ყოფნა-არყოფნა - აზმა პირველი - მორღვეული კარიბჭეები
ნაჯვარი სისხლი
პიეტრო დელა ვალე რომის პაპს - ურბანუს მერვეს:
„უნეტარესო მამაო!
ქვეყანა, რომელსაც დღეს ჰქვია საქართველო, შეიცავს ყველა იმ მხარეს, რომელთაც ძველი ხალხები უწოდებდნენ კოლხეთს და იბერიას; იგი მიითვლის აგრეთვე სომხეთსა და ალბანეთის ნაწილებს... ამ სახით საქართველოს უჭირავს სულ ის ქვეყანა, რომელიც იწყება შავი ზღვის აღმოსავლეთის ნაპირიდან და აღწევს თითქმის კასპიის ზღვამდე... მთელი ეს ქვეყანა დღეს ხმარობს მხოლოდ ერთს მისს საკუთარ ენას, რომელიც ყველა იქ მცხოვრები ხალხების საზოგადო ენაა. ქართველებს, განსაკუთრებით თავადაზნაურებს, ფრანგი წარჩინებულების მსგავსად, უფრო სოფლებში ცხოვრება მოსწონთ, ვიდრე ქალაქებში. აღმოსავლეთის ბარბაროსულ ხალხთაგან განსახვავებით, ქართველებს, ჩვენ, ევროპელთა მსგავსად, ჰყავთ თავისი თავადაზნაურობა, რომელსაც ჰსცნობენ და არჩევენ მდაბიო ხალხისაგან... თავად-აზნაურები, ვამბობ მე, არ ჰსცხოვრობენ ქალაქებში. მათი აზრით, ქალაქებში უნდა იცხოვრონ მდაბიო ადამიანებმა - ხელოსნებმა, ვაჭრებმა, აღებ-მიცემობის საქმოსნებმა. ეს აზრი ისე გავრცელებულია ქართველებში, რომ იმისთანებსაც, რომელნიც არ არიან აზნაურები, ეძაგებათ ქალაქში ცხოვრება და ხელოსნობისა და ვაჭრობის ვარჯიში. როგორც ხელოსნობას, ისე ვაჭრობას ქართველები უთმობენ უცხო ქვეყნელებს, მაგალითად, სომხებს და ებრაელებს, რომელნიც ბლომად არიან მათს ქვეყანაში... თვითონ კი თავის ცხოვრებას ატარებენ ომში და მიწათმოქმდებაში... სოფლის მამული, ბევრი თუ ცოტა, თითქმის ყველას აქვს. ამიტომაც ძველი ბერძნები საფუძვლიანად უწოდებდნენ ქართველებს „გეორგოსს,“ რაც მიწის მუშაკს ჰნიშნავს... ამ ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ჯორჯიას და იქაურები კი საქართველოს, უწინ ჰფლობდა მხოლოდ ერთი მეფე, ხოლო ახლა...
..................
დამდგარა მეჩვიდმეტე საუკუნე
ისევ ატუზულა მარად დაულევნელი სიკვდილის აჩრდილი ქართულ კერასთან.
ისევ ბოროტობს მრუდე ქარი ქართულ ცისგვამში.
მცხეთის წმინდა მიწას შერთვია მამა-შვილი - ლუარსაბ და სვიმონ დიდ-მოწამენი, უპირველესი გმირები მრავალგვემული სამშობლოისა, უიღბლო ეპიგონები ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებლისა და გიორგი ბრწყინვალისა.
ავთვისებიანი ოსმალური მარწუხები ჩაჰრფენია და ჩასჭიდებია საქართველოს და სრულიად კავკასიას.
საქართველო არის ისევ დაწიწკნილი და „დაპანტული“ ცალკე „საქართველოებად“.
ქართლში მეფედ ზის ძე სვიმონ დიდისა - გიორგი მეათე 1600-1605 წწ.
კახეთში - ისევ ალექსანდრე მეორე 1574-1605 წწ.
იმერეთში - როსტომ კონსტანტინეს ძე 1590-1605 წწ.
ოდიშ-აფხაზეთში - მანუჩარ დადიანი 1590-1611 წწ.
გურიაში - მამია მეორე გურიელი 1600-1625 წწ.
სამცხეში - აღარავინ ქართველთაგანი, რამეთუ ეს დიდებული ქართული ქვეყანა, სამშობლო დიდი რუსთაველისა, ოსმალეთს თავის პროვინციად უქცევია, „გურჯისტანის ვილაიეთად“ მოუნათლავს და მის გამგებლად ოსმალო ფაშა დაუნიშნავს.
თვითონ ოსმალეთის სასულთანოს ტახტზე ზის მეჰმედ III 1595-1603 წწ., რომელსაც იმჟამინდელ მსოფლიოში უპირველეს ხელმწიფედ მიაჩნია თავისი თავი. აკი მის წინაშე ცახცახებენ ევროპელი გვირგვინოსნები.
აკი რუსეთსაც ამოუკვეთა ფეხი კახეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან თურქეთის სულთანმა.
აკი ოსმალთა „საკუთრებად“ ქცეულა საქართველო და სრულიად კავკასია.
აკი თვითონ ერანისა და მესოპოტამიის უმეტესი ნაწილიც ოსმალთა სამბრძანებლო სამანებში მოქცეულა!
მაგრამ...
მაგრამ ნურავის დაავიწყდება, რომ ერანის ტახტზე დაბრძანებულა შაჰ აბასი - ბადალი ლეგენდარული კიროს დიდისა, სპარსთა სახელმწიფოს ოდინდელი დამაარსებლისა.
მას ჯერ კიდევ არ უთქვამს თავისი სიტყვა, - სიტყვა, რომელმაც მსოფლიო უნდა შეარყიოს.
მალე კი იტყვის. რამეთუ მას გვერდით უდგას ქართველი - ალავერდიხან უნდილაძე.
..................
ნაჯვარი სისხლი დაედინება შაჰ აბასის ძარღვებში - სისხლი ქართველ მესხისა - და თურქმან-ყიზილბაშისა.
ხოლო, ნაჯვარი სისხლი მრავალმღელვარე, მრავალსახე და ზომიერებადარღვეული ხასიათებით აღსავსე სულს დაჰბადებს ხოლმე.
ალბათ ამიტომ დაბუდებულა „ერანის ლომის“ სულში ესოდენ ერთიმეორის მომტერე თვისებანი: ნიჭიერება და უგუნურება, სიქველე და სიბოროტე, სიმამაცე და სიმხდალე, ვაჟკაცური პირდაპირობა და ლაჩრული მუხანათობა, უშურველობა და შურიანობა, ანგარიშიანი წინდახედულება და ანგარიშგაუწყობელი სიბეცე, „კაცთმოყვარული“ გულმოწყალება და მარადშემართული ავზნიანი კაცთმძულვარება, ნათელგონიერი განსჯა-მსაჯულება და ყოვლად გაუმართლებელი სისხლის დამაქცევარი უსამართლობა.
დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ბრძოლის ველზე და საჭიდაო „მეიდანზე“ მავანი მხედრისა თუ ფალავნის ჭეშმარიტი ვაჟკაცობა.
მაგრამ მაინც ადამიანის „დახვეწილი“ წამების ხილვა უფრო ატკბობდა.
საგანგებო ჯალათთა დასტები ჰყავდა შაჰ აბასს - „თაჯიბიუკ“ და „ჩი-იან.“ სისხლისფერი ხალათები ემოსათ, სისხლისფერი წოწოლა ქუდები ეხურათ, წეროსა და ბუს ფრთებით გაწყობილი. შემზარავი შესახედაობისა იყვნენ - ტანად ბუმბერაზნი, მიმრეც-მომრეცნი, ნამდვილი დევები, პირად საზიზღარნი, ლოშქრიან-დორბლიანი, სისხლიანი გადმოკარკლული თვალებით, ყურებამდე ჩახეული ლაშებით, ალესილი კბილებით, მქშინავი ნესტოებით, ზარდამცემი ხმითა და ამაზრზენი სიმყრალით.
გადაჭარბებულ ჰიპერბოლად ნუ ჩათვლით, ჩემო მკითხველო, თვითონ შაჰ აბასის თანამედროვე ისტორიკოსის გუნაბადი მონათხრობს: თაჯიბიუკელი და ჩიიანელი ჯალათები პირდაპირ ჭამდნენ ადამიანის ხორცს, ერთი მეორეს ხელიდან გლეჯდნენ სიკვდილმისჯილს, ერთიმეორეს ასწრებდნენ კბილებით მოეკბიჩათ განწირულის ცხვირი, ყური, ლოყა, ძუძუმკერდი თუ