ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია წაკითხულია, მოხსენების სახით, 1937 წ. ენიმკი-ს საჯარო სხდომაზე, რომელიც მიძღვნილი იყო ილია ჭავჭავაძის დაბადების ასი წლისთავისადმი.
თუ წინათ ილია ჭავჭავაძის საქართველოს ისტორიისადმი დამოკიდებულების საკითხის შესახებ მსჯელობა მხოლოდ მისი ისტორიული პოემების მიხედვით შეიძლებოდა, 1927 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი დიდებული მოღვაწის ნაწერების სრული კრებულის მე-5 ტომი გამოვიდა, მკვლევარს სრული საშუალება მიეცა ეს საკითხი უკვე ვრცლად და ბევრი სხვა მისი ნაშრომის მიხედვითაც განეხილა. მე მგონია, რომ ილია ჭავჭავაძის ისტორიული კონცეფციისა და მისი მოღვაწეობის ამ დარგში მნიშვნელობის გასათვალისწინებლად - ჩვენი მგოსნის ისტორიული პოემების გამოყენება არც საჭიროა და არც მართებული. პოემები ხომ არსებითად მხატვრული ნაწარმოებებია და მიზნადაც იქ ავტორს საქ. ისტორიის დაწერა არ ჰქონია დასახული. ამიტომაც ილია ჭავჭავაძის შეხედულებათა გამოსარკვევად და იმ წვლილის ცხად-საყოფელად, რომელიც მას საქართველოს ისტორიის გაშუქებაში შეტანილი აქვს, მისი ისტორიული პოემები არც გამომიყენებია. უამისოდაც ეხლა საკმაო და მრავალფეროვანი მასალა მოგვეპოება, რომ ზემოდასახული ამოცანის განხორციელება შევძლოთ. სრულებით ბუნებრივია, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად ჯერ ილია ჭავჭავაძის ზოგადი კონცეფციის განხილვით დავიწყოთ, ხოლო შემდეგ უკვე მისი მეთოდოლოგიის განხილვაზე გადავიდეთ.
ილიას არა ერთხელ, მაგ. თუნდაც 1888 წელს, უთქვამს: „ როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა “ , რომელსაც „ აღარ ახსოვს, ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც... თავისი ისტორია არ ახსოვს “ -ო (V, 207).
1888 წელს, დ. ბაქრაძის ნაშრომის „ ისტორია საქართველოსი “ -ს პროგრამის გამოქვეყნების შემდგომ, ამავე საკითხს ჩვენი მგოსანი კვლავ უბრუნდება და ამბობს: წინათაც არა ერთი იყო ისეთი ხალხი, რომელსაც თავისი ისტორია არ ჰქონია და „ ამისთანა ხალხნი დღესაც ბევრნი არიან ქვეყანაზედ “ . მაგრამ, ილია ჭავჭავაძის აზრით, „ ამისთანა ხალხი უბინაო კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის, ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის. ამიტომაც ესეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვთაგან და იქნება ბევრში უკანაც ჩამოურჩება “ . ჩვენი მგოსნის სიტყვით, „ ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელს დროში “ -ო (V, 240). „ თუ ესეთი არა, ბევრით მეტი აღარ არის იგი ერი, რომელსაც ისტორია ჰქონია და იგი ისტორია დაუვიწყნია; აღარც ამისთანა ერსა აქვს მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისათვის საჭიდაოდ “ -ო (V, 240).
ამიტომაც არის, რომ ილია ამბობდა: „ არ ვიცით, სხვა როგორ ფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს “ -ო (V, 207).
ამგვარად, ილ. ჭავჭავაძის ღრმა რწმენით, ყოველმა კულტურულმა ერმა თავისი წარსული კარგად და სრული შეგნებით უნდა იცოდეს. ქართველებსაც, თუ წარმატებული არსებობა სურდათ, ეს დებულება უნდა კარგად ჰქონოდათ შეგნებული.
მაგრამ ჩვენ დაუვიწყარს მოამაგეს საქართველოს ისტორია ეროვნული თავმომწონეობის თვალსაზრისითა და ეროვნული სიამაყის გრძნობის გასანერგავად კი არ უნდოდა და სჭირდებოდა, არამედ მას წარსულის მხოლოდ უტყუარი და დაუნდობელი, მაგრამ პირუთვნელი შეფასება აინტერესებდა. ილია ჭავჭავაძე მაგ. 1888 წ. სწერდა: „ ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუდვია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ესეა, ამისი საბუთი თვალ-წინა გვაქვს, რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორი-ათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის, რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედვა. ეს ერთის მხრით, მეორეს მხრით - რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა ან განათლებასა, ან გამდიდრებაში, თუ ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად უვარგისი დაფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას. რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელია სიფუყე და სისუსტე, ამას ახსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია. და, თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ესეა, რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? “ -ო (V, 241-242).
რა იყო ჩვენი წარსულის სიმაგრე და რა იყო სისუსტე, სიფუყე, ამის გამორკვევა ხომ ისტორიული პროცესის შეგნებით შეიძლება.
მაგრამ ისტორიის გაგება და სისწორით წარმოდგენა ახლაც ადვილი საქმე არ არის, მით უფრო ძნელი საქმე იყო