***
ჩვენს წინ ფოთოლთოდენი პოეტია, ისინიც ვინც სხვა ენაზე წერენ და ისინიც, ვინც ჩვენებია.
ფოთოლი, ეტყობა ტყუილად არ წამომცდენია, პოეტები მიფრინავენ ჰადესში, მაგრამ უკან ბრუნდებიან ახალ ყლორტებად.
„ვიტყვი: თავო, რამ შეგაშინა. რა დაგრჩენია ამ ქვეყანას, თუ არ უყვარდი? და თუ უყვარდი, იმ ქვეყანას რა დაგაკლდება – იქ რა იქნება უარესი?
ყველაზე მეტად რაც გინდოდა აქ, არ გეღირსა და ამაზე სულ თვალს ხუჭავდი, ახლაც იმავეს გააკეთებ, ოღონდ ბოლოჯერ“.
ადამიანს ერთი სიკვდილი ყოფნის, პოეტისთვის კი ათასიც ცოტაა: კვდება და ცოცხლდება, კვდება და იბადება, რადგან პოეზია მეტი არის სიხარულზეც, სიყვარულზეც, სიკვდილზეც.
ეს იცის ყველა პოეტმა, მაგრამ არ ამხელს.
დალოცვა უნდა ყველას, ვინც ამ გზაზეა.
დავლოცავ თამარ ჟღენტს, ახალ ყლორტს ჩვენს პოეზიაში.
ბესიკ ხარანაული
23 იანვარი, 2025