ინტერვიუ მამასთან
ოთხმოციანი წლები ილეოდა. ქვეყანაში ტექტონური ძვრები დაიწყო. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გასაიდუმლოებული, ჰერმეტულად დახშული სახელმწიფო – საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა. აამ დროისათვის უკვე ოთხმოც წელს გადაცილებული მამაჩემი, კანდიდ ჩარკვიანი, იყო ერთადერთი შემორჩენილი, ან, იქნებ უმჯობესია ითქვას, სასწაულებრივად გადარჩენილი ქართველი, რომელიც ფლობდა უშუალო ინფორმაციას სტალინის კრემლისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ. თოთხმეტი წლის მანძილზე, 1938-დან 1952 წლამდე, იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს. კარგად მესმოდა, რომ მასავით კომპეტენტური წყარო იმ დროისათვის არ არსებობდა, რადგან, როგორც საბჭოთა საქართველოს პირველი პირი, კანდიდ ჩარკვიანი ფლობდა ისეთი ხასიათის ინფორმაციას, რომელიც არ შეიძლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო კრემლს მიღმა მყოფი სხვა ქართველისათვის. კრემლში მოღვაწე ქართველს, ლავრენტი ბერიას, როგორც ვიცით, არ დასცალდა რაიმე საჯაროდ განეცხადებინა. 20-იან და 30-იან წლებში საპასუხისმგებლო პოსტებზე მომუშავე ქართველი ბოლშევიკების დიდი უმრავლესობა რეპრესირებული იყო, ან თავისით გარდაიცვალა და ვერ მოესწრო 1937 წლის შემდგომ სტალინურ ეპოქას. ამიტომაც, მოგონებები, რაც დაიწერა და დღესაც იწერება საქართველოში ჩვენი ერის ისტორიის ამ ძალზე საინტერესო მონაკვეთის შესახებ, უმეტესად ეფუძნება ისეთი პიროვნებების გამოცდილებას, ვინც ან საერთოდ არ შეხვედრია სტალინს, ან ეპიზოდურად ხვდებოდა მას ძველი ნაცნობობისა თუ მეგობრობის გამო. გამონაკლისს წარმოადგენს აკაკი მგელაძე, ვისი მოგონებების წიგნი რეალურ გამოცდილებას ემყარება, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მგელაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს 1952 წლის აპრილიდან 1953 წლის აპრილამდე, ანუ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისგან განსხვავებით, კანდიდ ჩარკვიანი მრავალი წლის მანძილზე საქართველოს პირველი პირის რანგში რეგულარულად ხვდებოდა სტალინს,როგორც ოფიციალურ, საქმიან, ისე საკმაოდ არაფორმალურ ვითარებაში, კერძოდ, სუფრასთან. ვიცოდი, რომ მამაჩემის მეხსიერებაში შემორჩენილი ყოველი ფაქტი, დეტალი თუ ნიუანსი მომავალში სულ უფრო მეტ ღირებულებას შეიძენდა და აუცილებელი იყო მისი მონაყოლის დროულად ჩაწერა და, თუმცა იმ დროისათვის იგი თავადაც მუშაობდა მემუარების („განცდილი და ნააზრევი“) მეორე ტომის ტექსტზე, მჯეროდა, რომ ჩემს შეკითხვებზე მისი სპონტანური რეაგირება, მის მიერ გაცემული ზეპირი პასუხები არაერთ საინტერესო უცნობ „წვრილმანს“ წარმოაჩენდა, ისეთს, რომელიც მისივე შინაგანი ცენზურის გამო ზემოთ ხსენებულ ძალზე საფუძვლიან, სოლიდურ მემუარულ ნაშრომში ადგილს ვერ დაიკავებდა.
რთულ პირობებში,უ უხარისხო აპარატურით, ჯერ მეოთხე სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში, მერე კი ჩემი მშობლების ბინაში კამოს ქუჩაზე 1989-92 წლებში მოვახერხე მამაჩემის ცხრასაათიანი ინტერვიუს აუდიო და ვიდეოფირებზე დაფიქსირება. ნაწყვეტები ამ ინტერვიუდან გამოყენებული იყო „რუსთავი 2“-ის 2004 წლის სატელევიზიო ფილმში სახელწოდებით „ქართველები კრემლში და მის გარეთ“. მამაჩემთან საუბრების შეჯერებულ ვარიანტს დღეს უკვე სრული სახით წიგნად გთავაზობთ.
კანდიდ ჩარკვიანის, როგორც ისტორიული წყაროს, სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ჰქონდა კარგი მეხსიერება, იყო განათლებული ადამიანი, საფუძვლიანად ფლობდა გერმანულ ენას, ერთნაირად კარგად წერდა ქართულად და რუსულად, 30-იან წლებში მუშაობდა ჟურნალისტად – „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად. მამაჩემი არ ყოფილა რეპრესირებული. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმ სასტიკ, მარად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მიმდინარე პოლიტიკურ კონკურენციაში მონაწილეობისა, იგი ნაკლებად ავლენს მიკერძოებას. მისი შეფასებები მთლიანობაში მოკლებულია გესლსა და ქილიკს.
მან 1994 წლამდე იცოცხლა. მმოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას და საქართველოს დამოუკიდებლობას. ოთხმოციან წლებში განვითარებულ პოლიტიკური სეისმიკის მოვლენებს თვალს ინტერესით ადევნებდა, თუმცა ნერვიულობა ეტყობოდა, რადგან არ იცოდა, რა გველოდა ჩვენ, მის შვილებს, ახალ სინამდვილეში.
მისი სიცოცხლის ბოლო წლებში კვლავინდებურად გერმანულიდან თარგმნიდა საყვარელ პოეტს ჰაინრიხ ჰაინეს, სრულჰყოფდა მემუარების მეორე წიგნს და დღენიადაგ მწარედ განიცდიდა მეუღლის, თამარ ჯაოშვილის დაკარგვას.
და მაინც, კანდიდ ჩარკვიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გასული საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება, იმ ეპოქას, როცა უზარმაზარ საბჭოთა იმპერიას და, ფაქტობრივად, მთელს ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ ბანაკს ორი ქართველი მართავდა – ბელადი იოსებ სტალინი და მისი ზრახვებისა და გადაწყვეტილებების უზადო შემსრულებელი ლავრენტი ბერია. დამეთანხმებით, სიტუაცია უნიკალურია და ალბათ აღარასდროს გამეორდება.
ჩემი ბავშვობა ამ ფონზე წარიმართა. ცამეტი წლის ვიყავი, როცა 1952 წლის მარტში მამაჩემი თავისი მაღალი პოსტიდან გაათავისუფლეს. ასეთი იყო ფორმულირება, ანუ არ მოუხსნიათ, გაათავისუფლეს. მაშინ ამგვარი ნიუანსები ეგზისტენციურ საფრთხეებს შეიცავდა. მოხსნას, უმეტეს შემთხვევაში, პარტიიდან გარიცხვა და, არც თუ იშვიათად, დაპატიმრება მოყვებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, სტალინი ჩარკვიანის მიმართ ინარჩუნებდა ძველი კეთილგანწყობის მცირეოდენ ნაწილს მაინც – გათავისუფლების შემდეგ იგი არამარტო მუშაობდა შუა აზიის რესპუბლიკების ინსპექტორად საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში მოსკოვში, არამედ ქართულ პრესაში მისი, სტალინის მიერვე სანქციონირებული, გამუდმებული ლანძღვის მიუხედავად, პარტიის მე-19 ყრილობამდე, ე. ი. 1952 წლის ოქტომბრამდე რჩებოდა