მე კი – ქარისგან... - ყრმაო... 1.
– აჰა, მოგიჭრი ჯოხს, წამო, ვიაროთ,
ლაპარაკით გზა გავახანოთ.
ჩემზე ჭკვიანი არც მე ვარ და,
ნურც შენ იქნები შენს თავზე ჭკვიანი,
– ეს გაგვასწორებს.
ასეთი წესი რომ გვექნება,
მშვიდად ვივლით.
არც სავსე ვარგა ადამიანი, არც ნაკლული.
სავსე დაგეღვრება, ფეხებს დაგისველებს,
ნაკლული კი ყანყალით გაგტანჯავს.
კარგი ვთქვათ და კარგი ვიხსენოთ, ეს შეგვინახავს.
თუ მე მნახე პათეტიური, შენ იყავი ირონიული,
ეს შეგვინარჩუნებს კეთილგანწყობას და არ დაგვაშორებს.
თუ მე ბევრი დავინახე, შენ იყავი ნაკლებგამრჩევი.
ჩვენ-ჩვენს ნიჭებს, რაც თან გვახლავს,
ნურც დავმალავთ, ნურც გამოვაჩენთ.
სასწორის თეფშებივით ნუ ვიქნებით:
ადამიანები ვართ და არა ნაკლის მწონავები.
– აჰა, მოგიჭერი ჯოხი,
აქეთ თხილები იცის გზის ნაპირებზე.
ტყე ტყეა, მაგრამ აბა მოატარე თვალების ფუნჯი, –
იგრძნობ, რამდენად იქ აღმოჩნდები...
– აჰა, გაიხედე, ხე ქერქს იცვლის, ჩვენ კი ტანსაცმელს.
ყველაფერი სიშიშვლით არის შემოსილი, ჩვენ კი სამოსით.
– აჰა, გზაზე მდინარე მოგვყვება, ჩაარჭე ჯოხი და
გადაევლე.
ჭრელი ძროხების ნახირი ძოვს, ძაღლები არ მიგვაკარებენ.
– აჰა, შემოვსხდეთ ჯოხებზე, უნდა გავჭენდეთ,
სოფელია, ხალხი მიჯგუფულა, მტვერი მივაშალოთ,
რაკი ნისლი არ შეგვიძლია.
– აჰა, ზღვა გვაქვს გადასალახი, დავვედროთ ჯოხებს.
– აჰა, ცამდე აშვერილა დიდი ქალაქი, ქუჩაში
არ გაგვატარებენ,
თავზე მოვექცეთ, ადრე ჩიტის საფრენი ერქვა.
სინამდვილე ოთხმოცი წლის კაცსაც ისევე უფარავს
წარსულს,
როგორც რომ რვისას,
არ აშენდა კაცში მებადური, რომ შევიდეს და სტყორცნოს
ბადეები.
შერჩევით ვერ შეხვალ წარსულში,
ისე არაა, რომ ცალკე კალმახი იყოს, ცალკე ღორჯო.
ადამიანს არც ერთი ასაკი არ იმახსოვრებს,
არც ერთი ასაკისთვის არაა კაცი გამონაკლისი.
როგორ უნდა შეხვიდე წარსულში?
– თხზვით, სხვით აბა, რითი!
მარტო სიტყვაშია კაცი, ნახატში კი მისი მსგავსება!
გინდა ორმოების მთხრელი იყოს,
მსგავსებით ამოდის თავის ასაკიდან,
ნაწერში კი ერთი არის, სხვადასხვა ტყავით.
ადამიანი ერთს აირჩევს მთელი წარსულიდან,
იმ ერთიდან მიჰყვება ძაფებს.
აჰა, დავეჭიდე და გამოვდგი გარეთ სახლი.
გავაჩინე დედაჩემი, ბებოჩემი, ჩემი თავი,
ესენია ჩემი წარსული,
დანარჩენი ისეა, როგორც მეორე ოთახი – სახლში.
ტახტი იქ არ დგას.
ასე, ჩემსავით ყოველ დილას სიცოცხლისგან გაკვირვებულიძნელია იყოს, ძნელად, რომ მერე აღარაფერი
არ აკვირვებდეს,
ტაშტის ყირაც კი.
კარგად რომ ხარ, მეორე წუთია ძნელი.
2.
ყრმაო,
მე და დედაჩემი მიწიერით სულ ვტყუვდებოდით.
არადა პურზე და წყალზე ვიყავით,
რაც პირველი მიწიერია.
მაგრამ მიწიერით სულ ვტყუვდებოდით.
ეტყობა, მეტი გვერია ნავთი და ნაღვერდალი მითიური
წინაპარისა,
რომელიც ფარულშია, საქონლის ფშვინვასავით.
– არ შეიძლება უკეთესი ყავა ვსვა?
– არ შეიძლება!
გემო არ არის შენი საქმე.
3.
ჭიხვინით ჩაიგრიალეს ყელში ნაღამური წყლის ავსულებმა,
კვიცებივით თავის ნებაზე...
ძირს დავარდნილი თაფლიანი პური აღარ გამოდგება,
ტყუილად დაჰყურებ.
თვალი ერთ გახედვაზე ისე დაიხუნძლება,
შველა დასჭირდება,
ყური იფართოებს ორმოს, რომ ხმები ჩატიოს...
უმცირესი სიტყვიერებაშიღაა შესაძლებელი.
თვალმა შვა შური და ყურმა ჯიბრი.
ისტორია ითხრობს, რომ შური და ჯიბრი მირონსაც ვერ
დაუჭერია,
და-ძმა, ცოლ-ქმარი, მამა-შვილი – ყველა ორი
ამ წესსა მონებს.
ბევრს ემორჩილება ადამიანი, რაც არ ახარებს,
ადამ და ევამ სხვა თავის გვერდით არ დაიხატეს,
თითქოს იყვნენ ბოგანოები.
– აგე, ქალებმა მთა გახვრიტეს ჩემკენ ყურებით,
რომ ვიჯექ ხის ძირს
და ერთი ფერის წინდებს ვარჩევდი,
რომ სხვადასხვით ქალებთან მეანცა –
იცოდე, ყრმაო, ქალი უთუოდ შეგეწევა, თუ გულს მოუგებ.
მიტომაც, მთელი ღამე კართან მისხედან,
რადგან მხოლოდ ჩურჩულისა სწამთ.
იცოდე, ყრმაო, ქალს არასდროს არ მიეძალო,
თანაბარი ძალით შეები,
ჭარბი თუ გაქვს, მტერი იშოვე.
იცოდე, ყრმაო,
ქალს თუ სურვილი აქვს,
ჯარში რომ იყო, ყაზარმაში რომ გეძინოს,
გადმოაბოტებს საწოლებს და შემოგიწვება –
შინ მოპარულ არყიან მინას თან მოიყოლებს
და ჩაიძინებთ ვარდებივით, ვიდრე მზე გამხელთ.
მე კი, ყრმაო,
რაღა დროს ჩემი ქალია, ყრმაო,
რაღა დროს სითბოა ჩემთვის, ყრმაო,
ჩემს კედლებში ქარიც ხმასავით ატანს,
და თოვლსაც შემომაშლის მკლავზე მიწოლილს,
რომ მიხილოს დილას ჭაღრიანი, –
სადა ვპოვებ ამ ყინვაში ქალს, აგურივით ცხელი რომ იყოს.
ხალხი თავის შიგნით არ შეგახედებს, შენსას კი გაიტანს –
იცის, კაცის ბედი გარეთ რომ წყდება.
წინათ ბევრი მხნე ხმა იყო,
შენი თუ არ გქონდა, სხვისას გაიგებდი,
წინათ ცარიელი დახლები იყო, ეხლა სავსეა,
მხნე ხმა კი არა აქვთ.
ვერც ერთ კაცს ვერ აღწერს დახასიათება,
ბიოგრაფია ვერც ერთს აიწონის.
სჯობს, დაადგინო კაცის