ვთქვათ, ეს გამოდის, მაგრამ მაშინ რაღა გავაკეთოთ, როცა მაგალითად, შევდივართ მაღაზიაში, ბავშვი თავისებურად ცდილობს ორიენტირებას, გარემო კი წუხდება ამით?
მე ხშირად ვიყავი მომსწრე იმისა, რომ მამაჩემი სწრაფად გააცნობდა ხოლმე ჩემს თავს იმ საზოგადოებას, რომელიც არ მიცნობდა: ,,მე თან მყავს ბავშვი, რომელიც უჩვეულოდ იქცევა, მაგრამ ის ყოვლად უვნებელია. უბრალოდ არ მიაქციოთ ყურადღება და მაშინ სწრაფად გაუვლის"
აუტისტური ბავშვები ყველაზე ცუდად მაშინ იწყებენ მოქცევას, როცა ადამიანებს უჩვეულო ქცევის ეშინიათ და ისე რეაგირებენ, რომ სურთ ბავშვის აღზრდა და მორჯულება, ან უნდათ რაიმე გაუკეთონ მას. ამისი შედეგი ისაა, რომ ბავშვი ან კიდევ უფრო აღიგზნება და უფრო ცუდად მოიქცევა, რათა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყროს, ანდა შეეშინდება, მოიკრუნჩხება და კიდევ უფრო ნეგატიურ ქცევებს გამოავლენს. მე ამას ვეძახი ,,არ დასვარო სუფრის" სინდრომს. როცა კი ბავშვებს უფლებას აძლევენ, საკუთარ ნებაზე მიშვებულებმა აკეთონ რაიმე ისე, რომ არაფრის ეშინოდეთ, ისინი კარგად იქცევიან და იოლად ართმევენ თავს ურთულეს ამოცანებს. მაგრამ როგორც კი ვინმე ეტყვის: ,,სუფრა არ დასვარო", მაშინ ბავშვში იმძლავრებს გახევება ან დაძაბვა და სუფრის დასვრის საფრთხე მაშინვე იზრდება. ამ სიტუაციაში ჩვენ, აუტისტებს, ძალზე ხშირად გვაგდებენ და ამას მუდამ მოსდევს ის, რომ ჩვენი ქცევა უარესი ხდება, ვიდრე წესით უნდა ყოფილიყო.
მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა საკუთარ თავს უთხრას: ,,მე საერთოდ არ უნდა მეშინოდეს ანდა ვწუხდე იმის გამო, რომ შესაძლოა წარმოიშვას რთული სიტუაცია. არამედ გავთვლი იმაზე, რომ სწორედ ასე იქნება. ალბათ, წარმოიქმნება სიტუაცია, რომელიც ადრინდელ, უკვე განცდილ სიტუაციებს ჰგავს. ანდა შეიძლება მოხდეს სრულიად ახალი რამ. როგორც ყოველთვის, მე მივიღებ ახალ გამოცდილებას ხელოვნებაში – თავი გავართვა აუტანელ სიტუაციას აუტანელ ბავშვთან. გარდა ამისა, ამას განვიხილავ, როგორც გამოწვევას, თითქმის საინტერესოდ ჩავთვლი და ისეთად, საიდანაც სხვა მონაწილეებმაც შეიძლება სარგებელი მიიღონ. გინდაც ამ წუთას ამას ასე არ ვთვლიდე, მაინც ვიცი, რომ ეს ასეა."
რუსი მშობლები, ვისთანაც მე წლების განმავლობაში ვმუშაობ, ამბობენ, რომ არაჩვეულებრივად ღირებულია ის, რომ ისინი თვეში ერთხელ ერთმანეთს ხვდებიან და საუბრობენ ყველა იმ სრულებით წარმოუდგენელ სიტუაციაზე, რომლებშიც თავიანთ ბავშვებთან ერთად ჩავარდნილან. ისინი დროს უთმობენ ერთმანეთისათვის სიტუაციების აღწერას და მთელი იმ დრამატიკის გადმოცემას, რაც განიცადეს. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ მათ ისწავლეს როგორც საკუთარი, ისე სხვების განცდებიდან და ამით თითქმის ყველაფრის დაძლევა შეუძლიათ, რაც თავს ატყდებათ.
ჩემი რჩევა ასევე არის, რომ არაჩვეულებრივი ბავშვების მშობლებმა შექმნან ოთხი-ექვსკაციანი თვითდახმარების ჯგუფები და რეგულარულად შეხვდნენ ერთმანეთს.
როგორ მივუდგეთ სკოლის საკითხს?
როდესაც მიიღწევა ის, რომ პრობლემას აღარ წარმოადგენს ბავშვის სახლიდან გაყვანა და სკოლაში მიყვანა, როცა უკვე შესაძლებელია მასწავლებლისთვის მისი ჩაბარება და თანაკლასელებთანაც ყველაფერი რიგზეა, სწორედ მაშინ კვლავ დიდი სირთულეები იწყება. ჩვენ, კომუნიკაციის პრობლემების მქონე ადამიანებს, არ შეგვიძლია ტრადიციული სახით სწავლა. ჩვენ შეგვიძლია გონიერები ვიყოთ, მაგრამ ამ გონიერებას ვერ ვიყენებთ ტრადიციული სახით.
მშობლებმა უნდა იცოდეთ, რომ აუტისტური ბავშვების უმრავლესობას უპრობლემოდ შეუძლია იმის სწავლა, რასაც სკოლაში აწვდიან. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია პასუხის გაცემა და ჩვეულებრივი სახით იმაზე საუბარი, რაც ვისწავლეთ. თუკი მშობლები გაბედავთ და ირწმუნებთ, რომ თქვენს შვილს სრულად ძალუძს იმის ათვისება, რასაც სკოლაში აწვდიან, ოღონდ არ მოითხოვთ ამის დასაბუთებას, მაშინ თქვენი შვილი ძალზე კარგად იგრძნობს თავს სავსებით ნორმალურ სკოლაში.
სადღეისოდ არსებობს ე.წ. ,,მხარდამჭერი კომუნიკაციის" მეთოდი, რომლის წყალობით ზრდასრულმა აუტისტებმა ისწავლეს საკუთარი თავის გამოხატვა და კომუნიკაცია. ბევრმა მათგანმა მოყვა, რომ გული სწყდებოდათ, რადგან ბავშვობაში არ შეეძლოთ ნორმალურ სკოლაში სიარული და ხშირად სპეციალურ სკოლებში იმყოფებოდნენ ჩამორჩენილ ბავშვებთან ერთად. იქ მათ შეეძლოთ მხოლოდ ყველაზე ძირითადის სწავლა ძალზე დაბალ დონეზე, დღეისათვის კი თვლიან, რომ არ მიუღიათ ზოგადი განათლება. ბავშვობისას მათ მხოლოდ იმაში უნდა ევარჯიშათ, რომ თავიანთი სხეულით გამოეხატათ რაიმე ან გადმოეცათ ის, რის შესახებაც იცოდნენ, რომ კარგა ხანია ფლობდნენ, ოღონდაც არ შეეძლოთ გადმოცემა.
იგივე ითქმის ბავშვის დღის ცენტრში წაყვანაზე. მშობლები უნდა დაეხმაროთ მასწავლებლებს იმის მიხვედრაში, რომ არ დააკნინონ თქვენი შვილის გონიერება. ეს უკანასკნელი ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველა სხვა ბავშვში; განსხვავება ისაა, რომ ამ ბავშვს კომუნიკაცია არ შეუძლია. მთელი სასკოლო პერიოდის მანძილზე მნიშვნელოვანია, რომ გამუდმებით ცნობიერებაში იქონიოთ, თუ როგორ გამოიყურება ნორმალური განვითარება და ბავშვს სთავაზობდეთ სიტუაციებს, სადაც ის იმავე გამოცდილებას მიიღებს, რასაც იმავე ასაკის სხვა ბავშვები იღებენ. ოღონდაც არ უნდა მოელოდეთ, რომ ამით მიაღწევთ იმას, რომ ბავშვი ისწავლის ამ სიტუაციებში ფუნქციონირებას. და მაინც, უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვმა მიიღოს გამოცდილება ამგვარი სიტუაციებიდან. ვინაიდან ოდესმე დადგება დრო, როდესაც თქვენი შვილი შეძლებს იმ უნარის გამოყენებას, რომელიც შეიძინა, თუმცა ეს შეიძლება მრავალი წლის შემდეგ მოხდეს.
ამას გარდა, მშობლებმა თავი უნდა დაანებოთ იმედოვნებას, რომ ბავშვისგან ,,რაღაც დადგება" და ნაცვლად ამისა ისწავლოთ დანახვა იმისა, რომ ბავშვი არის ისეთი პიროვნება, როგორიც არის და იზრუნოთ იმაზე, რომ მიიღოს ყველა სახის დახმარება, რაც სჭირდება. ჩვენ, კომუნიკაციის პრობლემების მქონე ადამიანებს, გვესაჭიროება დაგრძელებული მკლავები, ჩვენ მუდამ გვჭირდება დახმარება იმაში, რაც თავად არ ძალგვიძს. ამით არ გვანებივრებთ, ეს აუცილებლობა არის.