საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთის მთავრობისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობისთანავე რუსთ ხელმწიფის წარმომადგენელნი, ერთის მხრით - სომეხ მოხელეთა დაწინაურებით, მეორეს მხრით, რუს ნასალდათართა დასახლებით ქართველთა მოსახლეობის ინტერესების შელახვასა და მიწა-წყლის ეთნოგრაფიულად აჭრელებით ქართველთა მოსალოდნელი პოლიტიკური მოძრაობისაგან უზრუნველყოფას ცდილობდენ. სომხები მათ აპოლიტიკურ ხალხად ჰყავდათ მიჩნეული და, ამასთანავე, თავიანთ ერთგულად სთვლიდენ. უკვე 1828 წლითგან მოყოლებული, როდესაც ქართველ მაჰმადიანებით დასახლებული სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი და პალაკაციო რუსეთმა ოსმალეთს წაართვა[1] და მცხოვრებნი ისეთ სულიერ განწყობილებაში ჩააგდო, რომ ქართველ-მაჰმადიანებმა თავიანთი მამაპაპეული სამშობლოთგან აყრა და ოსმალეთში გადასახლება ირჩიეს[2], გრაფმა პასკევიჩმა ქართველებს ლიხთიმერეთითგან იქ გადასახლების ნება არ მისცა და მათ მაგიერ ოსმალეთითგან გადმოსულ სომეხთაგან 30000 მცხოვრები ჩაასახლა[3]. ამ ხელოვნური საშუალებით მესხეთში, სადაც 1828 წლამდე ქართველთა მოსახლეობა 95% აღემატებოდა, 1832 წ. უკვე რუს მოხელეთა წყალობით უმრავლესობად სომხები იქცენ.
მე-XIX ს. სამოციან წლებითგან მოყოლებული რუსეთი[ს] პოლიტიკური წრეები უკვე ყოველგვარ ღო[ნ]ისძიებას ხმარობდენ, რომ ამიერკავკასია მოსახლეობით რუსულად ქცეულიყო. 1864 წ. მ. კატკოვს მარტო რუს ნასალდათართა დასახლება[4] აღარ აკმაყოფილებდა და იმაზეც ოცნებობდა, რომ რუს მთავრობას ისეთი პირობები შეექმნა, ამიერკავკასიაში მარტო ქალაქები კი არა, არა[მედ] სოფლებიც თანდათანობით რუსებით ავსებულიყო[5]. აბა, მაშინ რუსული გავლენა იქ როგორ გაიზრდებოდა ("как бы усилилось это (русское) влияние в стране, если бы допущены были условия, необходимыя для того, чтоб и села могли постепенно наполняться русскими людьми". იხ. Московские ведомости, 1864 г., N 168, ან Собрание передовых статей Московских ведомостей 1864 г., გვ. 467). ამისათვის ერთ-ერთ ხელშემწყობ საშუალებად მას კავკასიაში და, კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროზე რუს თავად-აზნაურთა გადასახლება მიაჩნდა[6] (იქვე).
მაგრამ ამ დროს რუსეთის მთავრობა რუსების ჩასახლებით პოლონეთის გარუსებას ცდილობდა, ამიტომ რუსი პოლიტიკოსები დარწმუნდენ, რომ იმოდენი ხალხი არ ყავდათ, რომ ყველგან გასწვდომოდა. ამავე ხანებში სომეხმა მოღვაწემ ქანანოვმა საკოლონიზაციოდ შავი ზღვის დასასახლებლად ოსმალეთითგან ზეითუნის[7] სომხების გადმოსახლების პროექტი წამოაყენა. კატკოვმა ამ აზრს რუს-კოლონისტების სიმცირის გამო მხარი დაუჭირა და პოლიტიკური და ეკონომიური მიზნებით მიზანშეწონილად აღიარა: სომხები ჩვენი ერთგული მომხრენიც იქნებიან და, ვითარცა ვაჭარი ხალხი, თან ფულსაც მოგვიტანენო (იქვე, გვ. 500-502). ამ აზრს, რომ ამიერკავკასიაში დასასახლებლად სომხები ყოფილიყვნენ გამოყენებულნი, ასეთი გავლენიანი რუს შავრაზმელის დასტურის შემდგომ, როგორიც კატკოვი იყო, მთავრობის ადგილობრივი უმაღლესი წარმომადგენლობაც მიემხრო და დასახლებას შეუდგა[8]. სომხებთან ერთად გერმანელების და ესტონელების ჩასახლებასაც მიჰყვეს ხელი. რუსები ცოტანი ჩანდენ. ამგვარად, ის მოხდა, რომ თავისუფალი მიწების დასახლება რუსულ საკოლონიზაციო საქმეს სრულებითაც არ ქმნიდა. და თანაც ქართველებს გაფართოების საშუალებას უსპობდა. ეს უკანასკნელი გარემოება-კი რუს პოლიტიკოსებს, რასაკვირველია, ოდნავადაც არ აწუხებდა, პირველი-კი აღონებდა კიდეც და თანაც აბრაზებდა. 1867 წ. იგივე მ. კატკოვი უკვე გაჰკივოდა: შავი ზღვის სანაპიროზე ყველას ასახლებენ მცირე აზიითგანაც, ავსტრიითგან და გერმანიითგანაც, მხოლოდ რუსები არ ჩანან, რათგან იმათაც, ვისაც სურდათ, იქ არ უშვებენო. კატკოვი საკოლონიზაციო საკითხს პოლიტიკურ-ეროვნულ საკითხად სთვლიდა და რუს მოახალშენეთა გაძლიერებას მოითხოვდა (იხ. Mоск. ведомости, 1867 წ., No 264 და 282; Co6p. Перед. стат. Моск. вед. 1867 г., გვ. 687-688).
სომხების საქართველოში ჩამოსახლების პოლიტიკის სულის ჩამდგმელად და მხურვალე და მარჯვე განმახორციელებლად ალ. და გ. ხატისოვების მამა ივ. სტეფანეს ძე ხატისოვი იყო, რომელიც 1865 წლითგან 1875 წ[ლამდე)] სახელმწიფო ქონებათა და სასოფლო მეურნეობის სამმართველოში ამიერკავკასიაში გავლენიანი თანამდებობის პირად ითვლებოდა, 1875-83 წ. კავკასიაში მეფის მოადგილესთან საგანგებო მინდობილებათა მოხელედ იყო, ხოლო 1885-93 წ. სახელმწიფო ქონებათა სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. მის დროს და მისი დახმარებით ბევრი სომეხი ჩამოსახლდა საქართველოში - ბორჩალოს, ჯავახეთში და შავი ზღვის სანაპიროს. რაკი შავი ზღვის სანაპირო პოლიტიკურად მნიშვნელოვან ადგილად ითვლებოდა, ეს ადგილიც რომ სომხებისათვის ყოფილი[ყო] განკუთვნილი, მან წამოაყენა აქ ორი მოსაზრება: რაკი ეს ქვეყანა უმაღლეს სამეურნეო კულტურის კერად უნდა იქცეს, აქ დასახლების უფლება ამგვარი კულტურის მცოდნეს უნდა მიეცეს. რუსები სულ სხვა ჰავასა და მარტო ხორბლეულობის კულტურას არიან მიჩვეულნი და აქაურ ციებისაგანაც დაიხოცებიანო. სომხები და ბერძნები ციებიან ადგილებს მიჩვეულნი არიან, ამ კუთხეს გააშრობენ და ააყვავებენ და შემდეგ სხვების, ე. ი. რუსების, დასასახლებლადაც გამოდგებაო. ამგვარი საბუთიანობითა და თავისი დიდი თანამდებობის წყალობით მან თავისი თანამოძმეების ჩამოსასახლებლად საქართველოში ყველაფერი გააკეთა, რის გაკეთებაც შეიძლებოდა[9].
რათგან ქართველები პოლიტიკურად არასაიმედო ხალხად ჰყავდა რუს მთავრობას მიჩნეული და მათი მოსახლეობის ასპარეზის გაფართოებას სახიფათოდ