იტვირთება...

რუსუდან რუსთველი

ბადრი გორგილაძე

2022 წელი | NicaGor
710 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ჩვენ მიერ წარმოებული კვლევა მიზნად ისახავს თანამედროვე ინფორმატიკაში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებას იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღქმადი მოვლენები უკეთ დაექვემდებაროს დივერსიფიცირებას, ინფორმაციულ მოდელირებას და ამ გზით გაცნობიერებას. ასეთი მიდგომა ხელშესახებ შედეგს იძლევა არა მარტო ფილოსოფიურ ინტერპრეტაციათა დახვეწის, არამედ მხატვრული და სხვა სახის ლიტერატურის აღქმის თვალსაზრისით. ავტორისეული კონცეფცია აგებულია „კომპოზიციის“ ცნების განზოგადებაზე, რაც თავის თავში მოიცავს უნივერსალური ინფორმაციული ასახვის მთავარ კანონზომიერებებს. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა საკვლევი თემის გარშემო არსებული ინფორმაცია მწირია და საიმედოობით არ გამოირჩევა. ამ გზით მოხერხდა დამწერლობამდელი ინფორმაციული სისტემის "ბორჯღალას" აღდგენა, ბიბლიური "დაბადების" გაშიფვრა და სხვა, მათ შორის "ვეფხისტყაოსნის" მხატვრული კრიპტოგრაფიის დეკოდირება. მეთოდის და კვლევის დეტალური აღწერა გამოქვეყნებულია მონოგრაფიაში - კომპოზიციური ასახვა - ბორჯღალა & “ვეფხისტყაოსანი”, რაც ხელმისაწვდომია აქ - https://www.researchgate.net. წინამდებარე გამოცემა მიზნად ისახავს აღნიშნული კვლევის იმ ნაწილის გამოქვეყნებას, სადაც გაირკვა, რომ პოემის ავტორი ყოფილა თამარ მეფის და - რუსუდან გიორგის ასული ბაგრატიონ-კომნენოსი. ასეთ რადიკალურ შედეგს სამეცნიერო საზოგადოება ბუნებრივი სკეპტიციზმით შეხვდა, თუმცა ახალი ვერსიის მამტკიცებელი არგუმენტები იმდენად მყარია, რომ შვიდი წლის განმავლობაში არავის არ გამოუთქვამს დასაბუთებული საპირისპირო აზრი. არგუმენტად არ გამოდგება, რომ ქართველოლოგებისათვის ეს შედეგი უცნობია, რადგან ჩვენ სისტემატურად ვაქვეყნებთ მიმდინარე შედეგებს. ამჯერად კი შედარებით პოპულარული გამოცემით შევეცდებით უფრო ფართო საზოგადოება დავაინტერესოთ ამ პრობლემით.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
"ვეფხისტყაოსნის" შესახებ არსებულ მოსაზრებათა შორის ყველაზე დამაჯერებელი და თითქმის ყველა მკვლევარის მიერ აღიარებულია შემდეგი: 1. პოემა შეიქმნა უშუალოდ თამარის ეპოქაში და სხვა სიკეთესთან ერთად მიზნად ისახავდა (საქართველოში პირველად) ქალის გამეფების იდეურ-პოლიტიკურ მხარდაჭერას; 2. პოემის ავტორი იყო სწორუპოვარი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, რომელიც სრულად ფლობდა იმ ეპოქაში ხელმისაწვდომ ინფორმაციას და განათლების მაქსიმალურ დონეს; 3. პოემის ფაბულა პირდაპირ არის დაკავშირებული მონარქიული მემკვიდრეობის პრობლემასთან და თამარისა და დავითის წარმატებულ შეუღლებასთან. რუსთველის განსწავლულობის ხარისხი და სამეფო კარის პრობლემებში ჩახედულობა უდაოდ ადასტურებს, რომ პოეტი, ან იყო ბაგრატოვანთა ოჯახის წევრი, ან უაღრესად ახლობელი. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება აყენებს ეჭვქვეშ ვინმე "შოთა" რუსთველის ავტორობის ვერსიას. წარმოუდგენელია, რომ ამგვარი წარმოშობის და პოტენციალის მქონე ადამიანს სახელმწიფოებრივად ემოღვაწა (თუნდაც მეჭურჭლეთუხუცესის რანგში) მაშინდელ საქართველოში და სრულიად შეუმჩნეველი დარჩენილიყო უკვე საკმაოდ მომრავლებული ჟამთააღმწერლების მხრიდან. აქედან გამომდინარე რჩება ერთადერთი ლოგიკური ვარაუდი, რომ პოემის ავტორმა საკუთარი ვინაობა მიზანდასახულად შენიღბა. სწორედ ეს გახდა ჩვენ მიერ ჩატარებული ძიების მოტივაცია, ხოლო შედეგად ჩამოყალიბებული მოდელის ფარგლებში ცხადი გახდა, რომ პოემა შექმნა თამარ მეფის დამ, რუსუდან ბაგრატიონ-კომნენოსმა. მის ავტორობას ადასტურებს არაერთი პირდაპირი, თუ ირიბი მტკიცებულება, რაც ციტირებულ წიგნში დეტალურად არის აღწერილი და ნაწილობრივ ამ გამოცემაშიც მეორდება. მათ შორის უმთავრესია უშუალოდ "ვეფხისტყაოსანში" აღმოჩენილი კრიპტოგრაფიული ჩანართები, სადაც რუსთველი ცალსახად აცხადებს, რომ პოემას უძღვნის საკუთარ დას. სამეცნიერო ნაშრომისათვის დამახასიათებელი სტილი ვერ გამოდგება იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებამდე მიტანილ იქნას ესოდენ რთული თემის არსი, ამდენად გადავწყვიტეთ, რომ მივყვეთ საკუთრივ პოემის ტექსტს და გზადაგზა განვმარტოთ ის სპეციფიკური ხერხები, რასაც პოეტი იყენებს კომპლექსური აზრის ჩამოსაყალიბებლად, ან ისეთი ინფორმაციის შესანიღბად, რაც ღიად არ ითქმის. თანამედროვე მკითხველს "ვეფხისტყაოსნის" დაწერის თარიღთან აშორებს რვა საუკუნე. ამ პერიოდის პირველი ნახევრის ისტორია არ შეიცავს არანაირ ცნობას, რომ ოთხი საუკუნის განმავლობაში რუსთველს ვინმე მოიხსენიებდა სახელით "შოთა". მოულოდნელად 1629 წელს მეფე თეიმურაზ პირველი, მის მიერ ნათარგმნ იოსებ ზილიხანიანის შესავალში, ახსენებს შოთა რუსთველს, როგორც "ვეფხისტყაოსნის" ავტორს. შესაძლოა, რომ ამგვარი ინფორმაცია მას მიაწოდა იერუსალიმში უკვე ნამყოფმა ნიკიფორე ირბახმა. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ცნობილი ფრესკა მხოლოდ სავარაუდოდ ითვლებოდა XIII საუკუნის ძეგლად, თუმცა მისი ზუსტი ასაკის მიუხედავად ფრესკაზე არსებული წარწერა მაინც ბუნდოვანი იყო. ზემოთა ნაწილში ეწერა: „ამისა დამხატავსა შოთასა შეუნდვეს ღმერთმან ამინ“, უშუალოდ პორტრეტზე კი იკითხებოდა: „რუ-სთვლი“. მარტივად ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე შოთას ან თავად დაუხატავს (ან მისი შეკვეთით სხვას შეუსრულებია) ვინმე "რუსთველის' პორტრეტი. აქ გასაკვირი არაფერია, რამეთუ რუსთველად იწოდებოდნენ თუნდაც რუსთავის ეპარქიის მღვდელმთავრები. წარწერა არანაირ კავშირში არ არის არა თუ "ვეფხისტყაოსანთან", არამედ საერთოდ პოეზიასთან, ან, თუნდაც ბაგრატიონებთან. არაფერს არ იძლევა არც აღაპის ტექსტი: „ამასვე ორშაბათსა აღაპი შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისა...“. თამარის მეჭურჭლეთუხუცესების შესახებ მრავალი დოკუმენტი არსებობს, თუმცა სახელი შოთა არსად არ ფიგურირებს და რომც ყოფილიყო ამით მაინც არაფერი შეიცვლებოდა. მაშ რატომ აიტაცა ქართველობამ და დღემდე სჯერა, რომ რუსთველს ერქვა შოთა? რა იყო თავად თეიმურაზის მოტივაცია, როცა მან ეს სახელი "გააპიარა"? პასუხი მარტივია - სამარცხვინოა ერს ჰყავდეს რუსთველის დონის გენიოსი და არაფერი იცოდეს პირადად მის შესახებ. ასეთ პრეცედენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როცა არსებობს შესაბამისი მოტივაცია, როცა ავტორი თვითონვე ცდილობს არ გაამჟღავნოს საკუთარი ვინაობა. მაგალითად გამოდგება ფრენსის ბეკონის მიერ ავტორობის შექსპირისადმი განზრახ "გადაბრალება". იმ შემთხვევაში, თუ "ვეფხისტყაოსნის" ავტორად რუსუდან ბაგრატიონ-კომნენოსს წარმოვიდგენთ, ყველაფერი ლოგიკურად ლაგდება. ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც საქართველოში ქალის პირველად გამეფებას მოჰყვა, პოეტმა საკუთარი სახელი სწორედ გენდერული კუთვნილების გამო დამალა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკუთარი ოჯახის წევრის ქება-დიდება ეთიკურადაც უხერხული იყო და სასურველ შედეგსაც ვერ მოიტანდა. ისტორიკოსები სათანადოდ არ აფასებენ იმ ფაქტს, რომ 1184 წელს (ალბათ კონსტანტინოპოლიდან მამის დაკრძალვაზე ჩამოსული რუსუდანის ამალაში), იმყოფებოდა ბიზანტიის სამეფო დინასტიის ერთ-ერთი უფლისწული ალექსი კომნენოსი. მასთან დაქორწინების სურვილი ღიად განაცხადა თავად თამარმა, თუმცა მას იძულებით შერთეს უმაქნისი რუსი (რაც პირდაპირ ადასტურებს ხელისუფლების უზურპაციის ფაქტს). ამ ფონზე პოლიტიკურ სცენაზე კიდევ ერთი ქალის, თამარის დის გამოჩენა კატასტროფას გამოიწვევდა და მან სწორი არჩევანი გააკეთა, მოირგო რა ჩრდილოვანი პოლიტიკური მოღვაწის მანტია. პოემის სათაურში გამოტანილი მთავარი მეტაფორა, ვეფხის, ანუ შავი (და არა ჭრელი) ავაზას ტყავის მოსასხამი, სწორედ ამ ვითარების გამოძახილი უნდა იყოს. ეს და კიდევ მრავალი, დრამატიზმით აღსავსე ისტორიული გარემოებაა აღწერილი რუსთველის სწორუპოვარ შედევრში, თუმცა ამ ინფორმაციის ადეკვატური აღქმისათვის აუცილებელია პოეტის მხატვრული ენის და განსაკუთრებით კრიპტოგრაფიის დეკოდირება. რუსთველის მიერ პოემაში შემოტანილი განსაკუთრებული ტერმინი "ლექსთა ხევა" სწორედ ორმაგ (კომბინატორულ) ვერბალურ კოდირებას გულისხმობს. პოეტის ამგვარი მიდრეკილება პირველად მეცნიერული რუსთველოლოგიის ფუძემდებელმა, მეფე ვახტანგ მეექვსემ შენიშნა: „სამ-ოთხ რიგად გასასინჯი, სიბრძნეზედა მოუხარი“. ზოგადად, ნებისმიერი წყაროდან მომდინარე ინფორმაციული ნაკადის გაფილტვრა და ამ გზით ჭეშმარიტების გამოწვლილვა ურთულესი პროცესია. ამ საქმეში მთავარია, რომ ძიებისას მკვლევარი სრულად გათავისუფლდეს სტერეოტიპებისაგან. "ვეფხისტყაოსნის" ავტორის ობიექტური ძიება პირველ რიგში ნიშნავს ვინმე შოთას არსებობის დავიწყებას და რაციონალური მარცვლის ძიებას საკუთრივ პოემაში, თუნდაც მის, ერთი შეხედვით ნაკლებმნიშვნელოვან, ლაბირინთებში. ვეფხისტყაოსანი სრულიად უნიკალურია სხვადასხვა რაკურსით ("სამ-ოთხ რიგად") და არაერთ ურთულეს თემას და საიდუმლოს მოიცავს. ავტორის ვინაობის გარდა მიზანდასახულად არის გაუცხოებული ფაბულის რაობაც, თუმცა "ვეფხისტყაოსნის" გეოგრაფია სხვა პრობლემებთან შედარებით იოლი გასაშიფრი აღმოჩნდა. გულანშაროსა და მულღაზანზარში ქალაქ კონსტანტინოპოლის ევროპული და აზიური ნაწილები იგულისხმება. სხვა კომპოზიციურ პარამეტრებთან ერთად ამგვარ თანხვედრას უთუოს ხდის ოქროს რქის ხსენება. მთავარი კი ისაა, რომ პოემაში აღწერილი მდებარეობა, სადაც: "მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი" ზუსტად ემთხვევა ბიბლიური დაბადების ეპიცენტრს, ხოლო რუსთველის მიერ ახსნილი "ქაჯთა წარმომავლობა" ძალიან ჰგავს ქართველთა უძველესი წინაპრების დახასიათებას. "ვეფხისტყაოსნის" ავტორი პოემაში ისეთ ცოდნას ამჟღავნებს, რისთვისაც არასდროს არცერთ გენიოსს არ მიუღწევია. პოემაში დეტალურად არის აღწერილი 1186 წლის უნიკალური პლანეტათა პარადი, რაც მხოლოდ 2040 წელს განმეორდება. სწორედ ამ მოვლენას იყენებს ავტორი პოემის სიუჟეტისა და რეალური ისტორიული მოვლენების სინქრონიზების მიზნით. მიჯნურობის განზოგადოებული ცნების შემოტანით ავტორი სვამს ისეთ ამოცანას, რაც მეცნიერებას ჯერაც არ მოსვლია აზრად, იგულისხმება გრავიტაციის და ინფორმაციული კომუნიკაციის ერთმანეთთან დაკავშირება (მიჯნურობა). ოთხი საუკუნით დაასწრო რუსთველმა მეცნიერებს ჰელიოცენტრიზმის შემოტანა და ა.შ. ამის შემდეგ აღარავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ საიდან ფლობდა რუსთველი იმ მათემატიკურ ნიჭს ურომლისოდაც წარმოუდგენელია კომბინატორიკის შესაძლებლობათა ზღვარზე გასვლა. რუსთველი მკითხველთან კომუნიკაციისას პარალელურად იყენებს მრავალგანზომილებიანი კოდირების ურთულეს სისტემას. შედეგად მის ნათქვამს გამართულად აღიქვამს მარტივი, სალაპარაკო ენით მოსაუბრეც და ღრმა ინტელექტის მქონე ადამიანიც. რუსთველის ლექსიკონში სიტყვები: "სიყვარული" და "მიჯნურობა" სრულიად განსხვავებული ცნებებია. მკითხველთა უმრავლესობა კი მათ სინონიმებად აღიქვამს, კიდევ უარესი, თავად რუსთველი თამარზე შეყვარებულ ყმაწვილად წარმოუდგენია, მაგრამ ეს გარემოება არ თრგუნავს არცერთი დონის მკითხველს, პირიქით მოტივაციას აძლევს მათ, რომ ხშირ-ხშირად დაუბრუნდნენ პოემას. სწორედ ამიტომ იზეპირებდა მოსახლეობა ამ უნიკალურ განძს. პროლოგი და ეპილოგი, რის პრიორიტეტულ ინტერპრეტაციასაც ეძღვნება ეს გამოცემა უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა მოცულობით მაინც მცირე ნაწილია, მთლიან პოემაში კიდევ მრავალი საოცრება იმალება. იმ შემთხვევაში, თუ მკითხველი ინტერესს გამოავლენს და ამ საქმეში ვინმე თანადგომასაც გაგვიწევს მთლიანი ტექსტის ამგვარი რედაქციით გამოცემაც გახდება შესაძლებელი. იქამდე კი მიიღეთ შემოთავაზება როგორც ერთი კაცის მიერ სუბიექტურად აღქმული პოემა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-507-00-7
სათაური:
რუსუდან რუსთველი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2022
გვერდები:
22
კატეგორია:
პროფესიული ლიტ.
ნახვები:
710
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]