I
დახეული ფარატინი ყველა მოელოდა ირან-თურქეთის ომის დასაწყისს. შაჰ-აბასი შეგნებულად და მოხერხებულად ამწვავებდა ურთიერთობას. მერმე მოქნილად მოიხალვათებდა ხელს... დაუყვავებდა თურქთა. ხოლო გარესაბაბისა თუ შინაწარმატების დროს ოდნავ გამოაჩენდა ლომის კლანჭს, მთელ თათის გამოდებას კი ჯერ ერიდებოდა. ამიტომ თუ მოხდა, რომ ყველა მოელოდა ომს, მაგრამ ომის დაწყება მაინც ყველასათვის მოულოდნელი იყო.
ზაზა კახნიაური შაჰის დესპანთ დარბაზში რომ შევიდა, იქ უკვე მრავლად იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩ-დესპანები და მოგზაურები, მყუდრო სკამ-სავარძლებზე და ხალ-მუთაქებზე ჯგუფ-ჯგუფად მოკალათებულნი ამო მასლაათითა და ამბავ-ხაბარის თხრობით იყვნენ გართულნი.
დღეს დიდი დარბაზობის დღე იყო, მაგრამ როდის დაიწყებოდა დარბაზობა ან სად მოისურვებდა შაჰინშაჰი გამობრძანებას, არვინ იცოდა. დროს კი აბასი თავის ცხენად სთვლიდა, ხან გააჭენებდა, ხან დინჯ ლაფშურით გასჭიმავდა.
დღეს კეთილი დღე ჩანდა, მრისხანე შაჰის ამოგუნებიანობასაც ამბობდნენ. მისი ნაზირ-ვეზირებიც თავაზიან ღიმილს არ იშორებდნენ.
დარბაზობაზე თურქთა დიდი დესპანიც იყო წვეული. იგი ამ ბოლო დროს ხშირად თათბირობდა ხან ფარხად-ხანთან, ხან უშუალოდ შაჰ-აბასთან.
...და მათ დავასა და პირშეშლილობას ისევ დაშოშმინებისა და მორიგების ნიშატი დაედო. ასევე დაშოშმინდნენ დესპანთ დარბაზის მემუდამენიც. დაწყნარდა კახთა შემორჩენილი ზაზა-ელჩიც. უკლო კიდევაც დარბაზში სიარულს. თუმცა დღეს კი გულდაგულ მოიჩქაროდა, აქ უნდა შეჰყროდა თავის ძმას.
სიაუში უკევ სახელმოხვეჭილი მხატვარი იყო, დიდის პატივით შაჰის სასახლეში ჩაკეტილი. ძმები უფრო ხშირად ამ დარბაზში ახერხებდნენ შეხვედრას. შეყრისას სამშობლოს პატარა მზეს ამ დარბაზის კუთხეში გაითენებდნენ ხოლმე. ურთიერთს ამხნევებდნენ და სიშორეს უმსუბუქებდნენ.
კახეთიდან კარგა ხანია არა ისმოდა რა. არც შიკრიკი არსად ჩანდა და არც იდუმალი მაცნე. ზაზას გაგზავნილიც აღარავინ დაბრუნებულა. ახლა მითქმა-მოთქმით მოგორებული ამბავი მოვიდა, ზაზა-ელჩი შეაშფოთა. ისიც ინიშნა, რომ კახეთში სულ უმტკივნეულოდ არ ჩაივლიდა ალექსანდრეს შემონაზვნება და ავხასიათა დავითის გამეფება. დაწვრილებით ვერა გაიგო რა.
თითქოს არაფერი იცოდა ან ზაზას არ ეუბნებოდა - კონსტანტინე ბატონიშვილიც.
საერთოდ იგი კახეთში ყოფნის შემდეგ ზაზას უფრო დაუახლოვდა, მაგრამ უფრო გულჩათხრობილიც გახდა. ზაზამ მალე შეატყო ეს ახალი გარემოება და დაიმახსოვრა. უფრო გაამახვილა გულისყური. კონსტანტინე უკევ ერიდებოდა კახეთზე საუბარს. სამაგიეროდ, მისი მწურთნელი ალ-ხოჯა-მაჰმადი უფრო და უფრო დაუტკბა ზაზას. კახთ ელჩმა როგორც კი გაიგო კახეთის ტახტისირგვლივი ამბები, მაშინვე ეახლა ფარხად-ხანს და „ვითარების გასარკვევად“ ითხოვა „შაჰ-აბასთან ხლება, კახეთში დაბრუნების დასტურის მისაღებად“. მაგრამ შაჰ-აბასმა არც იხმო და არც წასვლის ნება მისცა. ხოლო დიდმა ვეზირმა გიორგი ბატონიშვილზე ჩამოუგდო გრძელ-საუბარი. ზაზამ იგრძნო, რომ ფარხად-ხანმა უფრო წვრილად იცის კახეთის ამბები, ვიდრე მან - კახეთის ელჩმა.
რა გზა არ სცადა ზაზამ, გილან-დარუბანდის შემოვლით უცხო ვაჭრებს გაატანა ფარული წერილი, იდუმალი მაცნეები აფრინა განძასა და კახეთს. აგროვებდა და ჰკინძავდა კანტიკუნტად მოსხლეტილ ამბებს... და ბოლოს ასეთი მიახლოებითი სურათი შეიქნა:
... მხცოვან ალექსანდრე მეფის ავადმყოფობა...
... ძმათა შუღლი ტახტის გამო... დავითის გაბატონება კახეთში...
... გიორგის ლტოლვა, მცხეთაში შეხიზვნა... არეულობა კახეთში...
... შინა სისხლისღვრა... კახთ ძველ ბატონის ბერად შედგომა ალავერდს...
... ძმათა დარიგება... გიორგის, ნებით თუ ძალით, ნეკრესს ყოფნა...
... დავითის მიერ კახთ-ერისთაობის აღდგენა...
ამ სურათმა კი გული შეუხუთა ზაზას, ვერცვის უზიარებდა თავის შიშსა და ტკივილს... მხოლოდ სიაუშს... და აი სიაუშიც უკვე დარბაზში დახვდა, მაგრამ გულდაგული საუბარი არც დღეს დასცალდა ძმასთან. სულ მალე დარბაზში შემოსწრებული ყველა ელჩი იწვიეს შაჰ-ტახტის დარბაზში.
ელჩ-დესპანებს შორის ერთი ჩურჩული შეიქნა. ყველამ ერთად ინიშნა, რომ წინასწარ თურქთა დიდი დესპანი იწვიეს.
- ან დიდი ახალი შეთანხმებაა!
- ან დიდი ახალი ომი!
დესპანთა და ელჩთა ტალღა რომ შელაგდა შაჰტახტის დარბაზში, აბასი უკვე ტახტზე ფეხმორთხმით იჯდა. შეწურულ მხრებითა და ქეშად შეკიაფებული თვალებით, საკმაოდ მოზრდილ ქორსა ჰგავდა. ზაზას ასეთად ეჩვენა იგი და გულმა უგრძნო, რომ აქ უბრალო ზეიმზვევისა და მშვიდობიანი ამბის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.
დარბაზში ირანის რჩეული დიდკაცობაც, სარდლებიცა და ნაზირ-ვეზირებიც იყვნენ. დიდსოვდაგრები და მეკალმე-მწიგნობრები ქითაბგაშლილად იჯდნენ, მრავალი მოლა და შეიხი ეწვია შაჰინშაჰს.
წინ წამომდგარი თურქი დესპანი მოზიდულად სდუმდა. სდუმდა შაჰინშაჰიც. გაინაბა დარბაზიც; შემოსულთა შორის ზაზამ კონსტანტინე ბატონიშვილიც შენიშნა. იგიც შეშფოთებული ჩანდა, ხოლო მისი მხლებელ-მასწავლებელი ალი-ხოჯა-მაჰმადი შეგოროზებულად მოარხევდა თავის შესქელებულ ტანს.
ბატონიშვილმა ელჩების მხარეს რომ ჩაუარა, ზაზა შეამჩნია, ხელით ანიშნა და თან გაიყოლა. მოახლებულმა მეჰმანდარებმა კახთ ბატონიშვილი, თავის მიმყოლებით, ტახტის ახლოს, მარცხნივ მიიწვიეს. ხელმარჯვნივ ირან-სარდლობა შეაბჯრული იდგა.
„ნუთუ ომია?!“ - გაიფიქრა ზაზამ და თურქ დესპანს გადაჰხედა.
იგი თავისი ზოლჭაღარა