ჭალის საკრავი
მძლევარი – თბილ ქვეყნებში გადამფრენ ფრინველს ნიშნავს – საბასთანაც და ქეგლ-შიც. მაგრამ არავინ ხმარობს. „ფრი-ფრის“ ამჯობინებენ. ეტყობა არის რაღაც „მძლევარში“, რაც ხალხის ძალებს აღემატება. ადამიანი, საერთოდაც, ცუდს ადვილად აიალღოვებს და კარგს ადვილად შეელევა. ხოლმე.
ჩვენში, ბოლო ოცი წლის მანძილზე, ბევრზე-ბევრი ორფეხზე მოარული მოგვევლინა გადამფრენი ფრინველის როლში. გადაფრინდებიან „თბილ“ ქვეყნებში და გადმოფრინდებიან... შედეგად გამოსდით „ფრი-ფრი“.
სადაც თბილა, იგულისხმება, რომ იქ ყველაფერია არსებობისთვის. ამიტომაცაა, რომ ჩვენ, შინდარჩენილები, მხოლოდ ნატვრით ვახსენებთ მათ სახელებს.
ამ ლოიალობამ ის სამსახური გაუწია დაცარიელებულ ქვეყანას, რომ გაჩნდნენ „გადამფრენი მწერლები“, რომლებსაც ევიწროვებათ აქ და კალამ-ფურცლიანად მიფრინავენ სხვაგან, მშობლიური სივრცის მიღმა.
ჩვენ მათ სახელებსაც მხოლოდ ნატვრით ვახსენებთ.
ამბობენ, სადაც დაფრინდებიან, იქაურ ენაზეც წერენო, რისი მკაფიო მაგალითიც ქვემორე წიგნია, რომელიც ამერიკულზე ყოფილა დაწერილი – კერის ენაშერეულად, და მე გადმომეცა ვაშინგტონის „ფორდის“ გაყიდვების მენეჯერისგან, რომელიც აქაურია, ჩვენი სისხლის და ხორცის და უყვარს თავისი პირველადი მიწა.
– არაა საკვირველ!
წიგნი „დაკარგული“ არ არის, არც სხვენზე ან სადმეა ნაპოვნი. წიგნის პირველადი ავტორი სესხს ისტუმრებს ციხეში. მანამდე კი, ინტუიციით უგრძვნია, რომ ჩასვამდნენ და თანამემამულისთვის, ანუ „ფორდის“ გაყიდვების მენეჯერისთვის, უთხოვია „ნაწერისთვის“ მიეხედა. იმან მე გადმომცა – რაკი მიცნობდა, მე კი თქვენ გაძლევთ, რაკი გიცნობთ.
ხოა ჭახრაკი!
ეტყობა ის კაცი, ჯიბეს რომ მოიკრებდა,
თავის პირველად მიწას ჩამოაკითხავდა ხოლმე, ჟამი-ჟამ...
– არაა საკვირველ!