ნაგერალა 1 დიდხანს თუ იცოცხლებ, აუცილებლად განიწმინდები. იმპოტენცია განგწმენდს.
2 ბოლო ხანებში ფრანგულ ღვინოს ვყიდულობ, თეთრს და წითელს. სადილზე ორ დიდ ჭიქას ვსვამ. რაღაც ფრანგულად მამხიარულებს. თავი დეკარტი მგონია. ვუყვირი კედელზე ირაკლის და ნანას სურათებს: "ეი, ქიმერებო, სად ხართ ახლა?! შენ, გიჟო ქიმერავ! (ირაკლის) და შენ, ჩემო საყვარელო ქიმერავ! (ნანას) სად ხართ? ხართ?" COGITO ERGO SUM!
3 ქალების საჯარო სიშიშვლე უკუპროპორციულია მამაკაცის (დომინანტური) მდგომარეობისა საზოგადოებაში. დღეს კაცი სხვისი თვალისაგან ვეღარ იცავს იმას, რაც უწინ თავის ტერიტორიად მიაჩნდა.
4 ნანას ახლად აღმოჩენილ სურათს კვლავ და კვლავ ვუმეორებ – "მალე მოვალ და მერე სულ ერთად ვიწვებით, სანამ ვინმე მომავლის ლიდერს აზრად არ მოუვა საბურთალოს სასაფლაოს ადგილზე თავისი სახელობის "კულტურისა და დასვენების" პარკი შექმნას".
5 პარტიულობა და აგიტპროპი მხოლოდ გენიოსს შეიძლება ეპატიოს. ამ წუთას მთლიანად ზეპირად ვთქვი მაიაკოვსკის Во Весь Голос! ღმერთო, რა კლასის ლექსია.
6 ადამიანის თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მტერი სიყვარულია. თუ არავინ გიყვარს, ჩიტივით თავისუფალი ხარ. მაშინ შენი დამორჩილების ერთადერთი საშუალება გალიაში ჩასმა და ბლაგვი ან ბასრი საგნით ტკივილის მიყენებაა. ანთებული სიგარეტითაც შეიძლება. ეგ აღარ გესიამოვნება. შენი თავი გიყვარს!
7 ვცდილობ გონებაში აღვიდგინო სსრკ-ს დროინდელი ფასები: პური (ქარხნის) – 30 კაპიკი, ძეხვი – 2 მანეთი, ძეხვი მოყვარულთათვის – 3 მანეთი და 20 კაპიკი, ზეთი (საზარელი) – 70 კაპიკი, პამიდორი (ზამთარში) – 12 მანეთი, რძე – ?, მაწონი – ?, Печенье – ?, დამეხმარეთ!!!
8 ამ ბოლო ხანებში ხალხთან საუბრებიდან ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მათთვის ყველაზე უფრო სასურველი მმართველი ის არის, ვინც ყველას დახვრეტს მათი უახლოესი ნათესავების გარდა. უფრო სწორად, შვილების გარდა. ძმის და ცოლის დახვრეტას შეეგუებიან.
9 საქართველოს სსრ-ს ჰიმნში იყო ფრაზა: "ქვეყანას მიეც დიდი სტალინი, ხალხთა მონობის დამამხობელი". ანუ სახელმწიფოებრივი სიმბოლოების დონეზე ხაზი ესმებოდა მის ქართველობას. წინ კი ისმის "ჩემო სამშობლო, გმირთა კერა ხარ" – ე. ი. სტალინი ქართველი გმირების რიცხვს მიეკუთვნება. ჰიმნი სტალინმა თავად შეარჩია, ისე რომ ამ აზრსაც ეთანხმებოდა.
10 მამაკაცს ქალი სექსუალურ აქტამდე უფრო აინტერესებს, ქალს კი პირიქით, სწორედ ამის შემდეგ უფრო სჭირდება კაცი, უფრო ცდილობს მის შენარჩუნებას. აქედან დაასკვენით ვინ ეძებს შიშველ სექსს და ვინ ეძებს ურთიერთობებს.
11 ლოკისეული შიში სახელმწიფოსი და მისგან ინდივიდის დაცვის აუცილებლობა თანდათან გადაფარა ახალმა მუქარებმა, ძლიერი ეკონომიკური ჯგუფებისა და კონსერვატიული, ან სულაც ფანატიკური უმრავლესობის შიშმა. ამიტომაც, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დღევანდელი ლიბერალი სახელმწიფოს (ჰობსის "ლევიათანს"?) სთხოვს პიროვნების უფლებების დაცვას. ძველი ყაიდის ლიბერალები კი უფრო იქ შემორჩნენ, სადაც ადამიანის თავისუფლებას ყველაზე მეტად ჯერ კიდევ თვითონ სახელმწიფო ზღუდავს.
12 საბჭოთა ხელისუფლება რომ არ დაქცეულიყო, ქალები, ვინც დღეს ჟურნალისტები არიან, დიასახლისები იქნებოდნენ. ხაჭაპურის ცხობასა და ბაჟეს კეთებაში ლაღად გაატარებდნენ ცხოვრებას.
13 ორი დიდი ჭიქა ფრანგული დავლიე და კვლავ დეკარტი ვარ. სავარძელში ჩავესვენე. კატა ამომახტა მუხლებზე. ვეფერები. "ვინ ხარ?" – ვეკითხები. "ვინ ვართ? ოდესმე ვნახავ ნანას? თუ მე, ნანა, შენ და ყველა სხვა ცნობიერება ერთი დიდი ცნობიერების რამიფიკაციები ვართ? ნეტავ, ის დიდი თუა აზრზე? თუ იმასაც კიდევ უფრო დიდი ესაჭიროება? Where does the buck stop? Does it რა უბედურებაა, ამის დედა... უმეცრება მტანჯავს!"
14 რა ემართებათ ასაკოვან ქალებს – გაბმულად ლაპარაკობენ. შენს პასუხებს და კომენტარს არ უსმენენ. გაუგებარია, რისთვის გირეკავენ თუ შენგან არაფრის გაგონება არ სურთ.
15 გენია სულერთია სად დაიბადება – ლეჩკომბინატში თუ მეორე სამშობიაროში.
16 რა არის ბედნიერება? როცა არ გეჩქარება.
17 თეიზმს და ათეიზმს მზა პასუხები აქვთ ისეთ შეკითხვებზე, რომლებზე პასუხი სცილდება ადამიანში ჩატვირთულ შესაძლებლობებს. მათი თავდაჯერებულობა არ შეიძლება ეჭვს არ ბადებდეს.
18 საზოგადოების რადარზე არათუ დიდხანს კაშკაში, დიდხანს ციმციმიც კი საშიშია. ბოლოს ვიღაც აუცილებლად დაიძახებს: "Да пошёл он нахуй! და უსიამოვნებები დაგეწყება. რაღაცას წარსულიდან ამოგიჩხრეკენ. გაგეხახუნებიან. მოგაცხებენ. ამოგსვრიან. არ მოგწონს? ყველაფერს შეეშვი. ჩადი ეზოში. ლუდი დალიე და ითამაშე დომინო.
19 ალბათობების განსაკუთრებული როლის გამო, ცხოვრება უფრო ნარდს ჰგავს, ვიდრე ჭადრაკს. Life is more of a luck-and-skill game, than that of pure skill.
20 თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკას და არა პირიქით, დაფიქრდეს იმაზე, როგორ იზიდავს ბრიტანეთი