I
ძმები თავჩაქინდრული უსმენდა ალექსანდრე კახთ ბატონი შერმაზან ჩოლოყაშვილის წვრილ თხრობას. მცხეთის იძულებითი სტუმრობა მწარე სიცხადით თვალწინ ეშლებოდა, ხოლო მისი ანარეკლი და ნაძალი ღაწვებზე ხან ფითრად, ხან კი წითლად ეფინებოდა.
გულშიაც დიდი ძიძგილ-ჭიდილი ჰქონდა. თორღვას ალექსანდრე ეჯიქურებოდა დიღმისა და მარტყოფის ალექსანდრეს, ხოლო მათი საქციელის გამო კრთებოდა და სირცხვილით იწვოდა მაყვლიანის ალექსანდრე.
თითო სახელი ერწყმოდა საქმეს და სახელ-საქმედ ქმნილი თითქოს ცალკე იდო, როგორც აბრეშუმის ჭიის მოცვლილი კანი.
„რამდენჯერ უნდა ამოვიდე ახალ კანში, რამდენჯერ?“ - ფიქრობდა იგი და სიბრძნის კბილებს აღრჭიალებდა.
შემობრუნებულ, „ნასტუმრალ“ ლაშქარს სურსათი უბოძა და გრემს მოუსვლელად დაათხოვნინა სარდალს. დავით ჯანდიერი იახლა და კარის ეკლესიაში მიაკითხა ზოსიმეს.
ბერი ღვთისმშობლის ნიშში დახვდა. საკარცხულზე გულაღმა მიმჯდარ-მიწოლილიყო და საზურგეზე კისერგადაკიდებული მძიმედ სუნთქავდა.
- უძლურად გახლავთ!.. მეფევ ბატონო! - ჩუმად მოახსენა მესაწოლე ბერმა დოროთემ და ბერდიდს წყალი ასხურა, თავ-სხეული შეუსწორა, საფეთქლები ძმრით დაუზილა.
ზოსიმემ მძიმედ გაახილა თვალები. წამოწევა სცადა, მაგრამ ვეღარ დასძრა ქანცული სხეული. ჯანდიერმა ხელი შეაშველა, თავი შეუმაღლა. თვალშეღლილმა ბერმა დიდ ულვაშებზე იცნო ჯანდიერი.
- ყველასთან რომ მართალი ვიყო, შენთან მაინც მტყუანი ვარ... ცილი დამიწამებია! ცოდვა ამიღია! - ამოიოხრა ბერმა და თვალები ისევ მილულა.
მეფე არც შეუმჩნევია ბერდიდს.
ალექსანდრემ სასახლეში გადააყვანინა სნეული. დოსტაქრები დაასია.
გულისყრას ხურვება მოჰყვა, მაღალი სიცხე და ხანშეშვებით აზრის მისხლეტაც. ბერ-ეპისკოპოსნი ღამეს უთევდნენ. უწირეს კიდევაც.
„მე ვეღარ გავიმეტე და ნუთუ ახლა ხელში უნდა ჩამაკვდეს მაინც?!“ - ფიქრობდა შეშფოთებული კახთ ბატონი. მოითავებდა თუ არა მიუცილებელ საქმებს, გამზრდელს მიაკითხავდა, დაუჯდებოდა თავთით სავარძელში და შიშნეულად უსმენდა ბერის უსწორო სუნთქვას, ხშირ ამოკვნესა-ამოძახილებს. თავისი სახელიც ხშირად სმენია ალექსანდრეს, ბერის ბოდვებში ლოცვასავით მოხსენებული. კიდევ ერთ სახელს იხსენიებდა ავადმყოფი, მაგრამ ვერა და ვერ გაარკვია მეფემ... ბოლოს მიხვდა. გულმა და გონებამ ერთად უგრძნო. გაბრუნდა სასახლეში. თავის საწოლში შეიკეტა. ყველა დაითხოვა. ფიქრში ჩაჯდა, ჩაძიებით წვლილა... ვერ ამოსწურა ფიქრისა და ეჭვის ჯურღმული. ახლა ზოსიმეს შედგენილი მატიანე ამოებორკა ხელში. შუაღამემდე ფურცლა. თითქოს აქედან სურდა, ზრახვით მაღალზნეობრივი, ზოგადადბრძნული, ხოლო საქმის ძალითაც მართებული და უზიანო პასუხ-საქციელი ამოეგო, ამოეკითხა.
- ეს „სამთაგანა“ მკლავს! რა ვქნა, რომ ვერ შევათვისე, ვერ მივუსადაგე ურთიერთს?! - და ისევ ბერდიდისეულ „ალაზნის გულანს“ ხმამაღლა კითხულობდა თარიღშერჩევით.
ძუნწ სიტყვებში და ქორონიკონ-თარიღებში იყო ჩაჭედილი ახალმატიანე.
„ქორონიკონი: ჩფკ - 1520 წელი. გამეფდა კახეთს ლევან ბატონი და ისვა თანამეცხედრედ - თინათინ ასული გურიელისა, ყოვლითა სათნოებითა შემკული“.
„ქორონიკონი: ჩფნ - 1558 წელი... გარნისს გაუმარჯვდა ქართლის ლაშქარს ყიზილბაშთა ზედა... ხოლო მოიკლა ომში ლუარსაბ დიდი და გამეფდა ქართლს სვიმონ ძე ლუარსაბისი, უფროსი... და ესვა სვიმონს დედოფლად - ნესტან-დარეჯან, ასული ლევან კახთა მეფისა, ნაშობი შამხლის ქალისაგან, რომელიც ისვა ლევან ბატონმა შემდგომ თინათინისა“.
„ქორონიკონი: ჩფთ - 1569 წელი... სვიმონ მეფე ქართლისა ტყვედ ჩაიგდეს სპარსთა, შეამწყვდიეს ალამუთის ციხეს, რამეთუ არ ისურვა განდგომა რჯულისაგან“.
„ქორონიკონი ჩფოდ - 1574 წელი... მიიცვალა სახელოვანი მეფე კახთა ლევან და იქნა მის შვილთა ძმათაშორისი შუღლი და ომი... თორღვას მისცა გამარჯვება ღმერთმან ალექსანდრეს და გაბატონდა“.
„ქ-ნი ჩფოც - 1578 წელი. ლალა-ფაშა შემოესია სამცხეს. სრულად დაიპყრო. ქართლიც დაიჭირეს ოსმალთა... ხოლო დაუზავდა კახთ ბატონი მტარვალთა და ათავისუფლეს სვიმონ მეფე ირანელთა საწინააღმდეგოდ ხონთქრის ლაშქრისა და მოვიდა იგი ქართლს, ხმალი აიღო ოსმალთა წინააღმდეგ...“
„ქ-ნი ჩფპ - 1580 წელი. იქნა ომი შამხალთან და ერთობლივ სხვა მურზებთან თუ ჩერქეზთ ბატონებთან და გაუმარჯვდათ კახთა“.
„ქ-ნი ჩფპბ - 1582 წელი, ალექსანდრემ კახთ ბატონმა ფარულად გაილაშქრა...“
ხელნაწერი აქ წყდებოდა... და სწორედ ის იყო სათაკილო ვაივარამი - რა ჩაიწერებოდა ამის შემდგომ... და ჯერ დაუწერელ, თეთრ, თვალაუხელ სტრიქონში თავისი ბრმა და შავი ნასაქმარი თვალნათლივ დაინახა.
ალექსანდრემ დახურა „ალაზნის გულანი“, სარკმელში გაიხედა. გრემის ციხე-დილეგი და გალავანი ალაზნის მატიანეს თითქოს აგრძელებდა, კირ-სისხლით დაწერილ სტრიქონივით გაჰყოლოდა ცისა და მთის კაბადონს.
- ჩვენც ჩავწეროთ! - დაასკვნა, ხელი მოაფათურა, თითქოს ეჭვის აბლაბუდა მოიშორა და ნიშან-შუქი გადგა სარკმელში.
მალე დილეგის სარკმელშიაც აენთო საპასუხო შუქი.
დიდ ხალს უკან შეფარული განჯინა და შიდა კარი გამოაღო, ნაბადი მოიგდო და საიდუმლო გვირაბში შუქი და ყაბალახი შეიძღვანია.
ფართოდ განშტოებული ქსელიდუმალა სავალი იყო გრემ-ციხე ქალაქსა და ორთავ სასახლეს შორის. ალექსანდრეს ჯერ კიდევ მამისაგან ჰქონდა გაგონილი: „მეფის საწოლის ბუმბული - საიდუმლო სავალიაო“.