ფსიქოლოგია და პედაგოგიკა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას პედაგოგიკისა და პედაგოგის დახმარება წარმოადგენს. ამას არავინ უარყოფს, არც პედაგოგი, არც ფსიქოლოგი. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ითქვას, რომ დღეს საბოლოოდ გადაწყვეტილი იყოს, თუ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში დახმარება, რა მოეთხოვება ფსიქოლოგიას, რათა მან პედაგოგიკის მიმართ თავისი მოვალეობა შეასრულოს. ხშირად პედაგოგს ასე ესმის დახმარების ცნება: როდესაც მის წინაშე რაიმე ძნელი პედაგოგიური საკითხი დგას - ვთქვათ, შეგნებული დისციპლინის აღზრდის საკითხი - იგი უშუალო მონაწილეობის მიღებას ავალებს ფსიქოლოგს ამ პედაგოგიური საკითხის გადაჭრაში - თითქოს ფსიქოლოგია მოწოდებული იყოს ასწავლოს პედაგოგიკას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პედაგოგიური საკითხები.
ხშირია შემთხვევა, რომ, სამწუხაროდ, ფსიქოლოგსაც ასე ესმის პედაგოგიკის მიმართ დახმარების ამოცანა და ჩვეულებრივ ასე იქცევა, როდესაც რაიმე ფსიქოლოგიურ საკითხს იკვლევს, მაგ: ნებისყოფის საკითხს, იგი მიღებული შედეგების გადმოცემით როდი კმაყოფილდება, არამედ პედაგოგიური დასკვნების მოცემასაც ცდილობს. ეს წესი იმდენად გავრცელებულია, რომ იგი არა მარტო პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში გვხვდება, არამედ ძალიან ხშირად ზოგადი ფსიქოლოგიის კურსებსა და სახელმძღვანელოებშიც. საკმარისია დავასახელოთ თუნდ პროფ. კორნილოვის რედაქციით გამოსული სახელმძღვანელო, რომელშიაც თითქმის ყოველი ცალკე თავი პედაგოგიური დასკვნების ჩამოთვლით თავდება, რომ ეს დებულება ყველასათვის ნათელი და უდავო შეიქნეს.
დიდი შორსმჭვრეტელობა არ არის საჭირო, რომ კაცმა გაიგოს, თუ რაოდენ მცდარია და შეიძლება მავნებელიც დახმარების ცნების ასე გაგება. მართლაცდა უდაოა, პედაგოგიური დასკვნები, საიდანაც არ უნდა გამომდინარეობდნენ ისინი, პედაგოგიკურ დებულებებს წარმოადგენენ. მაშასადამე, როდესაც ფსიქოლოგი ასეთ დასკვნებს აკეთებს, იგი ფსიქოლოგიის საზღვრებს ტოვებს და პედაგოგიკის ფარგლებში იჭრება: იგი პედაგოგიკის საქმის გაკეთებას ცდილობს. ცხადია, ამ შემთხვევაში „ პედაგოგიკის თავის უფლებებში აღდგენის “ შესახებ ლაპარაკიც ზედმეტია.
მაგრამ ესეც არ იყოს, ფსიქოლოგიის მიერ წამოყენებული პედაგოგიკური დებულებები, რამდენადაც ისინი ფსიქოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე დასკვნებს წარმოადგენენ, არ შეიძლება პრინციპულად, პედაგოგიურად ჩაითვალონ. საქმე ისაა, რომ დებულებები მხოლოდ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს ეყრდნობიან, მაშინ როდესაც პედაგოგიკას, გარდა ფსიქოლოგიისა, სხვა დამხმარე მეცნიერებებიც აქვს, იმიტომ, რომ მისი დებულებები არა მარტო ფსიქოლოგიურით, არამედ სხვა ასპექტებითაც უნდა იყოს დასაბუთებული. ფსიქოლოგიას, როგორც ასეთს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ეს ასპექტებიც მხედველობაში ჰქონდეს და ამიტომ მისი პედაგოგიური დასკვნები პრინციპულად ყოველთვის ცალმხრივია. მოკლედ, ფსიქოლოგიზმი პედაგოგიკაშიც მცდარ თვალსაზრისს წარმოადგენს და ფსიქოლოგიისათვის პედაგოგიური დასკვნების გამოტანის დავალება ნიშნავს სწორედ ფსიქოლოგიზმის შეტანას პედაგოგიკაში.
აქედან ნათელი ხდება, რომ პედაგოგიური დასკვნების გამოტანა ფსიქოლოგიის საქმე არ არის, თუნდ ეს დასკვნები ფსიქოლოგიური მონაცემებიდანაც გამომდინარეობდნენ. ასეთი დასკვნებით ფსიქოლოგია როდი ეხმარება, არამედ ხელს უშლის პედაგოგიკას, დეზორიენტაცია შეაქვს მასში, რამდენადაც სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც არსებითია პედაგოგიკისათვის, უგულებელაყოფინებს. პედაგოგიური დებულების შემუშავება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პედაგოგიკის საქმეა და ფსიქოლოგიას სწორედ აქ ევალება დახმარება გაუწიოს მას. საქმე ისაა, რომ პედაგოგიური დებულების შესამუშავებლად ბევრი რამაა საჭირო და განსაკუთრებით ფსიქოლოგიური მასალაც: იმისათვის, რომ ადამიანის აღზრდის წარმართვა შესაძლო გახდეს, საჭიროა მისი ფსიქიკის განვითარების კანონზომიერებას გაუწიო ანგარიში: პედაგოგიკას იშვიათად აქვს საქმე ისეთ საკითხთან, რომლის წარმატებით გადაწყვეტა სათანადო ფსიქოლოგიური მასალის გათვალისწინების გარეშე შეიძლებოდეს,. პედაგოგიკა, მაშასადამე, ვერც ერთს ასეთ საკითხს ვერ გადაჭრის სათანადოდ თუ მას ფსოქლოგიური მასალა არ ექნა ხელთ, თუ იგი მოკლებულ იქნა ფსიქიკის იმ მხარის კანონზომიერებათა ცოდნას, რომლის აღზრდის საკითხიც დგას ამჟამად მის წინაშე. მაგრამ საიდან მიიღოს პედაგოგიკამ ეს ფსიქოლოგიური მასალა? ვისგან უნდა შეიტყოს მან ფსიქიკური ცხოვრების კანონზომიერებათა შესახებ? რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ იმ მეცნიერებებისაგან, რომელსაც ყველაფრის ამის კვლევა ევალება: რასაკვირველია, ფსიქოლოგიისაგან. პედაგოგიკა მეტს არაფერს სთხოვს ფსიქოლოგიას, გარდა სინამდვილის იმ სფეროს ფსიქოლოგიურ კანონზომიერებათა შესწავლისა, რომელიც მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს: პედაგოგიკა მხოლოდ იმ მხრივ სთხოვს დახმარებას ფსიქოლოგიას, რომ მან სწავლა-აღზრდის, პედაგოგიური პროცესის ცალკეული მნიშვნელოვანი მომენტების ფსიქოლოგიური შესწავლა აწარმოოს, და ამით შესაძლებლობა მისცეს მას თავისი პედაგოგიური დებულებების შემუშავებისას მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ სინამდვილესაც შესაფერი ანგარიში გაუწიოს. ფსიქოლოგიას იმას კი არ სთხოვენ, რომ მან პედაგოგიური