პროლოგი
ლუარის ველი, საფრანგეთი.
1565 წლის ნოემბერი
ჩონსი ფერმერის გოგოსთან ერთად იდგა ლუარის ბალახოვან სანაპიროზე, როდესაც ქარიშხალი ამოვარდა და რადგანაც ტაიჭი მდელოზე სასეირნოდ გაეშვა, ახლა იძულებული იყო, სასახლეში ფეხით დაბრუნებულიყო. ჩექმა გაიხადა, ვერცხლის ბალთა შემოაძრო და გოგონას ხელისგულზე დაუდო. შემდეგ დააკვირდა, როგორ გარბოდა მინდორში გოგო დასვრილი ქვედაბოლოს ფართხუნით. ჩონსიმ ჩექმა ამოიცვა და შინისკენ გასწია.
წვიმა ლანჟის სასახლის შავით მოცულ არემარეს ასველებდა. ჩონსი მოხერხებულად მიაბიჯებდა სასაფლაოს ატალახებულ მიწასა და აკლდამის ქვებზე. ეს ადგილები ხუთი თითივით იცოდა და ყველაზე ნისლიან ამინდშიც თავისუფლად შეეძლო გზის გაგნება. თუმცა, ამ ღამით ნისლის ნაცვლად წვიმა და ჩამოწოლილი უკუნი უშლიდა ხელს.
უეცრად ჩონსიმ მისგან მარცხნივ მოძრაობა შენიშნა. ის, რაც მას თავდაპირველად ანგელოზის დიდი მონუმენტი ეგონა, ფეხზე წამოდგა და გაიმართა. პატარა ბიჭი იყო, - არც ქვისა და არც მარმარილოსი, ჩვეულებრივი ხელ-ფეხი ჰქონდა, მხოლოდ გლეხური შარვალი ამშვენებდა, არც პერანგი ეცვა და არც - ფეხსაცმელი. ბიჭმა მონუმენტიდან ისკუპა და თმის ბოლოებიდან წვიმის წვეთები ჩამოსცვივდა. ესპანელს მიუგავდა სახე.
ჩონსი ხმლის ვადას სწვდა და შესძახა: - მანდ ვინ არის?
ბიჭს სახეზე ღიმილი დაეტყო.
- ლანჟის ჰერცოგს ნუ ეხუმრები, - გააფრთხილა ჩონსიმ. - შენი სახელი ვიკითხე, მიპასუხე!
- ჰერცოგი?! - ბიჭი დახლართული ტირიფისკენ დაიხარა. - იქნებ ნაბიჭვარი?
ჩონსიმ ხმალი ქარქაშიდან ამოსაღებად გაამზადა. - უკან წაიღე შენი სიტყვები! მამაჩემი დე ლანჟის ჰერცოგი იყო, ახლა კი მე ვარ ჰერცოგი, - თითქოს გაუბედავად დაამატა ჩონსიმ და ამ გაუბედაობის გამო გულში საკუთარი თავი დაწყევლა.
- მამაშენი ჰერცოგი არ ყოფილა, - ზანტად წარმოთქვა ბიჭმა.
გაუგონარმა შეურაცხყოფამ ჩონსი ერთიანად ააფეთქა. - თავად ვისი შვილი ხარ? - ჰკითხა და ხმალი იშიშვლა.
ყველა ქვეშევრდომს ჯერ არ იცნობდა, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. მზად იყო, ბიჭის სახელი სამარადჟამოდ დაეხსომებინა.
- ბოლოჯერ გეკითხები, - წარმოთქვა დაბალი ხმით და სახიდან წვიმის წყალი ჩამოიწმინდა. - ვინ ხარ?
ბიჭმა მისკენ ნაბიჯი გადმოდგა და ხმლის ბასრი პირი გვერდზე გასწია. უცნაურია, მაგრამ ახლოდან უფრო ზრდასრული აღმოჩნდა, შეიძლება ჩონსიზე ერთი-ორი წლით უფროსი ყოფილიყო.
- ეშმაკის ერთ-ერთი ნაშიერი, - იყო პასუხი.
ჩონსის ელდისგან მუცელი შეეკუმშა. - შეშლილი მთვარეული ხარ, თავიდან მომწყდი! - გამოსცრა კბილებში.
უეცრად ახალგაზრდა ჰერცოგის ფეხქვეშ მიწა იძრა. ბიჭის თვალებთან ოქროსფერმა ცეცხლმა იელვა. ჩონსი თრთოდა და გახშირებული სუნთქვით მის წინ აღმართულ ფიგურას შეჰყურებდა. ცდილობდა გაერკვია, რა ხდებოდა, თუმცა ხვდებოდა, რომ ეს ყოველივე მისი გონებრივი შესაძლებლობების მიღმა იყო.
ბიჭმა თვალი გაუსწორა. - მისმინე, შენგან რაღაც მჭირდება და აქედან მანამ არ წავალ, სანამ საწადელს არ მივაღწევ, გასაგებია?
ჩონსიმ კბილები ერთმანეთს დააჭირა და თავი მძიმედ გაარხია, რათა უარყოფა და თავდაცვისთვის მზადყოფნა გამოეხატა. სურდა, ბიჭისთვის შეეფურთხებინა კიდეც, მაგრამ ნერწყვი ტუჩებზე ჩამოეკიდა, თითქოს, საკუთარ ენასაც ვეღარ აკონტროლებდა.
ბიჭმა ჩონსის მაჯებში ჩაავლო ხელები და მაგრად მოუჭირა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩონსის ყვირილი აღმოხდა.
- ერთგულების ფიცი მჭირდება შენგან, - ცალ მუხლზე დადექი და შემომფიცე.
ჩონსიმ გაცინება სცადა, მაგრამ ხმა ხორხშივე ჩაეკარგა და ხავილი ამოუშვა. მარჯვენა ფეხი მოეხარა, თითქოს უკნიდან ვინმეს წიხლი ჩაერტყას, სხეული წინ გადაეხარა და პირდაპირ ტალახში დაეშვა.
- დაიფიცე! - გაიმეორა ბიჭმა.
ჩონსის სხეულში სიმხურვალემ დაუარა, მძვინვარებისგან მთელი ძალა მოიკრიბა, სურდა წამომდგარიყო, მაგრამ მუშტების შეკვრა ძლივს შეძლო. საკუთარ თავზე გაეცინა, თუმცა სასაცილო არაფერი ჰქონდა. მის წინ მდგომი ბიჭი მასში გულისრევას და მტანჯველ სისუსტეს იწვევდა. იმასაც ხვდებოდა, რომ ეს საშინელება მანამ გაგრძელდებოდა, სანამ ბიჭის მოთხოვნას არ შეასრულებდა. გადაწყვიტა, ფიცი დაედო და ყველაფერი ეთქვა, რასაც მისგან მოითხოვდნენ, თუმცა, გულში ამგვარი დამცირებისთვის განადგურებით ემუქრებოდა.
- თქვენს მონა-მორჩილად მიგულეთ, ბატონო, - თქვა ჩონსიმ გესლიანი ხმით.
- აქ დამელოდე ებრაული ჩეშვანის თვეში, ორი კვირის განმავლობაში, ახლიდან სავსე მთვარემდე. შენი სამსახური დამჭირდება, - უბრძანა ბიჭმა.
- ოო.... ორი კვირა? - ჩონსის მთელი სხეული მრისხანებით უთრთოდა. - მე ლანჟის ჰერცოგი ვარ!
- შენ ნეფილიმი ხარ, - ცივი ღიმილით მიუგო ბიჭმა.
ბილწი პასუხი ენაზე მოადგა ჩონსის, მაგრამ წარმოთქმა ვერ შეძლო. - რა თქვი? - მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა ბრაზით.
- შენ მიეკუთვნები ბიბლიურ ნეფილიმთა