ქცევის ფსიქოლოგია იმპულსური ქცევა
1. ცოცხალი არსება და ვიტალური მოთხოვნილება
ცოცხალი არსებისთვის არაფერი ისე სპეციფიკური არაა, როგორც ის გარემოება, რომ მას მოთხოვნილებები აქვს და რომ ამათ დასაკმაყოფილებლად თვითონ უნდა იზრუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის აქტიობაა დამახასიათებელი, ესე იგი, გარესინამდვილესთან გარკვეული ურთიერთობის დამყარება, რომლის გარეშეც, რასაკვირველია, არცერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ შეიძლება. უდაოა, სიცოცხლის მთელ შინაარსს არსებითად ეს აქტიობა შეადგენს, და მის გარეშე სიცოცხლეზე ლაპარაკი უადგილო იქნებოდა. აქედან ნათელია, რომ მოთხოვნილების ცნებას სრულიად განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ყოველს მეცნიერებაში, რომელსაც ცოცხალი არსების გაგება აქვს მიზნად დასახული, კერძოდ და განსაკუთრებით ფსიქოლოგიაში.
მოთხოვნილება აქტიობის წყაროა: იქ, სადაც არავითარი მოთხოვნილება არ არსებობს, იქ არც აქტიობაზე შეიძლება ლაპარაკი.
ამ აზრით მოთხოვნილების ცნება ძლიერ ფართო ცნებაა. იგი ყველაფერს ეხება, რაც ცოცხალი ორგანიზმისთვის საჭიროებას წარმოადგენს, მაგრამ რაც ამჟამად მის განკარგულeბაში არაა.
ხოლო რა შეიძლება იყოს საჭირო ცოცხალი ორგანიზმისთვის, რისი უქონლობა შეიძლება მან დანაკლისად განიცადოს, ეს ორგანიზმის განვითარების დონეზეა დამოკიდებული. მოთხოვნილება ვითარდება და არავისთვის არაა სადაო, რომ ადამიანს, განვითარების დღევანდელ საფეხურზე, მრავალი ისეთი მოთხოვნილება აქვს, რის მსგავსიც არა თუ ცხოველს, არამედ კულტურული განვითარების პრიმიტულ საფეხურზე მდგომ ადამიანსაც არ გააჩნია.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ზოგიერთი მოთხოვნილება, რომლის გარეშეც არცერთ ცოცხალ ორგანიზმს, განვითარების რა საფეხურზედაც უნდა იდგეს იგი, არსებობა არ შეუძლია. ეს ის მოთხოვნილებებია, რომელნიც თვითონ სიცოცხლის ძირითად პროცესებთან - კვებასთან და გამრავლებასთან - არიან დაკავშირებულნი და, მაშასადამე, ძირითადს ვიტალურს ან წმინდა ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს წარმოადგენენ. კვების მოთხოვნილება, ზრდის მოთხოვნილება, გამრავლების მოთხოვნილება ყოველ ცოცხალ ორგანიზმს აქვს, როგორც უმარტივესს, ისე ურთულესსაც. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ეს მოთხოვნილებები განვითარების პროცესში არ იცვლებოდნენ, თითქოს კვების მოთხოვნილება ამებასა და ადამიანს ერთიდაიგივე ჰქონდეს. არა, ჩვენ მხოლოდ იმის აღნიშვნა გვინდა, რომ ვიტალური მოთხოვნილება ყოველ ცოცხალ ორგანიზმს აქვს, განვითარების რაგინდ მაღალ დონეზეც არ უნდა იდგეს იგი; რომ უიმისოდ სიცოცხლე, საზოგადოდ, შეუძლებელია, მაგრამ რომ ეს მოთხოვნილებაც ვითარდება, რომ იგიც რთულდება და მრავალფეროვნდება, რომ დაბალ საფეხურზე იგი სხვაგვარია და მაღალზე სხვაგვარი, ამის უარყოფა დღეს, რასაკვირველია, აზრადაც არავის მოუვა.
2. ვიტალური მოთხოვნილება და ქცევა
რა არის ვიტალური მოთხოვნილებისთვის დამახასიათებელი? ჯერ ერთი, სრულიად არაა აუცილებელი, რომ იგი ფსიქიკურადაც იყოს მოცემული. საკმარისია, თუ იგი ობიექტურად არსებობს, ესე იგი, თუ ორგანიზმს მართლა აქვს რაიმე გარკვეული საჭიროება დასაკმაყოფილებელი. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, სუბიექტს მის შესახებ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდეს, იგი მაინც შეუცდომლად მიმართავს იმ საშუალებებს, რომელნიც მის დასაკმაყოფილებლადაა საჭირო. ეს დაახლოებით ისე ხდება, როგორც სუნთქვის მოთხოვნილების შემთხვევაში. ორგანიზმი სრულიად არ გრძნობს საგანგებოდ, რომ მას რაღაცა აკლია, რომ ეს რაღაც ჰაერია და რომ მისი მოპოვება სწორედ სუნთქვის საშუალებით შეიძლება. მიუხედავად ამისა, ის მაინც მაქსიმალური ზედმიწევნილობით სუნთქავს, ამისთვის მას არც საკუთარი წინასწარი გამოცდილება ესაჭიროება და არც ვისიმე დახმარება.
ასეა არსებითად ყველა ძირითადი ვიტალური მოთხოვნილების შემთხვევაში. ახალშობილ ბავშვს რომ პირში ძუძუ ჩაუდო, თუ მის ორგანიზმს საკვები ესაჭიროება, ესე იგი, თუ მას ჭამის მოთხოვნილება აქვს, იგი მაშინვე წოვას დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ წოვა მისთვის არავის უსწავლებია. არც ხბოს ესაჭიროება ბალახის ძოვის სწავლება და წიწილას - კენკვისა. პირველი იმთავითვე სწორედ ისეთ ბალახს ძოვს, რომელსაც მისი გამოკვება შეუძლია, და წიწილა თავიდანვე მარცვალს კენკავს და არა, მაგალითად, ქვიშას, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერჯერობით ამ მხრივ არავითარი გამოცდილება არ მიუღია.
ერთი სიტყვით, ცხოველი იმთავითვე უსწავლელად შესაფერ საკვებს აგნებს და მას შესაფერადვე ეპყრობა. ვიტალური მოთხოვნილება თვითონ მიმართავს ორგანიზმს შესატყვისი საგნისკენ: ორგანიზმი თანდათანობით როდი სწავლობს, თუ რას შეუძლია მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, არამედ გარკვეული მოთხოვნილების ქონების შემთხვევაში უამრავი საგნებიდან, რომლებსაც გარემო შეიცავს, ორგანიზმზე მხოლოდ ის ახდენს გავლენას, რასაც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია. ამის შედეგი ისაა, რომ ცოცხალ არსებას შესატყვისი მოქმედების განწყობა უჩნდება და, ბოლოს, თუ ამას ხელს არაფერი უშლის, თვითონ ეს მოქმედებაც. ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ლაპარაკობენ. ცხოველს, წიწილას თუ ადამიანს, დაბადებიდანვე აქვს თანდაყოლილი ზოგიერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილების უნარი. იგი არა მარტო სწორედ იმას მიმართავს, რასაც მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია (წიწილა - მარცვალს და არა ქვიშას), არამედ მოქმედებასაც ისეთს იწყებს, რომლითაც ამ მიზნის მიღწევა ხერხდება (კენკვას და არა სხვა რომელსამე მოძრაობას). ასეთს თანდაყოლილს, მიზანშეწონილ