პირველყოფილი კულტურის ისტორია მეორე გამოცემის წინასიტყვაობა
(მეთოდიური შენიშვნები)
პირველყოფილი კულტურის ისტორიის კურსი ჩვენი სკოლის მეხუთე წლის პროგრამაშია შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებით პირველყოფილი კულტურის ისტორიას ზოგი ისეთი თვისება უნდა ჰქონდეს, რომელიც პედაგოგიურად სწორედ თერთმეტ-თორმეტი წლის ასაკის აღზრდისათვის არის ხელსაყრელი. ეს მით უმეტესათაა მოსალოდნელი, რომ პირველყოფილი კულტურის ისტორია ყველაზე უფრო ნაკლებ დამუშავებული საისტორიო დარგია და მაშასადამე მისი თერთმეტი წლის ბავშვის გონებისათვის მისაღები ფორმით დალაგებას სრულიად განსაკუთრებული სიძნელე ეღობება წინ. მაგრამ რაში მდგომარეობს ეს თვისება?
1. პირველყოფილი ადამიანის სულიერი ცხოვრება გაცილებით უფრო მარტივია და ამიტომ გაცილებით უფრო გასაგებია ბავშვისათვის, ვიდრე სულიერი ცხოვრება კულტურული ადამიანისა. მისი კულტურული შემოქმედების მოტივები ამდენადვე მოკლებულია თანამედროვე ცხოვრების სირთულეს, და თვით კულტურის ნაშთების შინაგანი ბუნება ბევრად უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ბუნება ისტორიული ხანის მრავალწახნაგოვანი კულტურული ცხოვრებისა.
თუ ამას დავუმატებთ იმ ჯერ კიდევ საბოლოოდ დაუმტკიცებელს, მაგრამ მაინც ძლიერ საყურადღებო შეხედულებასაც, რომლის მიხედვითაც თანახმად ონტოგენეზისის და ფილოგენეზისის პარალელიზმისა, ყოველი ცალკე ადამიანი თავისი გვარის განვითარების ყველა მნიშვნელოვან საფეხურს თავისი ინდივიდუალური ცხოვრების პროცესში განივლის, მაშინ ცხადი შეიქნება, რომ პირველყოფილი ადამიანის რაცხვანი და განცდანი არასოდეს ისე ახლო არ დგანან ჩვენთან, როგორც ბავშობის ასაკში, და მაშასადამე ისტორიის არც ერთი ხანა არ უნდა იყოს ისე შესაფერისი ბავშვობის ასაკისათვის, როგორც ხანა კაცობრიობის პრეისტორიული ცხოვრებისა.
2. ისტორიის სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი განვითარების იდეის შინაგან აღთქმაში უნდა ვეძიოთ. მაგრამ რაც უფრო თანდათანობითია პროცესი განვითარებისა, მით უფრო ძნელია მისი იდეის წვდომა, მით უფრო საეჭვოა, რომ განუვითარებელ გონებას არ გამოეპაროს ფაქტი წინსვლის პროცესის ცვალებისა. ადამიანის ცნობიერება. ისეა მოწყობილი, რომ მოვლენათა შორის არსებული განსხვავება, მით უფო ძნელი დასაჭერია მისთვის, რაც უფრო მცირეა ეს განსხვავება. თავისთავად იგულისხმება, რომ რაც უფრო ნაკლებაა მომწიფებული იდეა განვითარებისა, მით უფრო ძლიერი და მკვეთრი უნდა იყოს მისი საფეხურების განსხვავება, რათა იგი სრულიად შეუმჩნეველი არ დარჩეს. პირველყოფილი კულტურის ისტორია კი განვითარების სწორედ ასეთი თვალსაჩინოდ განსხვავებული საფეხურების აღწერას შეიცავს, და ამიტომ განვითარების იდეის აღზრდის პირველ ხანებში მასზე უფრო ხელსაყრელ მასალას ისტორიული წარსულის არცერთი დამთავრებული კულტურული წრე არ იძლევა. ამ მხრივ მისი უპირატესობა უეჭველად უდავოდ უნდა ჩაითვალოს.
ამგვარად ცხადია, რომ პირველყოფილი კულტურის კურსი სკოლის პირველისავე საფეხურისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელ თვისებებს შეიცავს. მაგრამ უეჭველია ისიც, რომ ამასთან ერთად და იმის მიუხედავად იგი ზოგიერთ ისეთ მხარესაც ატარებს, რომელიც მის სწავლებას განსაკუთრებით აძნელებს.
აქ პირველყოვლისა ისმის საკითხი, რა ადგილი უნდა დაეთმოს სწავლების პროცესში სახელმძღვანელოს. 11-12 წლის ბავშვებისთვის სისტემატიურად დალაგებული შინაარსის წიგნი ჯერ კიდევ უცხო და ხელმიუწვდომელია. მეორეს მხრივ, განსაკუთრებით დღევანდელი პირობების გამო, ბავშვების სრულიად უწიგნოდ დატოვებაც შეუწყნარებელია. ამიტომ ერთადერთი საუკეთესო გზა ის იქნებოდა, თუ რომ მასწავლებელი პირველყოფილი კულტურის კურსის გადაცემის დროს ცოცხალ სიტყვასა და მეთოდიურად მოსწრებულ საუბარს უპირველეს ადგილს დაუთმობდა. სახელმძღვანელო მაშინ მხოლოდ კლასში საუბრის დროს შეთვისებული მასალის მეხსიერებაში აღსადგენადა და განსამტკიცებლად იქნებოდა საჭირო. ამასთან ერთად თვით სახელმძღვანელოს შედარებით აუცილებელი სქემატიზმიც ძლეულ იქნებოდა, და დაბრკოლების ნაცვლად ბავშვის ისტორიული აზროვნების განვითარებას იგი მართლა ხელს შეუწყობდა. ზოგი ფიქრობს, რომ პირველყოფილი კულტურის ისტორიის სახელმძღვანელო მხატვრული სურათის კრებულს უნდა წარმოადგენდეს, იგი ცალკე მოვლენათა მხატვრულ მოთხრობებს უნდა შეიცავდეს და მხოლოდ მაშინ შეიქნება იგი 11-12 წლის მოზარდისათვის მიმზიდველიც და ხელმისაწვდომიცო. მაგრამ უეჭველია, ყოველი კონკრეტი სურათი მხოლოდ უძრავი მომენტის, მიღწეული საფეხურის სტატური მდგომარეობის გამოხატულების მეტს ვერაფერს მოგვცემს. ამიტომ განვითარების მომენტის გასათვალისწინებლად იგი სრულიად შეუფერებელია. ასეთი სურათები უეჭველია მხოლოდ კულტურულ მდგომარეობათა ნათლად წარმოსადგენად და მის ნაშთთა გასაცნობად არის მისაღები. ხოლო როდესაც ერთი კონკრეტი სურათი კაცობრიობის გამოცდილების მრავალგზისი საფეხურების ან მომენტების აღნიშვნის სანაცვლოდ არის მოყვანილი, მაშინ ასეთი მეთოდი, გან – საკუთრებით მცირე ასაკოვანთათვის, პირდაპირ მავნებლად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან გამოცდილების დაგროვების ცნების ნაცვლად მის ცნობიერებაში მხოლოდ ერთი შემთხვევის სურათი დარჩება. პირველყოფილი კულტურის სწავლების დროს, რამდენადაც არა განვითარების, არამედ უმთავრესად პირველყოფილი ადამიანის მდგომარეობის და კულტურულ ცხოვრების სურათია გასათვალისწინებელი, ცოცხალ, მხატვრულად აღწერილ სურათებს მართლა დიდი მეთოდიური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ისტორიაში მარტო ფანტაზიის მიერ შექმნილ, ხელოვნურად გამოგონებულ სურათებს სრულიად შეუძლებელია, რომ ადგილი ჰქონდეს დათმობილი. ამიტომ აქ ერთადერთი გონივრული გზა მხოლოდ ის იქნება, თუ რომ მასწავლებელი თანამედროვე ველურთა ცხოვრების ცოცხლად დახატულ სურათებს მიმართავს. ამ მხრივ მასწავლებლის ცოცხალ სიტყვას და,