წინასიტყვაობა წინამდებარე წიგნი ზოგადი ფსიქოლოგიის ყველა ძირითად პრობლემას ეხება და შეიძლება იგი ჩვენს უმაღლეს სკოლებში ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდ იქნეს გამოყენებული. როგორც მკითხველი დაინახავს, იგი თვალსაჩინოდ განსხვავდება ფსიქოლოგიის ცნობილ კურსებისაგან. არსებითსა და უმთავრესში იგი იმ მასალას ეყრდნობა, რომელიც ჩემი და ჩემი თანამშრომლების კვლევითი მუშაობის შედეგად არის მიღებული. ამით აიხსნება, რომ იგი ახალ თავს შეიცავს, რომელსაც სხვა კურსებში ვერსად ვერ შევხვდებით. თავს განწყობის ფსიქოლოგიის შესახებ, რომელიც ჩვენი კვლევითი მუშაობის ძირითად პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, თითქოს ჩვენი წიგნი ანგარიშს არ უწევდეს ე. წ. კლასიკური ფსიქოლოგიის მიღწევებს. მკითხველი დაინახავს, რომ ჩვენ ფართოდ ვსარგებლობთ მნიშვნელოვანი შედეგებით, რომელიც სხვა მკვლევართ აქვთ მიღებული, და განსაკუთრებით უახლესი კომპენდიებით, რომელიც ჩვენს განკარგულებაში იმყოფებოდა (ვ. შტერნი, გ. დიუმა და სხვ.). მკითხველი ხედავს, რომ ამ პირობებში ჩემი "ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის" I ტომის (1925 წ.) პირდაპირ გაგრძელებას აზრი არ ექნებოდა. ამიტომ მე გადავწყვიტე I ტომის ნაცვლად ფსიქოლოგიის მთლიანი კურსი მომეცა. წინამდებარე წიგნის სახით. "ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის" I ტომი თავის მნიშვნელობას ამ წიგნის შემდეგაც ინარჩუნებს. მისი შინაარსი წინამდებარე წიგნში მხოლოდ რამოდენიმე გვერდს შეიცავს, და ვისაც, მაგალითად, შეგრძნებათა ფსიქოლოგია აინტერესებს, მას დასჭირდება "ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის" I ტომს მიმართოს, სადაც ეს საკითხი ფართოდ არის დამუშავებული. დასასრულ, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელებს არა მარტო იმ კოლექტიური მუშაობისთვის, რომელსაც ჩვენ, საზოგადოდ, ერთად ვაწარმოებთ და რომლის შედეგსაც ეს წიგნი წარმოადგენს, არამედ იმ შენიშვნებისთვისაც, რომელიც მათგან ამ წიგნის შესახებ მაქვს მიღებული და გამოყენებული.
ავტორი
თბილისი 5.09.1940