
მისი უფროსი ვაჟი, ცხრა წლის ზაზა, საწერს ჩაჰკირკიტებდა, წინ, მაგიდაზე ყდაშეცრეცილი წიგნი იყო გადაშლილი. ხოლო მოგრძო ნუსხას მოქნილი გრაგნილი იატაკზე ჩამოშლოდა.
ბიჭს ენა კბილებში მოეწეწკა და კისერწაგრძელებულს მთელი სხეულის მონაწილეობით გამოჰყავდა ასოები. წიგნიდან იწერდა.
- არ გესმის, ბიჭო?! - ნაწერში ჩაჰხედა მამუკამ.
„როსტომისა და ზურაბის რკენას“ შესჭიდებოდა ყმაწვილი.
ბავშვურად, დიდი ასოებით, მაგრამ მეტად ლამაზად და სუფთად წერდა ზაზა, უფრო სწორად, ხატავდა ასოებს.
მას ამ წუთში არც ზარის ხმა ესმოდა, არც მამის სიტყვა.
- რამდენჯერ გითხარი, როცა წერ, ენას ნუ ახმარ-მეთქი! - დაბალი ხმით დაარიგა ნაამებმა მამამ.
- რა ენას? - თავი აიღო ბიჭმა, დიდრონი განცვიფრებული თვალებით შეხედა მამას, მაგრამ უმალ გონს მოეგო და დაირცხვინა.
დიდი შუბლითა და ნატიფად გამოყვანილ ცხვირ-ტუჩით მამასა ჰგავდა ზაზა. თვალები კი დედისა ჰქონდა - დიდრონი, შავწყლიანი და შავწამწამა... ფიქრით სავსე თვალები.
- აბა რა ვიცი, ზოგს ასოებს იგრე აჰყვება ხოლმე, თავისთავადა. - გუნებაში ანბანი სწრაფად ჩათვალა, მიაგნო „დამნაშავე“ ასოებს.
- ნარი და ლასი უენოდ არ გამომდის! - მერმე კი თვალები ეშმაკურად მოჭუტა და ფხეკა-რეცხვისაგან შეცრეცილ ნუსხას ჩააყოლა, - მამიკო, მითავდება.
- ეგ ჩემი ხელობაა, შვილო, არ მოგაკლებ. ოღონდ... - მაგრამ გულის სიღრმიდან ამოღებული სიტყვა აღარ დაამთავრა, ბავშვის ქება არ ჰქონდა წესად. იატაკზე ჩაკიდებულ ნუსხას ბოლო კრძალვით აუხვია, - ახლა ხელი უშვი ამას... სიაუშს ვნათლავთ დღეს.
- ვნათლავთ?! - შესძახა ზაზამ, უკან ამობრუნებული ხელით ბატის ფრთა ქოჩორზე გადაისვა, მაგიდაზე მიაგდო და წამოვარდა.
- ჩუმად, არ გააღვიძო! - ხელი შესტაცა მამამ.
ზაზა უმალ ცალ ფეხზე შეტრიალდა, ცერებზე შეიმართა, ფეხაკრეფით აკვანთან მივიდა.
- არ სძინავს! დახე, ამანაც ენა გამომიყო! - და ცერიდან ქუსლებზე ჩამოხტა ხარხარით.
- აბა, შენ ფილო მნათესთან აირბინე! ახლავ, თორემ მერმე ვეღარ შეხვალ გალავანში. როდის მოგიყვანოთ-მეთქი? გაიგე? ბატონიშვილს რომ მონათლავენ, მერმე პირველები ჩვენ დავხვდეთ!
- მაშა! მაშა! - ზაზამ