ნაწილი I "ო, მაია! მაია! ცვალებად ქიმერათა ნაკადო". - ლეკონტ დე ლილი
"არ გეტყვით, არაფერსაც არ გეტყვით!
თქვენ, ელჩებს, ერთი ცუდი თვისება გაქვთ:
როცა პენსიაზე გადიხართ, მემუარების წერას იწყებთ". - ედუარდ შევარდნაძე
გაიოზთან დაბადების დღეზე ვიყავი, როცა ირაკლი ანდრიაძემ დამირეკა, ბატონ ედუარდს უნდა თქვენი ნახვაო. ედუარდ შევარდნაძე მარტო არ იყო, მასთან ვახტანგ გოგუაძე იჯდა. "მინდა, ჩემთან საერთაშორისო ურთიერთობებს გაუძღვეთ", – შემომთავაზა შევარდნაძემ, თანაც დასძინა, ეს ხომ ცეკა არ არის, ახლა საქართველოს სჭირდებიო. ცეკა იმიტომ გაიხსენა, რომ თავის დროზე, 70-იანების დასაწყისში, მე უარი ვთქვი ცეკაში მუშაობაზე. არ გეგონოთ რაიმე პრინციპების გამო. უბრალოდ, როცა შალვა ყარყარაშვილმა თავისთან საორგანიზაციო განყოფილებაში დამიბარა, ცხელოდა, თმა მქონდა მოშვებული, ლაღად ვცხოვრობდი და რომ წარმოვიდგინე, რას დაემსგავსებოდა ჩემი არსებობა ცეკას დახუთულ დერეფნებში, თავზარი დამეცა. ყარყარაშვილს ტყუილი ვუთხარი, არარსებულ დისერტაციაზე მუშაობა მოვიმიზეზე. ამჯერად შევარდნაძის შეთავაზებაზე დავთანხმდი – ძნელი დრო იყო, ორმოცდაცამეტი წლის შევსრულდი, აღარსად მეჩქარებოდა და მზად ვიყავი ქვეყნისთვის რაღაც სასარგებლო მეკეთებინა.
ნანას რომ ვუთხარი, ძალიან გაუხარდა. არ შეიმჩნია, თუმცა ვიცი, ჯერ მაშინაც უნდოდა დამეწყო ცეკაში მუშაობა. ძალაუფლებასთან სიახლოვე ქალებს ხომ აღაგზნებს და უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის. მათ მიერ ქმრების მუდმივი წაქეზება რომ არა, კაცობრიობა დღემდე ქვის ხანიდან ვერ გამოაღწევდა. ისე რომ, დღევანდელი ცივილიზაცია თავისი არსებობით სწორედ ქალებს უნდა უმადლოდეს. მათ შორის ნანასაც, რომელმაც ალბათ პირველი, რაც წარმოიდგინა, იყო საღამოს სამოსში გამოწყობილი ქალები და ელეგანტური მამაკაცები გრანდიოზულ დიპლომატიურ მიღებაზე. შემდგომ, ამგვარი რამ მართლაც ყოველდღიურობად გვექცა. 1992 წლის აპრილში კი ირგვლივ სხვა სინამდვილე იდგა, ჰაერში როყიო ტყვიები ზუზუნებდა და ყველა ყველას ეომებოდა.
ღია დაპირისპირება ახალ წლამდე დაიწყო. ეს ამბავი ლონდონში ყოფნისას შევიტყვე, სადაც ალექსანდრა ჰამილტონმა – აბერკორნის ჰერცოგის მეუღლემ – ჩემი მეგობრები და მე ცოლებთან ერთად დაგვპატიჟა შობის დღესასწაულის აღსანიშნავად და ბელგრეივიაში თავისი სახლი დაგვითმო. შვილები ყველას თბილისში გვყავდა დატოვებული, ამიტომ სულ ტელეეკრანს მივჩერებოდით იმ იმედით, რომ თბილისის ამბებს აჩვენებდნენ. ერთი-ორჯერ მართლაც აჩვენეს, რა ხდებოდა ბუნკერში – ზვიადს ყურები ჰქონდა წამოწითლებული. ერთი წამით რაღაც შორეული ბავშვობიდან დაძრულმა თბილმა ტალღამ გადამიარა, შემეცოდა. მოსკოვში ჩასულებს ცუდი ამბავი დაგვხვდა – თბილისის მიმართულებით ყველა რეისი გაუქმებული იყო. მხოლოდ 7 იანვარს შევძელით მთლიანად ჩაბნელებულ, ანტაგონიზმებით დამუხტულ თბილისში ჩამოღწევა. შეიარაღებული ამბოხი დასრულებული იყო, სულ რაღაც თოთხმეტიოდე თვით ადრე არჩეული პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებას ჩამოშორებული და პრეზიდენტი ქვეყნიდან გაძევებული.
ახლად შექმნილი სამხედრო საბჭო უმალ შეეცადა დემოკრატიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას, ხაზი რომ გაესვა დამხობილ წინამორბედთა რეფორმების გატარების მიმართ უხალისო დამოკიდებულებისათვის. მცირე შესწორებებით აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია და წამოიწყო ბინების პრივატიზაციის პროცესი. ამ რეფორმით მართლაც დაიწყო საქართველოში არსებული სოციო-ეკონომიკური წყობის რღვევა. პრაქტიკულად ყველა მოქალაქე ხდებოდა მესაკუთრე, უძრავი ქონების მფლობელი, რითაც სახელმწიფო კარგავდა ხალხზე ზემოქმედების ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს. ვფიქრობ, ეს საქართველოს პირველ მთავრობას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა გაეკეთებინა. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ სახელმწიფო ბერკეტების დაკარგვას მაშინდელ ხელმძღვანელობაში ბევრი არასასურველად მიიჩნევდა. გამიგია, რომ ზოგიერთ მათგანს მოსწონდა კომუნისტური რეჟიმისაგან მემკვიდრეობით მიღებული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტის სრული კონტროლის განხორციელების მექანიზმი. ნაწილობრივ, ამის დასტურია თუნდაც ის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მინისტრთა საბჭომ 1991 წლის ზაფხულში გაავრცელა. იმ დროს საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ ვმუშაობდი და თანამდებობით მეკუთვნოდა სამთავრობო დოკუმენტების გაცნობა. ქაღალდმა გამაოცა. მასში პირდაპირ ეწერა, რომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის ეკონომიკა სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელით განავითაროს. მართალია, ამ ტერმინს – სახელმწიფო კაპიტალიზმს – განსხვავებული მიმართულების თეორეტიკოსები სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ, მაგრამ მათი დიდი უმრავლესობა სახელმწიფო კაპიტალიზმად სწორედ საბჭოთა მბრძანებლურ ეკონომიკურ სისტემას ნათლავს. ვფიქრობ, ზემოთხსენებულ დოკუმენტში ამ ტერმინით ეკონომიკისა და საკუთრების სფეროში სახელმწიფოს მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნება იგულისხმებოდა.
სამხედრო საბჭოს, რომელიც აღიქმებოდა როგორც შეთქმულთა ხუნტა, არ შეიძლებოდა რაიმე საგრძნობი საერთაშორისო ავტორიტეტი ჰქონოდა. ამიტომ მსოფლიოს მიერ უგულებელყოფილი ახალი საქართველოს მასობრივი აღიარების კამპანია მხოლოდ 1992 წლის მარტში, შევარდნაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ დაიწყო.
მაშინ შევარდნაძე იმელის შენობაში, მეორე სართულის ფლიგელში იჯდა. დერეფანში საშინლად უსიამოვნო სუნი იყო, ალბათ ახლად დაგებული ნოხის. მე ამ სუნთან დაკავშირებით სიტყვა მიაზმა ამეკვიატა. პირველ ხანებში ჩემი ემოციური რეაქცია ამ დერეფანზე ნაწილობრივ შეესაბამებოდა ამ საზარელი სიტყვის მნიშვნელობას. ურთიერთობა შევარდნაძესთან მძიმედ ვითარდებოდა. ჩვენი პირველივე საქმიანი