ერთი სახლი და ერთიც გოგონა "არ მომეკაროთ, დღეს ის ვნახე და თვალის მოკვრაც
არ მსურს, არ მინდა ვინმე სხვისი და სხვანაირის..."
ეს სტრიქონები ეზრა პაუნდის ლექსიდანაა და ჩემთვის იმ უცნაურ, იშვიათ შეგრძნებას გამოხატავს, როდესაც ნახულობ ძვირფას ადამიანს და მისგან დაბრუნებულს გეშინია, გზად ვინმე სხვა, ვინმე ჩვეულებრივი ნაცნობი არ გადაგეყაროს, რომელიც გაგიფანტავს იმ ჯადოსნურ, აღმაფრენით სავსე ენერგეტიკულ ველს, იმ განსაკუთრებულმა ადამიანმა რომ შემოგარტყა, როგორც ძვირფასთვლებიანი ქამარი და რომელიც გსურს, რომ როგორმე შინამდე მიიყოლო, ერთი დღე მაინც დაიღამო მისით. ჩემთვის ეს განცდა მედეა ზაალიშვილსა და ყველა იმ ტკბილ-მწარე ამბავთან ასოცირდება, რომელთაც ეს მშვენიერი ქალი მუდამ ღიმილით, მსუბუქი იუმორითა და ლირიზმით ჰყვება და რომელთა მოსმენაც ყოველთვის მენანებოდა მარტოს, რადგან ვფიქრობდი, რომ ამ თხრობას შეეძლო, ადამიანებისათვის სამყარო სხვა თვალით დაენახვებინა.
"ცაში გამოკიდებული სახლი" არის ისტორია მთელი ეპოქის შესახებ, აღწერილი იმ ადამიანის მიერ, რომელიც რეალურ ცხოვრებასაც კი ისე ხედავს, როგორც ლიტერატურას, ამიტომაც მის მიერ დაწერილი დოკუმენტური პროზაც კი მხატვრულ ნაწარმოებს ჰგავს თავისი გმირებითა და ანტიგმირებით. თუმცა ანტიგმირი აქ ცოტაა და ყველა მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ავტორს შეუძლია ადამიანებში მხოლოდ სიკეთე დაინახოს და სიკეთე დაიმახსოვროს, მაშასადამე, მხოლოდ კარგი თქვას მათზე. მედეა ზაალიშვილს შეუძლია მოჰყვეს სიღარიბის, შევიწროვებისა და ავადმყოფობის შესახებ ისე, რომ მკითხველს გული არ დაუმძიმოს და აფიქრებინოს, რომ ყოველივე ეს შეიძლება საჭიროც კი იყოს იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი თავი ბოლომდე, სიღრმისეულად შეიცნოს და დროთა განმავლობაში ყველა გადატანილი უბედურება მის გონებაში ცხოვრებისეული კანონზომიერებების მშვიდ, ფილოსოფიურ ჭვრეტად გარდაიქმნას. ამ წიგნის ერთადერთი ანტიგმირი ომია. სხვა ყველაფერი შეიძლება აპატიო სამყაროს.
"ცაში გამოკიდებულ სახლს" ბევრი გმირი ჰყავს, ზოგი მათგანი უბრალო ადამიანია, წიგნში თავისი სახელის მოხვედრა რომ ძალიან გააოცებდა, როგორც ქურთ ნენე ბებოს, მაგრამ მათი უმეტესობა ის პიროვნებები არიან, რომლებიც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურასა და მეცნიერებას ქმნიდნენ, ამიტომაც წიგნი, მხატვრული ღირებულების გარდა, წინა საუკუნის ისტორიული სურათების წარმოდგენის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ამ წიგნის პერსონაჟებს შორის შევხვდებით სრულიად უცნობ და განსაკუთრებული ოსტატობით აღწერილ ამბებს გალაკტიონის, ჭაბუა ამირეჯიბის, ნიკო კეცხოველის, ნიკო ყიასაშვილის, გივი გაჩეჩილაძის, გივი გეგეჭკორის, თამარ ერისთავის, თამაზ ჩხენკელისა და ეპოქის კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანის შესახებ.
და მაინც "ცაში გამოკიდებული სახლის" ორი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ერთი სახლი და ერთიც გოგონაა. სახლი, რომელიც რომანტიკოსმა კაცმა ქალაქისა და ადამიანებისაგან მოშორებით, მაღალი კლდისწვერზე ააშენა და თითქოს სწორედ ამ სახლმა, მისკენ მიმავალი ციცაბო ბილიკის დღეში რამდენჯერმე ავლამ, ღამღამობით მის სახურავზე აცოცებამ, როცა კაცები ომში იყვნენ და ოთახებში წვიმა ჩამოდიოდა, შესძინა პატარა გოგონას ის ნებისყოფა და დაჟინება, რომელიც თარგმნას სჭირდება.
მედეა ზაალიშვილი ქართულ ლიტერატურაში, უპირ-ველეს ყოვლისა, შესულია როგორც უაღრესად ნაყოფიერი და ფართო დიაპაზონის მქონე მთარგმნელი პროზის, პოეზიისა თუ დრამისა, ვერლიბრისა თუ კონვენციური ლექსისა, კლასიკური თუ უაღრესად ავანგარდული ნაწარმოებებისა, მოკლედ, ყველასი – უილიამ ბლეიკიდან ბუკოვსკიმდე. მრავალ სხვათა შორის მისი თარგმანით გაიცნო ქართველმა მკითხველმა მსოფლიო ლიტერატურის ისეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლები, როგორიცაა შექსპირის "ტიტუს ანდრონიკუსი", "ვენერა და ადონისი", ემილი დიკინსონის ლექსები, იეიტსის "კელტური მიმწუხრი" და ამ ყველაფრის გვირგვინადუილიამ ფოლკნერის "სული რომ ამომდიოდა". ქალბატონი მედეა ერთგული და ზუსტი მთარგმნელების კატეგორიას განეკუთვნება, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებატექსტს და ცდილობს, თავად მაქსიმალურად ამოეფაროს ავტორის ხმას, მაქსიმალურად შეუმჩნეველი დარჩეს. მაგრამ ერთ დღესაც ნავსი ყოველთვის ტყდება.
"მიყვარს წიგნები, როდესაც გადავიღლები და ვეღარ ვკითხულობ, მივდივარ და ყდებს ვეფერები" – ამბობს ქალბატონი მედეა. "ცაში გამოკიდებული სახლი" პირველი წიგნია, როდესაც ინგლისურენოვანი ნაწარმოებების ფურცლებს შორის მცხოვრებმა და თავადაც ამ ნაწარმოებების პერსონაჟი ქალების მსგავსმა ავტორმა სხვათა გამოცემებიდან გადმოაბიჯა და საკუთარს სთავაზობს მკითხველს. და მის მყუდრო, ტომეულებითა და ლიტერატურული პერიოდიკით სავსე ოთახს, რომლის მონახულებაც თითქოს ერთგვარ განსაწმენდელად ქცეულა ჩვენთვის, ახალი თაობის მწერლებისა და მთარგმნელებისათვის, კიდევ ერთი მშვენიერი და მშვენიერყდიანი წიგნი შეემატება. წიგნი, რომლითაც შესანიშნავმა ლიტერატორმა, ბოლოს და ბოლოს, გაბედა და თავისი სახელი და გვარი შიდა სატიტულო გვერდებიდან გარეკანზე გადმოიტანა.
ანი კოპალიანი
ჩემს ძმებს –
თენგიზს და მალხაზს