მაჰმადი და მისი მოღვაწეობა რედაქტორისაგან
დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც მეცნიერულსა და ფილოსოფიურ საგნებზე წერა და ლაპარაკი ქართულად ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო! ვინ იფიქრებდა, რომ ქართული ენის საგანძური იმდენად ძვირფასი აღმოჩნდებოდა, რომ უკანასკნელი დროის მეცნიერულითა და ფილოსოფიური ვარჯიშობით გალესილი გონების განყენებულ ცნებებსაც კი შესაფერსა და სრულ სიტყვიერ გამოხატულებას უპოვნიდა.
მეცნიერული და ფილოსოფიური ენა ყველგან ხელოვნურად შეზავებულია; იგი ამიტომ ამავე ენაზე მოლაპარაკე უბრალო ადამიანისათვის უცხო და გაუგებარია. ეს ასეც უნდა იყოს; ენის განვითარება გონებისა და გრძნობის განვითარებას მისდევს კვალდაკვალ. იგი გარეგანი, თვალსაჩინო სიმპტომია თვალთაგან ფარული, შინაგანი ცხოვრების განვითარებისა. და როგორც გონება უბრალო ადამიანისა უძლურია ღრმა ფილოსოფიური მსჯელობის ნაყოფი ადვილად შეითვისოს, ისე უძლურია იგი იმ ენის გაგებაშიც, რომელიც ამ ნაყოფს გარეგან გამოხატულებას აძლევს.
ჩვენი ენა არ არის ხელოვნურად განვითარებული. ხოლო საკვირველი ის არის, რომ იგი საკმაოდ მდიდარია - ათასი ისეთი განყენებული ცნება და აზრი გამოხატოს, რომელიც მხოლოდ დღევანდელ განვითარებულ აზროვნებას წარმოუშვია.
რით აიხსნება ეს? მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ იმ კულტურული სიმდიდრით, რომელიც ჩვენს წარსულ ისტორიას შეუქმნია და ჩვენთვის, ქართულ ენასთან შედუღებული, მემკვიდრეობით გადმოუცია. მაგრამ ჩვენი ენის ამ საკვირველი თვისების მიუხედავად, მაინც არავინ ფიქრობდა, რომ იგი მეცნიერულსა და ფილოსოფიურ კვლევაში გამოსადეგი შეიქმნებოდა. დღეს, როგორც ხედავთ, ეს აზრი სასიამოვნო შეცდომა აღმოჩნდა, და უკვე შესაძლებელი შეიქნა თანამედროვე გონებრივი კულტურის სიმდიდრის ზედმიწევნითი გადმოცემა ამ ენის საშუალებით.
მაგრამ ჩვენი დღევანდელი სამეცნიერო ლიტერატურა ფრიად ღარიბია. თუ გნებავთ, იგი ჯერ არც კი არსებობს. დღეს მხოლოდ ისახება იგი, და მისი მომავალი ბედი ოდნავ შესამჩნევი მკრთალი ხაზებით იფარგლება.
ჩვენი ცხოვრება კი წინ მიდის; იგი ნელ, მაგრამ მაინც საგრძნობ ცვალებადობას განიცდის. იგი ახალ მოთხოვნილებათ ბადებს და ძველ მისწრაფებათა დასაკმაყოფილებლად ახლად გაჭედილ ფორმებს მოითხოვს.
სახალხო უნივერსიტეტები და იქ მოსიარულე საზოგადოება სხვათა შორის ნათლად მოწმობს, რომ ჩვენს ხალხში ცოდნის წყურვილი თანდათან მატულობს. ხოლო იგი ამ წყურვილს სამშობლო მწერლობით ვერ იკლავს, და ხშირად ძლიერ ბევრი იძულებული ხდება უცხო ენას, უცხო მწერლობას მიმართოს. ამით ხალხის თავისებური ეროვნული შემოქმედების ძალა დუნდება, იგი უცხო სფეროში, უჩვევ ატმოსფეროში სულს ვერ იბრუნებს, მისი გონება იფიტება, მისი ნებისყოფა ჩლუნგდება, და ასე ნელ-ნელა ხალხის სული დეგენერაციის გზას ადგება.
ამ საშიში შესაძლებლობის თავიდან აცილება კი ზნეობრივი მოვალეობაა ყოველი ქართველისთვის, ზნეობრივი მოვალეობა კულტურისა და „ ადამიანობის “ მომავლის წინაშე. ჩვენ უნდა შევიგნოთ ეს მოვალეობა და ყველაფერი ვიღონოთ მისი პირნათლად ასრულებისთვის. ჩვენ ის მაინც შეგვიძლია, რომ ქართული მეცნიერების დანაკლისის შევსებისათვის ვიზრუნოთ. და აი, სწორედ ამ ნიადაგზე დაიბადა ჩვენი განზრახვა „ საისტორიო ბიბლიოთეკის “ დაარსებისა.
იგი, ალბათ, უმთავრესად ნათარგმნი ნაწარმოებებით შეივსება. ხოლო იქიდან არც ორიგინალური ნაშრომი იქნება განდევნილი.
ამასთანავე, რადგანაც იგი განზრახულია ისეთი მკითხველისათვის, რომელსაც უცხო მწერლობით ყველა თავისი გონებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ჯერ კიდევ არ უგემებია (ასეთი კი ხალხში უნდა ვეძიოთ), ამიტომ ჩვენი „ საისტორიო ბიბლიოთეკა “ შევსებული იქნება პოპულარული შინაარსის ნაშრომებით.
მაგრამ მარტო პოპულარიზაცია არ შეადგენს ჩვენს მიზანს.
ჩვენი სამეცნიერო ლიტერატურა ღარიბია-მეთქი, ვამბობდი; და ეს სიღარიბე მეცნიერების ყველა სფეროში არის საგრძნობი. ამ მხრივ არც მსოფლიო ისტორია შეადგენს გამონაკლისს. მაგრამ მომავალში ხომ მაინც უნდა აღორძინდეს ჩვენი მეცნიერება; და ასეთი აღორძინებისათვის ნიადაგის მომზადებაა საჭირო. მარტო პოპულარიზაციის მიზნით შედგენილი წიგნი კი ამ მიზანს ვერ გაუწევს სამსახურს.
ამას გარდა, საჭიროა, რომ ქართულმა მწერლობამ მეტი მკითხველი მიიზიდოს; საჭიროა, რომ ყველას ეგულებოდეს იქ ის საკვები, რომელსაც მისი სული მოითხოვს. ამიტომ ჩვენმა „ ბიბლიოთეკამ “ სერიოზული მკითხველის მოთხოვნილებაც უნდა მიიღოს მხედველობაში, მან ანგარიში ყველას უნდა გაუწიოს.
ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ იგი ისეთი ისტორიული ნაწარმოებებით შეივსება, რომელნიც იმდენად მარტივად იქნება დაწერილი, რომ მისი შეთვისება მოუმზადებელი მკითხველისთვისაც ადვილი შესაძლებელი აღმოჩნდება, და იმდენად სერიოზულად და საინტერესოდ შედგენილი, რომ მისი წაკითხვა მომზადებული და განათლებული მკითხველისთვისაც საინტერესო და სასარგებლო გამოდგება.
ჩვენ ამ თვალსაზრისით ვიხელმძღვანელებთ, როდესაც ამა თუ იმ ნაწარმოების გამოქვეყნებას განვიზრახავთ. ამ თვალსაზრისით ვხელმძღვანელობდით ახლაც, როდესაც ჩვენი „ ბიბლიოთეკის “ პირველ ნომერს მიულერის ნაწერს ვუთმობდით მაჰმადიანობის შესახებ. შემდეგი ნომრებისთვის განზრახულია ჯერ-ჯერობით იმავე მიულერის წიგნიდან ამოღებული ცნობები მაჰმადის მოძღვრებისა და არაბების სახელმწიფოს შესახებ და შემდეგ გრევსის შრომა ხალხთა დიდ მოძრაობაზე.
დ. უზნაძე.
არაბთა ყოფა-ცხოვრება
მე-V-ე