IMPERSONALIA „ თუ რომ მხედველობაში არ მივიღებთ იმ წინადადებათ, რომლებშიც ჩვენებითი ნაცვალსახელი რომელსამე განსაზღვრულ საგანს ან მოვლენას მიგვითითებს და რომელნიც ამიტომ innipersonalia-თა რიცხვში შეცდომით ითვლებიან როგორც მაგ., es ist Karl, es ist vollendet და მისთანანი, მაშინ ნამდვილ impersonalia-დ ე. წ. მეტეოროლოგიური წინადადებანი უნდა ჩაითვალონ-ო “ ამბობს ვუნდტი.
მართალია ვუნდტი თუ არა, ეს სულ ერთია: ყოველ შემთხვევაში უდავოა, რომ არც ერთი წინადადება არ არის მეტყველი დედამიწის ზურგზე იმპერსონალური ფორმით ისე ფართოდ გავრცელებული, როგორც ე. წ. მეტეოროლოგიური წინადადებანი.
სრულიად ბუნებრივად ისმის ამიტომ საკითხი: რა აქვს მეტეოროლოგიურ მოვლენებს ისეთი, რომ ყოველი ენა იძულებული ხდება, იგინი იმპერსონალური წინადადების სამოსელში გაახვიოს, მაშინ როდესაც სხვა მოვლენათა მიმართ ერთ ენას რომ პირის დასახელება ეხერხება, მეორე ამ მხრივ სრულ უძლურებას იჩენს? ამ ფაქტს სიმპტომატური მნიშვნელობა აქვს, და მეთოდოლოგიურად ე. წ. impersonalia-თა ფსიქოლოგიური ბუნების გამოსარკვევად მისი ღირებულება ყოველ ეჭვს გარეშეა. ჩვენც აქედან უნდა დავიწყოთ, და როდესაც მეტეოროლოგიურ წინადადებათა თავისებური ფსიქოლოგიური შინაარსი გამოირკვევა, შეიძლება ამით ყოველგვარი impersonale-ს ბუნებასაც საბოლოო ნათელი მოეფინოს.
„ წვიმს “ , „ თოვს “ , „ ელავს “ , „ ჭექავს “ და სხვა ამისდაგვარი, როგორც ცნობილია, იმპერსონალურს ან, ჰეიზეს თქმით, უსუბიექტო წინადადებად ითვლება. მაშასადამე, მასში, თანახმად ტრადიციისა, მსჯელობის აქტი პოულობს თავის გამოხატულებას. მაგრამ მსჯელობა ე. წ. სუბიექტსა და პრედიკატს გულისსხმობს. უსუბიექტო წინადადებებში კი სუბიექტი არა ჩანს. ამიტომ ისმის პრობლემა: ან impersonale მსჯელობაა, და მაშ მისი სუბიექტი უნდა იყოს გამონახული; ან იგი არ არის მსჯელობა და მაშინ „ წვიმს “ , „ თოვს “ და მისთანანი წინადადებად ვეღარ ჩაითვლებიან, თუ რომ მართალია, რომ წინადადება ყოველთვის მსჯელობის სიტყვიერი გამოხატულებაა; ანდა, დასასრულ, impersonale არა თუ წინადადებაა, არამედ უეჭველად მსჯელობაცაა; მაგრამ მაშინ მსჯელობის აქტისათვის სუბიექტი და პრედიკატი მიუცილებელ ელემენტებად აღარ უნდა ითვლებოდნენ.
impersonale-თა პრობლემის ისტორიაში საკითხის გადაჭრის ორგვარი ძირითადი ცდაა გაბატონებული. ორთავესთვის დამახასიათებელია წინასწარი რწმენა, რომ აქ ნამდვილი მსჯელობის აქტთან გვაქვს საქმე; ხოლო განსხვავება მათ შორის ისაა, რომ მაშინ, როდესაც ერთი მიმდინარეობა მსჯელობისათვის სუბიექტს მიუცილებელ ელემენტად თვლის და, მაშასადამე, impersonale-შიც მის დადასტურებას ცდილობს, მეორეს სუბიექტი სრულიადაც არ მიაჩნია მსჯელობის ორგანულ ნაწილად და, ცხადია, impersonale-თა ფაქტში თავისი მსჯელობის თეორიის ერთ-ერთ არგუმენტს სჭვრეტს. პირველი მიმდინარეობისათვის განსაკუთრებით ზიგვარტის, იერუზალემის და ვუნდტის შეხედულებებია დამახასიათებელი; მეორისათვის - ბრენტანოს სკოლისა.
I. „ უსუბიექტოდ “ ეს წინადადებებიო, - ამბობს ზიგვარტი, - მხოლოდ იმ ვიწრო მნიშვნელობით ჩაითვლებიან, რომ მათ საგანი-სუბიექტი (Dingsubject) აკლიათო; მაგრამ იგინი სრულიად არ შეადგენენ გამონაკლისს მსჯელობის გამომეტყველი წინადადების ზოგადი ბუნებიდან: იგინი შეიცავენ სინთეზს ზოგადის ცნობილი წარმოდგენისას წინამდებარე მოვლენასთან, და სწორედ ეს უკანასკნელია, რომ სუბიექტს აღნიშნავს “ , და ამავე დროს ზმნის პირის დაბოლოებაც სწორედ მას გულისხმობსო. მაგრამ წინამდებარე მოვლენის წარმოდგენისა და ცნობილის ზოგადი წარმოდგენის სინთეზი, ზიგვარტის გაგებით, დასახელებაა (Benennung) და მეტი არაფერი. მაშასადამე, იმპერსონალური წინადადებანი ნამდვილად მხოლოდ დასახელებით მსჯელობათ (Benennungsurteil) წარმოადგენენ: „ ელავს “ - ეს იგივეა, რაც: „ ის, რასაც მე ვხედავ, ელვაა “ ; - ეს კი იმას ნიშნავს, რომ S-ად აღქმული მოვლენა უნდა ვიგულისხმოთ და P-დ ზმნაში აღნიშნული სახელწოდება.
II. ვუნდტის შეხედულება სხვაგვარია. მისი აზრით, impersonalia-ს ნამდვილი ბუნების გათვალისწინება გასაგებად ხდის იმ გარემოებას, რომ ენის ძველ ძეგლებში გაცილებით უფრო იშვიათია უსუბიექტო ფორმები, ვიდრე ახლებში. უეჭველია, რომ იმპერსონალურ წინადადებათა შესატყვის წარმოდგენათა შინაარსში დღესაც მოიპოვება ისეთი ელემენტი, რომელიც იძულებელგვყოფს, ზმნაში აღნიშნული მოვლენის სუბიექტი თვით ზმნის დაბოლოებით და ზოგიერთ თანამედროვე ენაში ცალკე ნაცვალსახელითაც კი აღვნიშნოთ, როგორც ეს, მაგ., გერმანულშია: es regnet. მაგრამ ეს ელემენტი გამოურკვეველი მნიშვნელობისაა, და ამიტომ არის, რომ თვით წინადადების სუბიექტიც გამოურკვევლად უნდა ჩაითვალოს. ეს იმით აიხსნება, ვუნდტის შეხედულებით, რომ „ ფსიქოლოგიურად იგი მთელ კომპლექსს აღნიშნავს აღქმის კონსტანტ შინაარსისას, რომელიც ზმნაში ნაგულისხმევ მოვლენასა თუ მდგომარეობასთან ერთად არის მოცემული: ამ შინაარსიდან ხან ერთი წამოიწევა ცნობიერებაში წინ და ხან მეორე, და სწორედ წარმოდგენის ასეთი მერყევი ფსიქოლოგიური ბუნებიდან გამომდინარეობს მისი გარკვეული ლოგიკური გამოსახვის შეუძლებლობას. ერთი სიტყვით ე. წ. impersonalia-ში სუბიექტს უთუოდ ვგულისხმობთ, და სუბიექტი ლოგიკურად გამოურკვეველი საგნობრივი ცნებაა (Gegenstandsbegriff), ხოლო ფსიქოლოგიურად მთელი კომპლექსი იმ აღქმათა შინაარსისა, რომელიც ზმნაში აღნიშნულ მოვლენასთან თუ მდგომარეობასთან ერთად გვეძლევა. პირველად,