წინათქმა -
-
ზოგი რამ „ქართული რენესანსის“
შესახებ
ზეაღსვლა, რომელიც განხორციელდა დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფემდე – „ოქროს ხანა“ – დაგვირგვინდა ორი მნიშვნელოვანი მოვლენით: ყუთლუ-არსლანის წინარეკონსტიტუციური მოთხოვნებით (ხელისუფლების გადანაწილების, „კარვის“ წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ინსტიტუტის დაარსების და მეფის კარის აღმასრულებელ ხელისუფლებად ინსტიტუციონალიზების – მეფის მიერ „მოწონების“ და „დამტკიცების“ – დღევანდელი „ვეტოს“ უფლებით); და რუსთველის „ვეფხისტყაოსნით“.
ბუნებრივია, ყუთლუ-არსლანის დასის მოთხოვნები კონსტიტუციური მონარქიის და ინსტიტუციონალიზების მხოლოდ ნერგი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ეს იყო, ჩემი აზრით, ერთადერთი სიახლე და იმ გზის ლოგიკური გაგრძელება თუ გასრულებაა, რომელზედაც იდგა საქართველოს სახელმწიფო („ქართველი ერის კავკასიის იმპერია“) დემეტრე დავითის ძის დროსაც. როგორც პირველ წიგნში შევეცადე მეჩვენებინა, ეს სვლა შეწყვეტილ იქნა გიორგი III-ის მიერ სამეფო ტახტის უზურპირებით. გიორგი III უეჭველად ძლიერი მეფე იყო, მაგრამ ის არ იყო „ღმრთით დანაბადი“, მასში არაფერი არ იყო იმ ეპოქიდან, რომელშიც დაჯდა ტახტზე. იგი წარსულს ეკუთვნოდა, იმ ტომობრივი წყობის ეპოქას, როდესაც მართვის სადავეები „ბელადებს“ ძალით და ძალაუფლებით ეპყრათ და არა ხელისუფლებით, რასაც გულისხმობდა არა მხოლოდ ქრისტიანული და უნივერსალური სამეფო წყობა, არამედ გიორგი ჭყონდიდელისეული „ქართლის ცხოვრების“ სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფია და დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა. „ქართველი ერის კავკასიის იმპერიის“ გზა ძალაუფლების ხელისუფლებით ჩანაცვლების და ინსტიტუციონალიზების დასაწყისი გზა იყო. ამ ხედვით, თამარის გამეფება და ტახტზე ხელმეორე დამტკიცება იყო საქართველოს (და კავკასიის!) დიდებულთა (არისტოკრატიის) ცდა, კავკასიის იმპერია და თვით საქართველო დაებრუნებინა ქრისტიანული ხელმწიფების და გიორგი ჭყონდიდელისა და დავით აღმაშენებლის მიერ გაკვალულ გზაზე. მაგრამ ეს ცდა მარცხით დამთავრდა. თამარის მეფობაც იმავე ძველი ძალაუფლებრივი, თვითმპყრობელური, ცენტრალისტური და ანტიინსტიტუციონალური გზით წარიმართა, რომელზედაც ვიდოდა გიორგი III უზურპატორი. ერთადერთი სიახლე იყო თვით თამარ მეფის პიროვნება, რომლის მითოლოგიზებული სახე დამკვიდრდა ქართულ ცნობიერებაში, ვფიქრობ, რუსთველის და თამარის მიჯნურობის შესახებ შექმნილი ლეგენდების, „ისტორიანი და აზმანის“, „ჩახრუხაული ქების“ და თვით „ვეფხისტყაოსნის“ საფუძველზე. ამგვარად მითიზებული თამარის სახე შეერწყა დედაკაცურ არქეტიპულ ანიმას – ქალურ არქეტიპს და კრისტალურად აბრწყინდა ისტორიულ განცდაში.
XIII საუკუნეში საქართველოს ისტორიამ ჯალალედინისა და მონღოლთა შემოსევებით დიდი წყვეტილობა განიცადა. ეს გაგრძელდა თითქმის ერთი საუკუნე, რის შემდეგ, XIV საუკუნეში მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა გიორგი ბრწყინვალის მიერ. გიორგი ბრწყინვალეს კი მოჰყვა თემურ ლენგის რვაგზისი შემოსევა. ამრიგად, გიორგი ბრწყინვალის ეპოქა ერთადერთია, როდესაც შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო ქართული თეოკოსმოლოგიური მსოფლხატი, რომელიც უბისის კედლებზეა შემორჩენილი. თუ ამ ეპოქის მახასიათებლებს ამავე ჰოლოგრამული თვალით შევხედავთ და გეოპოლიტიკურ პირობებსაც გავითვალისწინებთ, XIV საუკუნე არის ბიზანტიაში „პალეოლოგიური რენესანსის“ ეპოქა, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა საქართველოს მდგომარეობაზე და განვითარებაზე. მაგრამ, ბიზანტოცენტრისტული თვალსაზრისისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ ეს ეპოქა ბიზანტიის მზის ჩასვენების და სრული ძალაგამოცლილობის ეპოქა უფრო იყო, ვიდრე „რენესანსი“, თუნდაც უკვე ისტორიის მიერ განწირულ პალეოლოგთა. რაიმე მოვლენის „რენესანსულობა“ განიზომება არა მსგავსებით რომელიმე წინარე „ასაღორძინებელ“ ეპოქასა და მოვლენასთან, არამედ შინაგანი ენერგიით, რომელიც განვითარების იმპულსებსა და ენერგიას შეიცავს, რომლის ყოფიერების ისარი წინ არის მიმართული. ამ თვალსაზრისით, XIV საუკუნის რელიგიურ ტექსტებს შორის, უბისის მსოფლხატი – როგორც საკრალური ტექსტის კედლისწერა, რომლის შესრულების ტექნიკა და სტილური მახასიათებლები მხოლოდ ტექსტის გახსნის ფუნქციას ასრულებს – საკუთრივ ქართული ქრისტიანული ხედვის ნაყოფია და სავსებით შეესატყვისება ქართულ მითო-და-თეოკოსმოლოგიურ ჰოლოგრამას, რომლის ჩამოყალიბება „ქართული ელინიზმის“ სინთეზურ ნიადაგზე XI-XIII საუკუნეებში ხდებოდა. ქართული ქრისტიანული მსოფლხატი რამდენიმე ეტაპად ყალიბდებოდა, შესატყვისად თვით ქართული ეკლესიის განთავისუფლებისა ბერძნული-ბიზანტიური გავლენისაგან. ეს პროცესი განსაკუთრებული ძალით მჟღავნდება სწორედ X-XIV საუკუნეებში და იმ წრეში, რომელსაც გიორგი ჭყონდიდელი – ახალი თაობის (დავით აღმაშენებელი) უპირატესი „თანშეზრდილი მზრდელი“ – ხელმძღვანელობდა. ყუთლუ-არსლანი და რუსთველი ამ მსოფლხატის გამასრულებელნი და ფორმის მიმცემნი იყვნენ, ხოლო უბისის ჰოლოგრამა მის აღორძინებას წარმოგვიდგენს, რაც ცხადყოფს, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გეგმა დასრულებული სახით არსებობდა. უბისის ხატწერის ტექსტი სავსებით შეესატყვისება ამ გეგმას და მსოფლხატს და არა ბიზანტიურ „პალეოლოგიური რენესანსის“ მხატვრობას და მსოფლხატს.
„პალეოლოგიური რენესანსი“ საკმაოდ სპეციფიკური მოვლენა ჩანს ბიზანტიის ისტორიაში იმ ქარტეხილების შემდეგ, რომელიც განიცადა აღმოსავლეთ საქრისტიანომ ჯვაროსნული ომებით და ბიზანტიის იმპერიის ფაქტობრივი განადგურებით. პალეოლოგები და უკანასკნელი იმპერატორები „ბიზანტიის მზის ჩასვენებას“ უფრო განასახიერებენ, ვიდრე სახელმწიფოებრივი და თეოკოსმოლოგიური ჰოლოგრამის მდგრად და ჩამოყალიბებულ ფორმას, განწყობას და ტექსტს. პალეოლოგიური დამოკიდებულება „ხატწერისადმი“, – მას შემდეგ, რაც მოხდა ბერძნული ცივილიზაციისადმი მიბმის აღდგენა, „ელინობის“ და, შესატყვისად ჰუმანისტური ელემენტების („რენესანსულობის“ ონტოარგუმენტი) არსებობის გამო –„მხატვრობად“ აღიქმება და არა – ყოფიერების ქრისტიანულ