ადამიანის ქცევის ფორმები ქცევის ცნებას სრულიად განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ფსიქოლოგიაში. მართალია, ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის მტკიცება, რომ ქცევა ჩვენი მეცნიერების შესწავლის ძირითად საგანს წარმოადგენს, არავითარ შემთხვევაში დასაბუთებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ის მაინც უეჭველია, ფსიქოლოგიის ნამდვილი საგნის ფსიქიკური ცხოვრების შესწავლისათვის ამ ცნებას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქმე ისაა, რომ ისტორიულად ფსიქიკური ცხოვრება გარემოსთან ურთიერთობის, პრაქტიკის ან ქცევის ნიადაგზეა აღმოცენებული, და ყველა ძირითადი თავისებურება, რომელიც მას ახასიათებს, მთელი ის კანონზომიერება, რომელიც მასში იჩენს თავს, პრაქტიკის პროცესშია შექმნილი და განვითარებული. ცხადია, ფსიქოლოგიური კვლევა უნაყოფო იქნებოდა, თუ ამ ფუძემდებელ გარემოებას ანგარიშს არ გაუწევდა და ქცევას სათანადო ყურადღებით არ მოეპყრობოდა. ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის აბსტრაქტული და მეტაფიზიკური ხასიათი, მისი სქემატიზმი და ფორმალიზმი, მისი უნაყოფობა კონკრეტული ფსიქიკური სინამდვილის გაგების ამოცანათა მიმართ, განსაკუთრებით ამ დებულების შეუფასებლობიდანაც გამომდინარეობს. თავისთავად იგულისხმება, ნამდვილს მეცნიერულ ფსიქოლოგიაში ქცევის ცნებას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უნდა ეთმობოდეს.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ შეიძლება ითქვას, ამ ცნების თუნდ ძირითადი ფსიქოლოგიური შინაარსის შესახებ საბოლოო შეთანხმება არსებობდეს. ისე როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში და შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც საკითხის მართებულ გადაჭრას აქაც, სხვათა შორის, ის საბედისწერო წინამძღვარი უშლის ხელს, რომელზეც არსებითად მთელი ბურჟუაზიული ფსიქოლოგიააა აგებული და რომლის მიხედვითაც მთელი ფსიქიკური და მოტორული პროცესები უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან ურთიერთთან და გარემოსთან. ამ უ შ უ ა ლ ო ბ ი ს ჰ ი პ ო თ ე ზ ი ს მიხედვით, გამოდის, რომ ქცევა სუბიექტის, პიროვნების, როგორც კონკრეტი მთლიანობის, არსებითი მონაწილეობის გარეშე ხდება, რომ იგი არა სუბიექტის, არამედ მისი ცალკეული ფსიქიკური და მოტორული პროცესების ურთიერთობას წარმოადგენს გარემოსთან, რომ იგი პირველად ორი წევრის უშუალო ურთიერთობით განისაზღვრება მოტორული ან ფსიქიკური პროცესებისა და მათი სტიმულისა და გამღიზიანებლის ურთიერთობით, და რომ, მაშასადამე, მის გასაგებად ამ ორი წევრის გათვალისწინების მეტი არაფერია საჭირო. რაც შეეხება თვითონ სუბიექტს, როგორც კონკრეტულ მთლიანობას, რომელიც ამ ურთიერთობას გარემოსთან ამყარებს, რათა ამით თავისი მიზნები დაიკმაყოფილოს, რაც შეეხება ამ სუბიექტს, მისი მოთხოვნილებებითურთ, უ შ უ ა ლ ო ბ ი ს ჰ ი პ ო თ ე ზ ი ს ნიადაგზე ქცევის ანალიზისას იგი, როგორც ზედმეტი, მთლიანად მხედველობის გარეშე რჩება. მაშასადამე, ყველაფერი ის, რაც ამ სუბიექტს წარმოადგენს ქცევაში აზრი, მნიშვნელობა არსებითად ქცევის ცნებაში არ შედის; იგი უცხო დანართი ელემენტი გამოდის, რომელსაც თვითონ ქცევის გასაგებად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაა, რომ იგი ქცევის ცნებიდან სრულიად გამორიცხულია და მასში ზემოაღნიშნულს ორს ურთიერთობაში მყოფ წევრს რჩება ადგილი: პროცესებს ან აქტებს (ფსიქიკურს და მოტორულს) და მათს გამღიზიანებლებს. მოკლედ: ქცევა სტიმულსა და მის პასუხს წარმოადგენს.
ავიღოთ მაგალითი: ყოველდღიურ ცხოვრებაში ქცევის სახელწოდებით ასეთი შემთხვევები აღინიშნება: სტუდენტი წიგნს კითხულობს, კოლმეურნე ყანას თოხნის, იულიუს ცეზარი რუბიკონზე გადადის, ნაპოლეონი რუსეთზე ილაშქრებს. როგორც ვხედავთ, აქ ყველგან მოძრაობათა თანმიმდევრობასთან გვაქვს საქმე, რომელიც აუცილებლად რაიმე კონკრეტულ სიტუაციაში ხდება და გარკვეული სუბიექტის ქცევის სუბიექტის სრულიად გარკვეულ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. სუბიექტს რომ ეს მოთხოვნილება არ გასჩენოდა და ეს გარკვეული სიტუაცია არ ჰქონოდა, იგი ქცევის ამ გარკვეულ აქტს არ მიმართავდა. უდავოა, მოძრაობათა თანმიმდევრობას ნამდვილ ქცევად მხოლოდ ეს გარემოება (მოთხოვნილება და სიტუაცია) აქცევს.
უგულებელვყოთ ახლა სუბიექტი თავისი მოთხოვნილებებით, რომელთა დასაკმაყოფილებლადაც იგი გარკვეულ სიტუაციაში ამ თუ იმ ზემოაღნიშნულ ქცევას მიმართავს. რას მივიღებთ ამის შედეგად? ქცევის თითოეული შემთხვევა თავის სპეციფიკურ თავისებურებას დაჰკარგავს და განსხვავება მათ შორის მხოლოდ ის იქნება, რომ ზოგში ელემენტარული მოძრაობების ერთ თანამიმდევრობას ექნება ადგილი და ზოგში მეორეს. მაშასადამე, ნამდვილ ქცევად ამ შემთხვევაში ეს გარკვეული ელემენტარული მოძრაობები უნდა ჩაითვალონ და არა მათი ესა თუ ის კომპლექსები, რომელთაც თავისთავად სპეციფიკური და, მაშასადამე, საგანგებოდ შესასწავლი აღარაფერი აქვთ.
რას წარმოადგენენ ეს ელემენტარული მოძრაობები? ქცევის ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში ჩვენ ერთსა და იმავე გარემოებასთან გვაქვს საქმე: სხეულის გრძნობიერ ზედაპირზე გარედან რაიმე გარკვეული გამღიზიანებელი მოქმედებს. იგი ნერვულ ბოჭკოში გარკვეულ ფიზიოლოგიურ პროცესს იწვევს, რომელიც ნერვულ ცენტრში ვრცელდება, აქედან ეფერენტულ ნერვზე გადადის და დასასრულ კუნთის შეკუმშვით მთავრდება. ბიჰევიორისტების რწმენით, ყოველი კონკრეტის ქცევის შემთხვევა მხოლოდ ასეთი ელემენტარული პროცესებისგან შედგება. ამისდა მიხედვით, როდესაც ჩვენს წინაშე ქცევის რაიმე კონკრეტული აქტია, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს შესწავლილად, თუ გარკვეულია, რა ელემენტარული პროცესები შეადგენენ