ემოციურ განცდათა ფსიქოლოგია ემოციური განცდები
1. ცნობიერების მუშაობის უკიდურესი ეტაპები
განწყობის როლი ცოცხალი არსების ქცევის პროცესში ძალიან დიდია. დიდია იგი, კერძოდ, ადამიანის ქცევის პროცესშიც. მაგრამ ის უდიდესი მიღწევები, რომელიც ადამიანს აქვს მოპოვებული, განწყობის უშუალო გავლენით მაინც არ აიხსნება; ადამიანი რომ ამ უშუალო გავლენის ამარა დარჩენილიყო, იგი პირუტყვის ცხოვრების დონეს, ალბათ, ვერასოდეს ვერ ასცდებოდა. ადამიანის სპეციფიკური თავისებურება და იმავე დროს მისი უდიდესი მონაპოვარი სწორედ ისაა, რომ მას ძალა შესწევს, თავისი ქცევა განწყობის უშუალო ბატონობას ხელიდან გამოგლიჯოს, რათა იგი ცნობიერების აქტიობით გაშუალებულ განწყობას დაუმორჩილოს: ცნობიერება ადამიანის ქცევის უსპეციფიკურესი ფაქტორია.
მაგრამ ცნობიერება ნივთი არაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოკვეთილი, მარად უცვლვლი სახით იჩენდეს თავს. იგი უფრო პროცესია, რომელიც ყოველს კერძო შემთხვევაში განვითარების რამოდენიმე საფეხურს გაივლის. მისი სათავე, რასაკვირველია, სინამდვილის პირველად ასახვაში, ესე იგი, განწყობაში უნდა ვეძიოთ. ყოველი ცნობიერება მას ეყრდნობა და მისგან მომდინარეობს. მაშასადამე, ცნობიერების განვითარების პირველი ეტაპი ჯერ კიდევ უშუალოდ ემიჯნება განწყობას, უშუალოდ უკავშირდება სუბიექტის მთლიან მდგომარეობას. იგი ასე თუ ისე განწყობილი სუბიექტის ასახვას უფრო წარმოადგენს, ვიდრე ობიექტური სინამდვილის დიფერენცირებულ სურათს. ამ უკანასკნელს ცნობიერება თავისი განვითარების მხოლოდ ბოლო საფეხურებზე აღწევს: მისი უკანასკნელი მიზანი ობიექტური სინამდვილის მრავალფეროვნების ცნობიერ ასახვაში მდგომარეობს.
ამრიგად, ცნობიერების ორი უკიდურესი ეტაპი, დასაწყისი და საბოლოო ეტაპი, ასეთია: თავში ცნობიერება სუბიექტის მთლიანი მდგომარეობის ასახვას წარმოადგენს. აქ იგი სუბიექტურია და მთლიანობითი. ბოლო საფეხურზე კი, პირიქით, იგი ობიექტური სინამდვილის დიფერენცირებული მრავალაფროვნების ასახვას ესწრაფვის: აქ იგი ობიექტურია და განაწევრებული. ცნობიერების ჩვეულებრივი მუშაობა ამ ორს, ურთიერთის საწინააღმდეგო პოლუსს შუა მიმდინარეობს.
ბუნებრივად იბადება საკითხი: რა მოვლენების სახით იჩენენ თავს ცნობიერების განვითარების ეს ეტაპები?
2. ემოციური განცდის შედარებითი პრიმიტულობა
პირველ რიგში საინტერესოა გავარკვიოთ: რა გვაქვს ცნობიერებაში ისეთი, რომ ჩვენი
სუბიექტური მდგომარეობის მთლიანობითი ხასიათის ასახვას წარმოადგენს? რა განცდები გვაქვს ისეთი, რომ ჩვენი განწყობების მიჯნაზე არსებულად და, მაშასადამე, ცნობიერების გამოვლენის ყველაზე უფრო პრიმიტულ ფორმად შეიძლებოდეს ვიგულისხმოთ?
ავიღოთ ჩვენი ცნობიერების სხვადასხვა შესაძლო შინაარსი. დავიწყოთ იმით, რასაც, ჩვეულებრივ, შემეცნების პროცესებს უწოდებენ. აღქმა, წარმოდგენა, აზრი - ყველაფერი ეს ხომ უთუოდ რაიმე ობიექტს გულისხმობს, უთუოდ ჩვენს გარეთ არსებულის, ობიექტური სინამდვილის შესახებ გვაცნობებს რაიმეს; ეჭვი არაა, აღქმაც, წარმოდგენაცა და აზრიც ობიექტური სინამდვილის ასახვას იძლევა, იმის ასახვას, რაც ჩემგან დამოუკიდებლად არსებობს, და არა სუბიექტურისას.
ამიტომაა, რომ მათ შემეცნებით პროცესებს უწოდებენ.
მათი ძირითადი ტენდენცია ობიექტური სინამდვილის არა საზოგადოდ როგორმე ასახვაში, არამედ ზუსტ ასახვაში მდგომარეობს, მათს, რამდენადაც შესაძლოა, განაწევრებულს, დიფერენცირებულ განცდაში. დიფუზიური აღქმა და წარმოდგენა ან აზრი თავის მიზანს ვერ აღწევს. მთლიანის ისე ასახვა, რომ მისი ნაწილობრივი მომენტები ბურუსით იყოს მოცული, მაგალითად, ხის ისე აღქმა, რომ არ ხედავდე მის ნაწილებს, მის თვისებებს - ფოთლებსა და მათ ფერს... ერთი სიტყვით, რისამე ისე აღქმა, წარმოდგენა ან აზროვნება, რომ მისი ნიშნების შესახებ არაფერი იცოდე, არავითარ შემთხვევაში არ შეეფერება შემეცნებითი პროცესების აზრსა და დანიშნულებას.
ამრიგად. შემეცნებითი პროცესებისთვის სწორედ ობიექტურობა და, რამდენადაც შესაძლებელია, ამ ობიექტურობის მაქსიმალურად განაწევრებული ასახვაა დამახასიათებელი: შემეცნება ობიექტური სინამდვილის მრავალფეროვნების ზუსტ ასახვას ესწრაფვის.
მაშასადამე, ნათელია, შემეცნებითი პროცესი ცნობიერების განვითარების ბოლო პოლუსს უფრო შეეფერება, ვიდრე მის დასაწყის ფაზას: იგი სწორედ იმის საწინააღმდეგო ნიშნებს შეიცავს, რაც ამ პირველი ფაზისთვისაა დამახასიათებელი.
ავიღოთ ეხლა ე. წ. ემოციური განცდები: სიამოვნება და უსიამოვნება, სიყვარული და სიძულვილი, შიში და რისხვა. ...რა არის ამათთვის დამახასიათებელი? წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე მათგანის განცდა გაქვთ: მაგალითად, შიშს განიცდით, გინდა სიამოვნებას ან სიყვარულს.
განა რომელიმე ამ განცდათაგანი ობიექტური სინამდვილის რომელიმე ნიშანს ან მომენტს გადმოგვცემს, ანდა, საზოგადოდ, რისამე ობიექტურად არსებულის ასახვას წარმოადგენს? რასაკვირველია, არა. მცენარის მწვანე ფერს რომ აღვიქვამ, ვგულისხმობ, რომ ამ აღქმამ მცენარის ფერი გამითვალისწინა: მცენარეს ეს ფერი აქვს, და ეს აღქმის წყალობით ვიცი. სიამოვნებას ან სიყვარულს რომ განვიცდი, მაშინაც ვტყობილობ რასმე ობიექტური სინამდვილის შესახებ, თუ არა? რასაკვირველია, არაფერს. სიყვარული ან სიამოვნება ჩემი მდგომარეობაა, და არა რაიმე ობიექტის ნიშანი. ასეა ყველა სხვა ემოციური განცდების შემთხვევაშიც.
მაშასადამე, ემოციური განცდა მხოლოდ სუბიექტის მდგომარეობას წარმოადგენს.
ამავე დროს ძნელი შესამჩნევი არაა, რომ მაგალითად, სიყვარული სრულიად არ შეადგენს ისეთს