წინათქმა -
სიკვდილის, ენისა და ისტორიის შესახებ „ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი...“
აღდგომის საგალობელი
„ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა,
და შენც, სიკვდილო, ფასი გძე
სიცოცხლის ნაწყენობითა...“
ვაჟა-ფშაველა
სიკვდილის შესახებ კითხვა ორი ფორმით იჩენს თავს: რა არის სიკვდილი? დდა – რა ხდება სიკვდილის შემდეგ: არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ეს უკანასკნელი კითხვა, რომელიც თან სდევს როგორც ერთეულ ადამიანს, ისე მთლიანად კაცობრიობას, ფაქტობრივად, სიცოცხლის უკვდავების შესახებ არის დასმული და თვით სიკვდილის არსებას და რაობას ნაკლებად ეხება. ყველა შემთხვევაში, სიკვდილის ფაქტი ერთმნიშვნელოვან და თვითცხად ფაქტთა რიგს მიეკუთვნება. რელიგიები და კულტურის მატრიცები სიკვდილის ამ არსება-ფაქტობრიობის მიმართ იძენენ ფორმას: თუ როგორ ფლობენ ამ თემას და რა მნიშვნელობას ანიჭებენ მას ადამიანის ყოფიერებაში...
ბუდას პირველი შეხვედრა სიკვდილთან და მასზე დაფიქრება ხდება მისი გზაზე შედგომისა და, საბოლოოდ, განათლებულობის წყარო, განათლებულობა კი მისი რელიგიურობისა: სიკვდილზე ფიქრი აქ და ახლა არსებობის წინაშე წარმოშობილი კითხვების გადაწყვეტაა და არა სიკვდილსშემდგომი ცხოვრების რაობის გარკვევა, რადგან „იქით-და-შემდეგ“ ყოფიერების შესახებ ფიქრი „აქ-და-ახლა“ არსებობისათვის არაფრის მომტანი არ არის თავისთავად. იქითურობაც თვითცხადი ყოფიერების სახით ანუ რწმენით უნდა მიიღო, არსებობის აქსიომად. თუ არსებობ, არსებობ აქ-და-იქ. კითხვა უკვე იმას შეეხება, თუ როგორ არსებობ? რა ფორმით?
ფორმის საკითხი უშუალოდ ეხება ყოფიერების ტოპოლოგიას ანუ საზღვრულობას, წყობას, განწყობას და მხებობას, ანუ ურთიერთშემხვედრობა-ურთიერთქმედებას.1 ყოფიერების სტრუქტურა ისეა წყობილი, რომ ყოველი წერტილი სივრცისა და დროის ტოპოლოგიურ მატრიცაში პოვებს თავის საზრისსა და არსებას იმით, რომ ის სწორედ ამ ადგილას და სწორედ ამ დროს, სწორედ ამგვარ მხებობაში არსებობს. სხვა ადგილას, სხვა დროს და სხვა მხებობაში მას შეუძლებელია, ჰქონდეს არსებობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არის – აქ-და-ახლა... მე ვფიქრობ, ამ ალაგზეყოფნიდან გამომდინარეობს ყოველი ინდივიდუალური ყოფიერებისა და არსებობის განუმეორებლობა და ფასეულობა. ამ ფასეულობის განმსაზღვრელ-დამდგენი ცხოვრებაში არის შეხვედრა. არსებობა, ფაქტობრივად, შეხვედრათა ფორმით იძენს საზრისს და არსებას, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობა წინ უსწრებს არსებას; ქმნადობა – ქმნილობას.
შეხვედრა, ქართული სიტყვის სიღრმითი მნიშვნელობით, ხვედრის, წილის, ბედის თანაზიარობაა.დ ხოლო, თუ ეს შეხვედრა-თანაზიარობა არ მოხდა, რა საზრისი უნდა შეიძინოს არსებობამ? და ან ვის სჭირდება ამგვარი არსებობა? ამიტომაც ვფიქრობ მე, რომ ფორმა შეხვედრისათვის განწყობას ნიშნავს... ეს მეტად მნიშვნელოვანი მეტაფორა, ადამიანის და სამყაროს ურთიერთმიმართების თვალსაზრისით, რადიკალურ ეკოლოგიურ მეტაფორად შეიძლება იქნეს განხილული. რადიკალური ეკოლოგიური თვალსაზრისი კი თანამედროვე ინტეგრალური და ჰოლისტური ხედვის არსებითი გამომხატველია. მე ამ თვალსაზრისს „ვაჟა-ფშაველას მეტაფორას“ ვუწოდებ.
მთლიანად სამყაროც, ალბათ, ამგვარად არის წყობილი და ფორმადქცეული. სამყაროს ამგვარი წყობა და განწყობა მიგვანიშნებს, რომ არსებულობა განსაზღვრავს ყოფიერებას და არსებობა შეხვედრისათვის განწყობილ ფორმას აქვს მხოლოდ. ფორმა ყოველთვის თავისთავის ტოლია, იგივეობრივია. იმას, რასაც ფორმა არა აქვს, არა აქვს არც არსებობა, ანუ არარსებულია, რაც, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ მას არა აქვს არც ყოფიერება – ქმედითად დაარსების შესაძლებლობა. ამ გაგებით, მაგალითად, ქაოსი, არის ყოფიერების გარკვეული ფორმა და, ამდენად, არსებული. არავითარი სხვა შესაძლებლობები, როგორც ჩანს, არ არსებობს: „მხოლოდ არსებული არსებობს“, ანუ მხოლოდ ის არსებობს, რასაც აქვს ფორმა და რაც ყოველთვის არის იგივე თავის შეხვედრისათვის განწყობაში... ამ თვალსაზრისით, შეუძლებელია, „იგივე“ არსებობდეს „არა-იგივედ“, „სხვად“.2
მთლიანად კოსმოსს – „ბიგ-ბენგიდან“ აქტუალურ გაფართოების ქმედით წერტილამდე – სრულიად განსაკუთრებული და ერთჯერადი ფორმა აქვს. ამ ფორმის სტრუქტურა და ტოპოლოგია განსაზღვრავს ამ კოსმოსის ყოფიერებას მის ყოველ წერტილში (რეალურ და შესაძლებლობათა ტოპოლოგიურ ველში). მისი ზემოქმედება ფორმის ნებისმიერ სტრუქტურაზე დამოკიდებულია იმ მასშტაბზე, რომელიც აქვს კოსმოსს. ხოლო კოსმოსის ფორმა გულისხმობს იმას, რასაც „მრავალგანზომილებიანობა“ ეწოდება და რაც სწორედ „აქ-და-იქ“ არსებობას ნიშნავს. სხვაგვარად: სხვადასხვა განზომილება სხვადასხვა რიგის ყოფიერების სივრცეა და ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლა, ან ერთის ურთიერთმოქმედება მეორესთან არ ექვემდებარება ნებისმიერი განზომილების შინაგან კანონზომიერებებს. „გადასვლათა კვანძები“ მეტად სპეციფიკური ხასიათის და ტოპოლოგიის მქონეა. მითოლოგიაში ეს აღწერილი იყო, როგორც „სხვადასხვა განზომილებაში ერთდროულად ყოფნის შეუძლებლობა“ ან „გადასვლათა სიძნელე“, ან „მოგზაურობა სა-იქი-ოში“ და ა.შ. მრავალგანზომილებიანობას ხედვის სხვადასხვა ფორმები ახასიათებს და მაკავშირებელი გვირაბების სრული არაკორელაციურობა – ხოლო ყოველივე ერთიან (ინტეგრალურ) კოსმიურ იგივეობრივ ყოფიერებას წარმოადგენს.
თუ ყოფიერება იგივეობრიობის ნიშნით არ არსებობს აქ-და-იქ, მაშინ ფორმა „უფორმოა“, ანუ ქმედით არსებობას მოკლებული, რაც შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს და უაზრო გამოთქმად იქცევა. ეს შესანიშნავად იცოდნენ მითების მთხზველებმა