პროლოგი
ქოლდუოთერი, მენი
თოთხმეტი თვის წინ
ლემის(მიეკუთვნება ძაღლყურძენასებრთა ოჯახს. შეიცავს შხამიან ალკალოიდებს. ამ მცენარისაგან იღებენ ბრონქული ასთმისა და რევმატიზმის სამკურნალო პრეპარატებს.) ხმელი ტოტები ჰარისონ გრეის წინ აღმართულ ფანჯრის მინას ეხეთქებოდა. მან წიგნის ფურცელი ოდნავ მოკეცა, ასეთ ხმაურში კითხვა შეუძლებელი იყო. გაზაფხულის გამაწვრილებელი ქარის ზუზუნი მთელი ღამე ახმიანებდა ფერმის სახლს, ისმოდა ყმუილი და სტვენა. ქარი ხის დარაბებს ტკეჩებზე ანარცხებდა და საზარელ ხმას გამოსცემდა – დუმ! დუმ! დუმ! მართალია, კალენდარი მარტზე იყო გადაშლილი, თუმცა ჰარისონმა ძალიან კარგად იცოდა, რომ საგაზაფხულოდ ჯერ ძალიან ადრე იყო. ასეთი გრიგალის შემდეგ არც ის გაუკვირდებოდა, რომ მეორე დილით მთელი სახლი ყინვის თეთრ ფენას დაეფარა.
ქარის გულის გამგმირავი ღმუილის ჩასახშობად ჰარისონმა ბონონჩინის ომბრა მაი ფუ(გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ოპერა „სერსეს“ გახსნითი არია.)-ს ხმა აუწია და ბუხარში შეშის მორიგი ნაჭერი შეაგდო. აგერ უკვე მერამდენედ ფიქრობდა – იყიდდა კი ამ სახლს, თავიდანვე რომ სცოდნოდა, რამდენი შეშა დასჭირდებოდა ერთი პატარა ოთახის გათბობას? ჯამში კი სახლში სულ ცხრა ასეთი ოთახი იყო.
ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.
ჰარისონმა ყურმილი აიღო. სავარაუდოდ, ეს მისი ქალიშვილის საუკეთესო მეგობარი უნდა ყოფილიყო, რომელიც საშინაო დავალების გარკვევის მიზნით გვიან ღამით დარეკვას იყო მიჩვეული. ჰარისონს ყრუ, მძიმე სუნთქვა მოესმა.
– უნდა შევხვდეთ. რამდენ ხანში მოახერხებ აქ მოსვლას?
ხმამ, როგორც წარსულის მოჩვენებამ, ერთიანად მოიცვა ჰარისონი და ადგილზე გააქვავა. დიდი ხანია, რაც ეს ხმა არ გაუგონია და ახლა იმის ნიშანი იყო, რომ სადღაც საშინელი შეცდომა მოხდა. წამიერად ხელისგულებზე სისველე იგრძნო და შეეცადა გონს მოსულიყო.
– ერთ საათში, – მტკიცედ გასცა პასუხი.
ყურმილი ნელი მოძრაობით დადო და თვალები დახუჭა. გონებით ახლა ისევ იქ, წარსულში იყო. თხუთმეტი წლის წინ, როცა ტელეფონის ყოველი ზარი გულისცემას უჩერებდა და ყოველი წამის გასვლა დოლის ბრაგუნივით ჩაესმოდა. ასე ელოდა მანამ, სანამ ყურმილის მეორე მხრიდან ხმას გაიგებდა. შემდეგ, ერთ მშვიდ წელიწადს მეორე ცვლიდა, ისიც თავს არწმუნებდა, რომ წარსულის საიდუმლოებები საიმედოდ ჰქონდა მიჩქმალული და ახლა ის იყო კაცი, რომელიც ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა, კაცი, რომელსაც ლამაზი ოჯახი ჰქონდა და არაფრის ეშინოდა.
ჰარისონი სამზარეულოში, ნიჟარის წინ იდგა. ჭიქაში წყალი დაისხა, თუმცა მაშინვე უკან გასწია. შინაგანად ყველაფერი სიბნელეს მოეცვა და ეს მინაში არეკლილ მის ჩამოღვენთილ სახეშიც იკვეთებოდა. თავი დააქნია, თითქოს საკუთარ თავს აჯერებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო, თუმცა, დამძიმებული მზერა ამ სიცრუეს ააშკარავებდა.
ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა და ამით თითქოს მთელ სხეულში დაგროვებული სიმძიმე გამოათავისუფლა. მეორე ჭიქა წყალი დაისხა, დალია და კარგად შეამჩნია, როგორ ეღვრებოდა სხეულში სითხე, რომელიც უკან ამობრუნებას ლამობდა. ცარიელი ჭიქა ნიჟარის კიდეზე დადო და მანქანის გასაღებს მისწვდა, თან ცდილობდა თავისივე მიღებულ გადაწყვეტილებას შესწინააღმდეგებოდა.
ჰარისონმა მანქანა ტროტუართან შეაჩერა და ფარები ჩააქრო. იჯდა სიბნელეში და ეწეოდა, თან პორტლენდის ძველი გარეუბნის მინგრეული სახლების რიგს აყოლებდა თვალს. წლები – უფრო სწორად კი, თხუთმეტი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც ამ ადგილზე ფეხი არ დაედგა და ახლა იძულებული იყო გაცვეთილ მახსოვრობას დაყრდნობოდა. ჰარისონმა ხელთათმანების უჯრა გამოაღო და სიძველისგან გაყვითლებული ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო, რომელზეც ეწერა: „მონროს 1565“. უკვე მანქანიდან გადასვლას აპირებდა, მაგრამ ქუჩაზე დაბუდებულმა სიჩუმემ აზრი შეაცვლევინა. შემდეგ სავარძლის ქვეშ შეყო ხელი და დატენილი შმიტჰ & ჭესსონ(1852 წელს დაარსებული ამერიკული იარაღის მწარმოებელი კომპანია. სათავო ოფისი მდებარეობს სპრინგფილდში, მასაჩუსეტსში.) გამოიღო. კოლეჯის შემდეგ იარაღი პირველად ეჭირა ხელში. მაშინაც მხოლოდ მიზანში სასროლად თუ აიღებდა. თუმცა, ახლა მთავარი იყო, რომ დროულად, ზუსტად ერთ საათში მოახერხა აქ მოსვლა.
ჰარისონის ფეხსაცმლის ქუსლები ხმაურიანად ეხებოდა მიყრუებული ქვაფენილის ზედაპირს, თუმცა მას მხოლოდ მთვარის ვერცხლისფერ ნათებაზე ჰქონდა ყურადღება მიპყრობილი. საწვიმარში გახვეული ჩქარი ნაბიჯით გასცდა მესრით შემოღობილ ბინძურ ქუჩებს. მის უკან წყვდიადსა და სიჩუმეში ჩაძირულიყო სახლები. გზაში ორჯერ დაეუფლა გრძნობა, თითქოს ვიღაც მიჰყვებოდა უკან, მაგრამ როცა მოიხედა, ვერავინ დაინახა.
მონროს ქუჩის 1565-ე ნომერში ღია ჭიშკარში შევიდა, ეზოს გვერდი აუქცია და მეორე მხრიდან მიადგა სახლს. ერთხელ დააკაკუნა და წამსვე გასაშლელი ფარდის მიღმა ჩრდილის მოძრაობა შენიშნა.
კარი ჭრიალით შეიღო.
– მე ვარ, – ჩუმი ხმით თქვა ჰარისონმა.
კარი იმხელაზე გაიღო, რომ შესასვლელად საკმარისი ყოფილიყო.
– მომყვებოდი?
– არა.
– გასაჭირშია.
–