1. გეოგრაფიული მდებარეობა
ქვეყნის ხუთსავე ნაწილს შორის ყველაზე შეუფერებელი კულტურული ცხოვრებისათვის უეჭველად აფრიკაა. აქაური თვალუწვდენელი უდაბნოები, ცხელი ჰავა და ძლიერი ქარები ადამიანს საშუალებას არ აძლევს თავისი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად იმუშაოს. ამიტომაც აფრიკის ხალხები, დღესდღეობით მაინც, ყველაზე ჩამორჩენილად ითვლებიან.
სამაგიეროდ, უძველეს დროში ადამიანთა კულტურის აკვანი სწორედ აფრიკაში ჩაიდგა. აფრიკის კონტინენტის თითქმის მთელი ჩრდილოეთ ნახევარი თვალუწვდენელ უდაბნოს წარმოადგენს. გამონაკლისს მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი შეადგენს: აქ კალაპოტი გაუთხრია მდინარე ნილოსს, რომლის სათავე ექვატორის* ახლოს მდებარე მაღალი მთებიდან იწყება და ხმელთაშუა ზღვას უერთდება. ნილოსს სათავეშივე შესამჩნევი მაღლობები ეღობება წინ და ამიტომ მისი კალაპოტი ჩრდილოეთის სიგანის* 24 გრადუსამდე ძლიერ მიხვეულ-მოხვეულია; აქედან კი მას აღმოსავლეთით არაბეთის მთა მისდევს თან და დასავლეთით – ლიბიისა. ამგვარად, ნილოსის კალაპოტი შედარებით ვიწრო ჭალაშია გათხრილი, რომლის სიგანეც 13 ვერსს* არსად აღემატება. სწორედ ეს ჭალაა, თავისი მდიდარი მცენარეულობით მთების გადაღმა მდებარე უდაბნოსგან ასე ძალიან რომ განსხვავდებდა. ამ ვრცელ ჭალას ეგვიპტე ეწოდება.
ცხადია, ბინადრები აქ უხსოვარი დროიდანვე გაჩნდებოდნენ. მათთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ეს ქვეყანა უნილოსოდ ისეთივე უდაბნო იქნებოდა, როგორიც ლიბიის მთებს გადაღმა მდებარე საჰარაა. „დიდება შენდა, ნილოს, რამეთუ ეგვიპტეს შენ აძლევ სიცოცხლეს!“ – მიმართავდნენ ხოლმე ისინი მდინარეს. ძველი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც ქრისტეშობამდე V საუკუნეში ცხოვრობდა, ეგვპიტეს ნილოსის ძღვენს უწოდებდა.
იმისთვის, რომ უდაბნოს ნიადაგი შესაფერისად განოყიერებულიყო, მხოლოდ მდინარე ხომ არ იქნებოდა საკმარისი? ცხადია, ნილოსს სხვა ისეთი თვისებაც უნდა ჰქონოდა, რომელიც ყოველ მდინარეს როდი ახლავს თან. თუ გავიხსენებთ, რომ ნილოსის სათავე ექვატორთან იწყება, მაშინ მივხვდებით, რომ ტროპიკული წვიმების დროს ნილოსი აუცილებლად უნდა ადიდებულიყო და თითქმის მთელი არცთუ ვიწრო ჭალა დაეფარა. ეს მართლაც ასე ხდებოდა. მდინარე ადიდებას ივლისში იწყებდა, სექტემბერში კი უმაღლეს წერტილს აღწევდა. შემდეგ ერთბაშად ვარდებოდა და თავის კალაპოტს უკანვე უბრუნდებოდა. ჭალა კი ლამით რჩებოდა მოფარული. ეს ლამიანი ნიადაგი ნოყიერებას აასკეცებდა. ეგვიპტელები, რომლებიც მაღლობ ადგილებზე ცხოვრობდნენ, გამოდიოდნენ და ხვნა-თესვას ჰკიდებდნენ ხელს. ოთხი თვის განმავლობაში უხვი მოსავალი უკვე მზად იყო და ახლა მის ასაღებად უნდა ეზრუნათ.
ამნაირად, ეგვიპტის ნიადაგის ნოყიერება წყალდიდობაზე იყო დამოკიდებული; იქ, სადაც ადიდებული ნილოსის ტალღები მისწვდებოდა, ნიადაგიც ნოყიერი რჩებოდა.
2. სამეფოს დაარსება
მართალია, ნილოსს ნოყიერება მოჰქონდა, მაგრამ იგი ეგვიპტეს ზიანსაც დიდს აყენებდა: ზოგან ადიდებული წყალი მიწას იტაცებდა, მცენარეებს თხრიდა და ხმელთაშუა ზღვისკენ მიაქანებდა. საჭირო იყო ეგვიპტელებს ადრევე ეზრუნათ, რომ მდინარეს რაც შეიძლება მეტი ადგილი დაეფარა და გაენოყიერებინა, და ამასთანავე, ადიდებულ წყალს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოეტანა. ამისთვის კი აუცილებლად საჭირო იყო ხელოვნური არხების გაყვანა, რომელიც წყალს მოშორებულ ადგილებსაც მიაწვდენდა და წყალდიდობასაც უვნებლს გახდიდა. ეს კი თავის მხრივ, დიდ მუშაობას მოითხოვდა. ამ საქმეში აუცილებელი იყო მრავალი ეგვიპტელის მონაწილეობა და ერთი მუდმივი ხელმძღვანელის ყოლაც. წინათ ეგვიპტე მრავალ ნაწილად იყო დაყოფილი და ამ ნაწილებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობდა. ეგვიპტის მცხოვრებლები, როგორც კი შეიგნეს ნილოსის წყალდიდობისა და არხების გაყვანის მნიშვნელობა, უთუოდ უნდა გაერთიანებულიყვნენ. მათი მდგომარეობა საერთო შრომას მოითხოვდა, საერთო შრომა კი – საერთო ხელმძღვანელს, რომელიც მალე მეფედ უნდა გადაქცეულიყო.
მე-40 საუკუნეში ქრისტეს შობამდე შემთხვევითი კავშირი ეგვიპტის სხვადასხვა ნაწილს შორის, რომელიც ქვეყნისთვის საჭირო მშენებლობისა და საერთო მუშაობის დროს იკვროდა, საბოლოოდ მუდმივ კავშირად გადაიქცა. ეგვიპტე ერთ სამეფოდ გაერთიანდა და მისი მეფე მენესი გახდა. ეს იყო პირველი მეფე ეგვიპტელებისა ანუ ფარაონი.
ახალი სამეფოს უმთავრეს ქალაქად მემფისი შეიქმნა. ეს ქალაქი, გადმოცემით, იმავე მენესის აშენებული უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ ეგვიპტელები მთელი ათასი წლის განმავლობაში მშვიდობიან კულტურულ ცხოვრებას მისდევდნენ. ისინი არც თვითონ ესხმოდნენ თავს ვინმეს და არც მათ ეცემოდა ვინმე. ამ მშვიდობიანი ცხოვრების დროს ამაღლდა ყოფითი მხარე ეგვიპტის მეორე ნაწილისა, რომელიც უფრო სამხრეთით მდებარეობდა. მალე იგი დამოუკიდებელ სამეფოდ გადაიქცა, რომლის დედაქალაქად თებე ითვლებოდა. მაგრამ ამ სამეფოს დამოუკიდებლობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. მალე ზედა ეგვიპტე ქვედა ეგვიპტეს შეუერთდა.
ათასი წლის მშვიდობიანი ცხოვრების დროს ეგვიპტელებს კულტურული განვითარებისთვის, რასაკვირველია, საკმაო საშუალება ექნებოდათ. და მართლაც, მთელი მათი კულტურა, რომელიც თავისი სიდიადით ადამიანს დღესაც აკვირვებს, ამ ათასი წლის განმავლობაში შემუშავდა.