ამირანიანი -
ლიტერატურული სცენარი -
1 წყვდიადი სუფევს ირგვლივ...
სიბნელეში ამდენი ხნის ჯდომისაგან თვალებმა სრულიად დაკარგეს ძალა.
ჩამიჩუმი არ ისმის. უკანასკნელი ბგერა, რომელიც თითქოსდა სულ ახლახან გაისმა, ყურშას წკმუტუნი იყო. ვერ მიხვდა, რა მოხდა. ამას ჩამოყრილი ჯაჭვის ჩხრიალი მოჰყვა და დამფრთხალი ფრინველის ფრთხიალი... აღარც ახსოვდა ახლა: არწივი იყო თუ ჭინჭრაქა, ან იქნებ – ყორანი, საჭმელს რომ უზიდავდა ყოველდღიურად... ყველანი დააფრთხო მისმა ჯაჭვებისაგან გამოხსნამ...
რამდენი ხანია, მოჰყვება ამ ვიწრობებს და არ იქნა დასასრული სიბნელისა...
რამდენი უნდა იაროს კიდევ?..
კედელს ხელი მოუსვა. მოესმა: ქვაღრუბელა გაუსვა თითქოს ჯაჭვის რგოლს და ჩაეცინა. სმენა გამახვილებია უსაშველოდ. ახლაღა მისწვდა გონებას, რომ ეს წყვდიადი სავსე იყო ხმებით, იმდენად სავსე, რომ სიარული ჭირდა, ნაბიჯი მძიმდებოდა და ყოველი ფეხის გადადგმა საუკუნობით დაგროვილ ხმათა კედელში გავლას უდრიდა.
ამ ხმების დანახვაც იწყო თითქოს, და წყვდიადიც უკუიქცა თანდათან: წყლის წვეთი ხმაურით ჩამოცურდა კლდეზე, მოსწყდა კლდის პირს და უფსკრულში ჩაინთქა დგრიალით...
იელვა...
სიმხურვალისაგან გადამსკდარი მიწა გამომხმარ ხახას აღებს...
ისევ იელვა...
გაიხსნა ხახა ქვესკნელისა და ავარვარდა გარემო. მკვეთრმა სინათლემ დააბრმავა უეცრად. და ერთხანს კიდეც შედგა გაოგნებული... მერე ისევ ჩაიძირა სიჩუმესა და წყვდიადში...