XXV
დანართი „ალაზნის გულანისა“ „მე ბერმან - ზოსიმე, აღვწერე ესე დანართი „ალაზნის გულანისა“, რამეთუ ადამიანთა მეხსიერება, მათ სიცოცხლეზე უმოკლე არს... მით უფრო თაობათა მეხსიერება... ხოლო ყოველი შთამომავალი და მისხის-მისხი, ვალდებულია იცოდეს გარდასულ ჟამთა და ჰამბავთა არსი და ქორონიკონი...
დაუწერავი კი დაკარგული არს, ისევე როგორც ტყუილად დაწერილი - ამაო! ერის მატიანე, მისივე პირუთვნელი სამხილავია... და ვაი მას ვისაც აღარ სწადს გარდასულ ჟამთა და საქმეთა სარკეში შთახედვა, განსჯა, მომავალ დღეთა სათვალისწინოდ და წარსამართებლად!
ვინც თავისი ერისა და მატიანის გარეშე მცონარად ცხოვრობს იგი ყველაფრის ღირსია... ხოლო ჩვენ კი დავიდუმებთ... აღარას დავდებთ... რამე თუ მათ თავისი არარაობა ეყოფათ სასჯელად!“
„1603 წელსა მარიამობა თვესა... ელჩებმა ალექსანდრე კახთ ბატონისა და რუსთ ელჩებმა გადავლეს მთა კავკასისა, ჯვარბიდარით და დარიალანის კარითა... აქ დახვდნენ რუსნი ბადრაგნი. სიფრთხილითა და კრძალვით აიარეს თერგი, რომელ არს - ლომეკ... და ზღვა კასპიისა, უდიდეს მდინარის - ვოლგის ავლით - ვიდრე აშთარხანამდე“...
„1603 წელსა ენკენის თვესა... და მოშენებულა ქალაქი აშთარხანი ფრიად. აბრეშუმის პარკის, ნაირ-ნაირი ბეწვეულისა და მეტადრე თევზის დიდი ბაზარი არს ქალაქში და გალავან გარეთ, ...და ელჩები წყალ-აღმა გაემგზავრნენ ვიდრე ყაზანამდე“.
„1603 წელსა ღვინობის თვესა... განუტევა სული რუსთა ელჩმა იოვანე ნაშჩოკინმა. და იყო ვაჭარ უფრო, ვიდრე ელჩი... და ნურღა ვიტყვით აუგსა მიცვალებულსა ზედა... შეუნდოს!
ხოლო დანარჩენნი წარემართნენ დიდსა ქალაქსა ნოვგოროდსა. მიაღწიეს ფრიადისა ჭირთა თმენითა... გაყინულ და მაშვრალ ქორონიკონსა - ჩ ქ გ - 1603 წელსა ქრისტეშობის თვესა 7 დღესა... და გამოეცხადა ქართველ ელჩებს აქა ლოდინი უმაღლესი ბრძანებისა. ხოლო რუსთ ელჩი ლეონტიევი, იგიც იოვანე, წარვიდა მოსკოვს.
„...გამოხდა ჟამი და მოვიდა ბრძანება ქართველ ელჩების მოსკოვს წასვლისა... და მომზადდა მარხილნი საფერონი, დათვის ტყავნი და სხვა საგებ-სათბურები, რამეთუ იყო თოვლი დიდი და ყინვა ქარბუქიანი ფრიად, სულის შემკვრელი. და მივედით ქალაქს ვოლოდიმერს თებერვლის თვესა... ქორონიკონსა, ქრისტესით - 1604 წელს... ჭეშმარიტად დაუმთავრებელი სიკვდილია - ჩრდილოს ყინვა!“
„1604 წელსა მივიდნენ ელჩები, უდიდესს ქალაქსა - სატახტოსა - მოსკოვს, თებერვლის 16 დღესა... ქვეყნის გაჩენიდან ქართულით - 7208. ბერძნულ-რუსულით - 7112 წელი.
„და იქნა თათბირი მრავალი და წვევა დესპანთ პალატში... ივერთ ამბების გამოკითხვა, ძიება და რკვევა ფრიადი და მიუდგომელი.
...და სთქვა დარბაზის აზნაურმან მიხაილო ტატიშჩევმა, კაცმან ფრიად მეტყველმან და კეთილშობილმან, რამეთუ „ღვთის ბრძანებით რუსეთის მეფის ხაზინა იმდენი არს, რომ ბრძანებს და ივერთ მიწას ვერცხლით მოვაფრქვევთ, ხოლო ოქროთი დავხურავთ და არც ეს არის ძვირი“...
„ხოლო მარტის 4-სა დღესა ივერთ ელჩები იყვნენ წვეულ ოქროს პალატში, ტახტსა მისა - ბორის გოდუნოვისა... მარჯვნივ უჯდა ძე თვისი - თედორე. ირგვლივ მრავლად მისი დიდებულნი - ბოიარნი და მათი ძენი. და გადასცა ბერმან - ელჩმან აჯის სიგელი ივერთა მეფისა ალექსანდრესი... და იყო პატივი და გამოჩინება ფრიადი.
„მარტის 12-სა დღესა, თავად ეწვივნენ კახთ ელჩებს, დარბაზის აზნაური ტატიშჩევი და მწიგნობარი კლობუკოვი, აუწყეს რომ უზენაესად ირწმუნეს და იაჯეს სიგელი ალექსანდრე ივერთ მეფისა და მისი ელჩების განმარტებანი, უკუაგდეს ცილისწამებანი... ნაელჩარ იოვანე ლეონტიევს უზენაესად მიუსაჯეს „ვაჭრული სიკვდილი“ - რომელ არს განკვეთა ყოველ უფლებათაგან...
... და ეაჯა კახთ-ელჩი პატიებად ნაელჩარისა, რამეთუ დასჯილი - უგნურ არს და არა ბოროტ!..
„იოვ-პირველპატრიარქმან სრულიად რუსეთისა ღვთისმშობლის ტაძარში ილოცა და ალოცა კახთ ელჩები ფრიადი სასოებითა. ასმენინა ლოცვაი... „განათლდი, განათლდი ახალო იერუსალიმ!“
აშიაზე მინაწერი:
...დაიღალა ჩემი უძლური სხეული ამდენ სწრაფვითა და გზითა... და რაღაა იგი საშველი. უკეთუ მას ასეთი უსაშველო გზა შორავს!
აშთარხანს იქით გზად ხმელეთი იყო თქმული... ზღვაზე მეკობრე კაზაკები უფრო მომრავლებულან... მაგრამ მე ვეღარ ჩავაღწევ ალბათ... უნდა ჩავაღწიო კია და ახალი იმედი ჩავიტანო... ახლა კი ნამდვილად მოდის რუსთ ლაშქარი ტარკას ასაღებად...
გზად ლაჩინ-ბეგს, შაჰ-აბასის ელჩს გავასწარით... ოღონდ თუ ჩავაღწიე... მე ხმელეთით ვერ ვივლი, ვერა... ცხენზე ჯდომა და ამდენ უდაბურ გზის გადავლა აღარ შემიძლია“...
„...რუს-ქართველი ელჩები აშთარხანიდან კატარღებით გავიდნენ. ზღვაზე დიდი ღელვა და მეკობრე კაზაკთა თავდასხმა განიცადეს. ბადრაგმა დაიცვა ელჩობა და მისი ქონება. რუსთ ელჩმა ტატიშჩევმა გმირობა და თავდადება გამოიჩინა“.
სქოლიოში მინაწერი:
„ჰე, სადა მყავს ზაზა-ელჩი, რომ გაასრულოს ჩემი „გულანი“?!
ზოსიმე ბერმა უკვე აშთარხანში გაიგო თერგიდან მოსული არეული ჭორ-მართალი - „ალექსანდრე მეფის ერევანს, ომში წასვლისა და იქ შაჰ-აბასის მიერ მისი მოკვლის შესახებ“... გული შეუტოკდა, მაგრამ გონების