წინათქმა ივანე ჯავახიშვილი
(1876 -1940)
ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია ხუთ ტომად“ გამომცემლობა პალიტრა ლ-ის პროექტია. გამოცემის საფუძვლად ავიღეთ ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა 12-ტომეულის I-III ტომები და დავამატეთ ივ. ჯავახიშვილის სხვა თხზულებები, რომლებიც ავსებს „ქართველი ერის ისტორიას“.
„ქართველი ერის ისტორია“ ქართული ისტორიოგრაფიის დიდი მონაპოვარია და მას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ამ ნაშრომის I წიგნი ერთი საუკუნის წინ, 1908 წელს, გამოიცა, მაგრამ მას დღემდე არ დაუკარგავს თავისი სამეცნიერო მნიშვნელობა. მართალია, ახალი წყაროებისა და აღმოჩენების საფუძველზე ბევრი საკითხი უკვე ახლებურადაა გააზრებული თუ დაზუსტებული, მაგრამ დიდი ივანეს დაკვირვებები, ამა თუ იმ მოვლენის მისეული ინტერპრეტაცია დღემდე ფასდაუდებელია.
ივ. ჯავახიშვილის გეგმის მიხედვით, „ქართველი ერის ისტორია“ ოთხ წიგნად უნდა გამოსულიყო. პირველი წიგნი მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან VII ს. პირველ ნახევრამდე, ანუ არაბების ბატონობამდე. მეორე წიგნში გადმოცემულია საქართველოს ისტორია არაბთა ბატონობის დამყარებიდან (VII ს. 50-იანი წლები) თამარის მეფობის ჩათვლით. მესამე წიგნი გამოიცა 1941 წელს და მასში მოთხრობილია XIII-XV საუკუნეების საქართველოს ისტორია. მეოთხე წიგნში უნდა შესულიყო XVI-XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორია. ნაშრომის ერთი ნაწილი 1924 წელს დაიბეჭდა კიდეც, თუმცა მისი დასრულება ავტორმა ვერ მოახერხა. დიდი მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ, მის არქივში დაცული მასალები გაერთიანდა და 1953 წელს გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ეს ნაშრომი სრული სახით, პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, სწორედ წინამდებარე გამოცემაში შევიდა.
შევეცადეთ, ეს გამოცემა შეგვედგინა ივ. ჯავახიშვილის ზემომოყვანილი გეგმის მიხედვით. მხოლოდ მესამე წიგნს ვყოფთ ორ დამოუკიდებელ ტომად. გამოცემა გათვალისწინებულია საზოგადოების ფართო წრისთვის, ამიტომაც მაქსიმალურად განვტვირთეთ ტექსტი უცხოენოვანი ციტატებისგან. სრულად დავტოვეთ 12-ტომეულის აკადემიური გამოცემის კომენტარები, თუმცა დავამატეთ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული ახალი ინფორმაციაც.
* * *
დიდი ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11 (23) აპრილს ქალაქ თბილისში, ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში.
ივანე ჯავახიშვილის მამა თავისი დროისთვის საკმაოდ განათლებული პიროვნება გახლდათ. იგი წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, მიღებული ჰქონდა რამდენიმე სახელმწიფო ჯილდო. მეცნიერის დედა, სოფიო ვახვახიშვილი, თელავში დაიბადა და იქვე დაამთავრა ქალთა სასწავლებელი.
ივანეს ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა: ორი და და სამი ძმა.
წიგნისადმი სიყვარული ივანე ჯავახიშვილმა ოჯახიდან შეითვისა. დაწყებითი განათლებაც მშობლებმა მისცეს. 1885 წელს ივანე თბილისის მესამე გიმნაზიაში შედის, სადაც გამოიკვეთა კიდეც მომავალი მეცნიერის მისწრაფება, უფრო ღრმად დაუფლებოდა ჰუმანიტარულ საგნებს. გიმნაზიის წლებშივე ივანე ჯავახიშვილი მონაწილეობდა პირველ „ექსპედიციებსა“ თუ „არქეოლოგიურ გათხრებში“ - მამასთან ერთად შეისწავლა რკინის ტაძარი, თავის თანატოლებთან ერთად კი არდადეგებზე სოფ. ხოვლეს ნასოფლარზე გათხრებიც აწარმოა. ასე რომ, გიმნაზიის გასრულებისას ივანე ჯავახიშვილს უკვე გარკვეული ჰქონდა, რომ პროფესიად ჰუმანიტარულ მიმართულებას აირჩევდა.
1895 წელს, ივ. ჯავახიშვილმა სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე. მას პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ალ. ცაგარელი, სომხურ ენასა და ლიტერატურას - ნ. მარი, სპარსულ ენასა და ლიტერატურას - ვ. ჟუკოვსკი, აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას - ნ. ვესელოვსკი, სირიულ ენას - პ. კოკოვცოვი და ა.შ. უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილს ურთიერთობა უხდებოდა რუსული აღმოსავლეთმცოდნეობის ისეთ კორიფეებთან, როგორიც იყვნენ ვ. როზენი და ვ. ბარტოლდი. სტუდენტობის წლებში დაუახლოვდა ივანე მეორე ცნობილ ქართველ მეცნიერს ნ. მარს. ეს უკანასკნელიც დიდად აფასებდა ახალგაზრდა ივანე ჯავახიშვილს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. იუსტინე აბულაძე 1896 წელს ერთ კერძო წერილში წერდა: „მეორე კურსზე არის ერთი ჯავახიშვილი, ძალიან მუყაითი ყმაწვილი, რომლისაც ძალიან მადლიერია ცაგარელიც და ნამეტურ მარრიც, რომელსაც მეტისმეტად აქებსო.“ მართლაც, ივანე ჯავახიშვილი სტუდენტობიდან ჩაება აქტიურ სამეცნიერო საქმიანობაში. ცნობილმა აღმოსავლეთმცოდნემ ბ. როზენმა და ნ. მარმა სწორედ ახალგაზრდა ივანეს ანდეს „სიბრძნე ბალავარისას“ რუსული თარგმანი, რომელიც 1899 წელს რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების აღმოსავლეთის განყოფილების ჟურნალში (#11 ტომში) დაიბეჭდა კიდეც. ეს იყო მომავალი მეცნიერის ერთგვარი სამეცნიერო ნათლობა. ამას მოჰყვა მისი ნაშრომი „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“, რომელიც უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა და მოგვიანებით რუსეთის სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალში დაიბეჭდა.
1899 წელს ივ. ჯავახიშვილმა უნივერსიტეტი დაასრულა და დატოვეს საპროფესოროს მოსამზადებლად. 1901 წელს „ქართული სიტყვიერების მაგისტრის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს უნივერსიტეტმა მივლინებით ბერლინის უნივერსიტეტში გაგზავნა. ცნობილი სპეციალისტების ლექციების მოსმენის პარალელურად, ივანე ჯავახიშვილი აქტიურ სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. პროფ. ა. ჰარნაკის ხელმძღვანელობით, მან მოამზადა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ გერმანული თარგმანი გამოკვლევითურთ, რომელიც დაიბეჭდა კიდეც 1901