პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლები წინასწარი შენიშვნები
1. როგორია პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლები? უდაოა, რომ ყოველი სუბიექტი, რომელიც ურთიერთობაში იმყოფება გარემოსთან, უწინარეს ყოვლისა, ორგანიზმს წარმოადგენს. მაგრამ მარტო ეს გარემოება ყოველთვის როდი ამოსწურავს მის არსს: ადამიანი, როგორც აქტიური სუბიექტი, განსაკუთრებით როგორც პიროვნება, მარტო ბიოლოგიურ ინდივიდს, მარტო ორგანიზმს, როდი შეადენს. იგი პირველ რიგში და განსაკუთრებით სოციალური არსებაცაა. მაგრამ სოციალურ არსებად, რა თქმა უნდა, მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმს შეუძლია გადაიქცეს, და იმისთვის, რომ პიროვნების არსი გაიგო, პირველ რიგში მისი ბიოლოგიური საფუძვლის, მისი ორგანიზმის ბუნება უნდა გაითვალისწინო.
რას წარმოადგენს ადამიანი, როგორც ბიოლოგიური არსება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, როგორც ბუნების მოვლენა? ამ საკითხის სპეციალური შესწავლა ბიოლოგიურ მეცნიერებათა საქმეა, კერძოდ, ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის.
ამიტომ ბუნებრივად იბადება საკითხი: არის თუ არა საჭირო, ფსიქოლოგია საგანგებოდ შეჩერდეს პიროვნების შესწავლის დროს მისი ბიოლოგიური საფუძვლების სისტემატურ გათვალისწინებაზე? მიუხედავად იმისა, რომ კვლევა-ძიება ამ სფეროში ბიოლოგიურ მეცნიერებათა ამოცანას წარმოადგენს, ეს საკითხი მაინც დადებითად უნდა გადაიჭრას. მართალია, ყველა ცნობა ადამიანის, როგორც ბილოგიური ინდივიდის, როგორც ორგანიზმის შესახებ, ბიოლოგიურ მეცნიერებათ მოეპოვება. მაშასადამე, ფსიქოლოგიის ფარგლებში მათი გადატანა და განმეორება საჭირო არ უნდა იყოს. მაგრამ რამდენადაც სპეციალურად პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლების საკითხი ამ მეცნიერებათ არ აინტერესებს, მათ სათანადო მასალა სათანადოდ შერჩეული და სისტემატურად დალაგებული ვერ ექნებაო. მაშასადამე, ფსიქოლოგია იძულებული ხდება ბიოლოგიურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგებში გაბნეული, მისი თვალსაზრისით საინტერესო მასალა შეაგროვოს, თავისი პრობლემატიკის ასპექტით შეაფასოს, შეარჩიოს და ბოლოს თავისი მიზნების შესატყვისად სისტემატურად დაალაგოს.
ამრიგად, ორგანიზმი, როგორც მთლიანობა, აი ბიოლოგიური პრობლემა, რომელიც ფსიქოლოგიას მთლიანი პიროვნების პრობლემასთან დაკავშირებით აინტერესებს.
თუ მეცხრამეტე საუკუნის ბიოლოგიურ მეცნიერებათ განსაკუთრებული ინტერესის საგნად უჯრედი მიაჩნდათ, როგორც ძირითადი მასალა, რომლიდანაც ცოცხალი ორგანიზმია აგებული, ხოლო უკანასკნელი, როგორც მთლიანობა, ყურადღების გარეშე რჩებოდათ, დღეს მდგომარეობა შეცვლილია: ორგანიზმის, როგორც მთლიანობის, პრობლემა სულ უფრო და უფრო წინა რიგებში დგება და უფრო და უფრო ნაყოფიერი შესწავლის საგნად იქცევა. დღევანდელ მეცნიერებაში მთლიანი ორგანიზმის პრობლემა სხვადასხვა მიმართულებით მუშავდება, განსაკუთრებით სხეულის კონსტიტუციის შინა სეკრეციისა და, დასასრულ, ნერვული სისტემის შესწავლის მიმართულებით.
კონსტიტუციის მოძღვრება
ჯერ კიდევ ჰიპოკრატის მიერ (5 საუკ. ჩ. წელთაღრიცხვამდე) იყო აღნიშნული, რომ ორგანიზმი, როგორც მთლიანი მოქმედებს, რომ ავადმყოფობის სახე და მიმდინარეობა ამ მთლიანზეა დამოკიდებული. დღეს უკვე უდაოდ ითვლება, რომ ტუბერკულოზის ბაცილამ შეიძლება ერთს ორგანიზმში ტუბერკულოზი გამოიწვიოს, ხოლო მეორისთვის სრულიად უვნებელი აღმოჩნდეს. ყვავილის შრატმა შეიძლება ერთში მძლავრი ანთებადი პროცესი და მაღალი ტემპერატურა გამოიწვიოს, ხოლო მეორეზე არავითარი გავლენა არ მოახდინოს. უეჭველია, ორივე ამ შემთხვევაში ერთიდაიგივე გარემიზეზი რომ ეგოდენ განსხვავებულ შედეგებს იძლევა, ეს მთლიანი ორგანიზმის განსხვავებულობის ბრალი უნდა იყოს: ერთიდაიმავე ნაწილის ერთიდაიმავე ინტენსიობით დაზიანება სხვადასხვა ორგანიზმში სხვადასხვა ეფექტს იძლევა, ერთსადაიმავე გამღიზიანებელს სხვადასხვა ორგანიზმი სხვადასხვანაირად უპასუხებს.
ორგანიზმის, როგორც მთელის, ანატომიურ, ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და ევოლუციურ თავისებურებათა ერთობლიობას, რომელიც მისი რეაქციების ასეთს სპეციფიკურ რაგვარობას განსაზღვრავს, ჩვეულებრივ, კონსტიტუციას უწოდებენ. სხვადასხვა ორგანიზმი რომ თავისი ერთიდაიმავე ნაწილის გაღიზიანებას სხვადასხვანაირად უპასუხებს, ეს, მაშასადამე, თითოეული მათგანის კონსტიტუციით აიხსნება. კონსტიტუცია ამისდა მიხედვით ფუნქციონალური ცნებაა: იგი ორგანიზმის იმ სასიცოცხლო პროცესების ასახსნელად არის შემოღებული, რომელთა გაგებაც მისი ცალკეული ნაწილების გათვალისწინების ნიადაგზე შეუძლებელი იქნებოდა.
მაგრამ მთლიანი ორგანიზმის ამ ფუნქციონალურ თავისებურებას მორფოლოგიური საფუძვლები აქვს, და კონსტიტუცია სხეულის აღნაგობის სპეციფიკურ მთლიანობაშიც იჩენს თავს. ყოველი ორგანიზმი თავისი მასალის მხრივ ერთნაირია: ადამიანის სხეულის ანატომია სრულ სურათს იძლევა იმისას, თუ რა და რა ნაწილებისგან შესდგება იგი. მაგრამ ყოველს კერძო შემთხვევაში ამ ნაწილების ურთიერთმიმართება ერთნაირი არაა, და, შესაძლოა, სხეულის, როგორც მთლიანის, თავისებურება სწორედ ამ ნიადაგზე იყოს აღმოცენებული. მაგალითად, შესაძლებელია, ყოველი ცალკე ორგანიზმი იმით განსხვავდებოდეს მეორისგან, რომ ან მისი ძირითადი მასალა, უჯრედები, იმყოფებოდნენ განსხვავებულს ურთიერთმიმართებაში, ან მისი ცალკე ორგანოები და ორგანოთა სისტემები - ნერვული სისტემა, ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის სისტემა, სქესობრივი სისტემა და სხვა; რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ორგანიზმის, როგორც მთელის, მორფოლოგიური სტრუქტურა სხვადასხვაგვარი იქნება და, საკვირველი არაა, რომ ამის კვალობაზე მისი ფუნქციონალური მხარეც შესატყვისად იყოს შეცვლილი: განსხვავებულად აგებული სომატური მთლიანი, რასაკვირველია, განსხვავებულ რეაქციებს მოგვცემს. აქედან ნათელია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ორგანიზმის მორფოლოგიური კონსტიტუციის შესწავლას. ეს მნიშვნელობა მით უფრო უდაოა, რომ არსად ისე ნათლად არ ჩანს ორგანიზმის, როგორც მთლიანობის, თავისებურება, როგორც სხეულის