Facebook-ის ქვეყანა პიესას "Facebook-ის ქვეყანა" - 2023 წელს კონკურსზე "ქართული დრამტუგია-ქართული დრამატურგიის საფუძველი" მიენიჭა მთავარი პრიზი - "საუკეთესო ქართული პიესა" 2024 წელს დაიდგა ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახ. თეატრში.
თამარ ბართაია
ფეისბუქის ქვეყანა
(Facebook-ის ქვეყანა)
(პიესა ორ მოქმედებად)
"ფეისბუქის ქვეყანა " - დაჯილდოვდა მთავარი პრიზით: "წლის საუკეთესო ქართული პიესა". კონკურსზე: "ქართული დრამატურგია-ქართული თეატრის საფუძველი" 2023წ.
დაიდგა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 2024 წელს.
2023 წ.
p.s. თუ ვინმეს თქვენი დაწერილი ფრაზა გეცნოთ ამ პიესაში, არ გაგიკვირდეთ, პროტესტის შემთხვევაში უპრობლემოდ ამოვიღებ და შევცვლი. ამის მეტი რა არის ამ ფეისბუქის ქვეყანაში...
პირველი მოქმედება
მოხუცი მეზღვაური: - რაღაც მინდა გითხრათ! ძალიან მნიშვნელოვანი! ძალიან.... (თითქმის ჩურჩულით ამბობს, როცა დარწმუნდება, რომ დარბაზში სამარისებური სიჩუმეა, შლაპას მოიხდის, სცენის კიდემდე მივა და საიდუმლო ხმით იწყებს).
მოხუცი მეზღვაური: - ამ დილას შინიდან ადრე გამოვედი... სანაპიროსკენ მივდიოდი... ვიწრო ქუჩაზე... უკნიდან სირბილის ხმა შემომესმა, პატარა ბავშვებმა რომ იციან ტყაპი-ტყუპი, ტყაპი-ტყუპი ... "ბოდიშიო" - მოვტრიალდი, აი, ამხელა ბიჭი შემომცქეროდა, იქნებოდა ასე, 6-7 წლის... "ბოდიში" - რამდენი ხანია, ეს სიტყვა აღარ მსმენია... ერთი წუთით!!! ჩუუ... ერთი წუთით!!! (დარბაზს) ჯერ არდამიმთავრებია... გაგიჟდებით, რომ გაიგებთ, რა მითხრა ამ პატარა ბიჭმა (ისევ ელოდება დარბაზის სრულ სიჩუმეს, უფრო ახლოს მიდის მაყურებელთან, ტანითაც კი გადაიწევა, ცოტაც და, შეიძლება, გადავარდეს სცენიდან, თვალებიუბრწყინავს ) -
მოხუცი მეზღვაური: ბოდიში, ძალიან მეჩქარება და შეიძლება, თქვენ წინ წავიდეო ?!
მე გზა დავუთმე... და ისევ ტყაპატყუპით გააგრძელა სირბილი. გესმით?! ბოდიში, შეიძლება, თქვენ წინ წავიდეო?! ...(ბედნიერი სახით დგას მოხუცი).
(ისმის ხარხარი, სიცილისგანსულს ძლივს რომ ითქვამენ, ისეთი).
(სცენა ნათდება და თანდანთან ჩნდება ადამიანთა სილუეტები, რომლებიც მაყურებლისგან ზურგით, ნახევარწრეზე სხედან - გაუნძრევლად, რობოტებივით. წინ ლეპტოპები უწყვიათ, ან მობილურები უჭირავთ. მხოლოდ მათი ხარხარი და შეძახილები ისმის).
ახალგაზრდა ბიჭის ხმა: - აუ, სუ ეგ იყო? თან ძალიან მნიშვნელოვანიო, ხო?! ხა-ხა-ხა-ხა!!!
ახლგაზრდა გოგონას ხმა: - აი, დედას გეფიცებით, თუ რამეს ვამატებდე! გამაჩერა, არადა, მაგრად მეჩქარებოდა და აი, სიტყვა-სიტყვით ეს მომიყვა, როგორ გაატარა წინ პატარა ბიჭი, რომელმაც ბოდიში მოუხადა და უთხრა - ბოდიში, შეიძლება, თქვენ წინ წავიდეო?!
ქალის ხმა: - იქნებ, სხვა რაღაცის თქმა უნდოდა ან ფულის თხოვნა და მოერიდა?
კაცის ხმა: - სკლეროზი ექნებოდა, ბოდავდა ალბათ საწყალი!
ბიჭის ხმა: - სუ ეგ იყო? ნუ დამცენტრეთ!
ქალის ხმა: - რა არის მერე ამაში მოსაყოლი, რამდენი სულელი რაღაცას იტყვის...
კაცის ხმა: - ხო რაა, ვიღაც გამოპრუტუნებულმა, რაღაც სისულელე დააბრეხვა, ყველაფერს აქ რატო წერთ?
ახლგაზრდა გოგონას ხმა: - ჯერ ერთი, რა თქვენი საქმეა, მე ჩემს"ვოლზე" რას დავწერ!
ჩახლეჩილი ხმა: - თქვენ შიგ ხო არა გაქვთ?! რა მოხუცი?! რა პატარა ბავშვმა - ბოდიში, გამატარეთ... სულ ეგ არის? აუ, სუ გამოსირდა ეს ხალხი...
მამაკაცი ("ძველი ბიჭი"): - ხო რა, ნაღდად დასირდახალხი. ამის მეტი პრობლემა, რო არ ექნებათ... ვიღაც საცოდავი პენსიონერი, სკლეროზიანი, რაღაცას ბოდავს, ალბათ წამლის ფული არ ქონდა და პირდაპირ თქმა გაუტყდა! ვახ, ჩემი...
ქალი: - დადეთ ანგარიში და ჩავრიცხავთ, ვისაც რადენი შეუძლია, ამდენ დროს რატო გვაკარგინებთ?
(სცენის დეკორაცია წარმოადგენს დიდი მრგვალი საათის ნახევარწრეს, რომელზეც ციფერბლატების ნაცვლად, წლები აწერია. იწყება წარსულით და მთავრდება მომავლით, ციფრების ნაცვლად კი, მაგალითად, წერია: 1921, 1937, 1956, 1991, 2008... ისრების მაგივრად, მეტრონომის ქანქარა ერთ რიტმში მოძრაობს. სიტუაციის სიმძფრიდან გამომდინარე, იცვლება მისი ტემპი).
(ეკრანზე ჩნდება ფეისბუქი, სადაც ახლგაზრდა გოგონას ფოტოები იდება, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული. "ფეისბუქელები" ახმოვანებენ კომენტარებში დაწერილ ტექსტებს):
კომენტარები:
- აუუ, რა ლამაზი ხარ!!!
- ჩემი ძმიშვილია, ენაცვალოს მამიდა, ჩემი სიამაყე!!!
- უი, თამარ! როგორ გგავს, მართლა, რა სილამაზეა!!! შენი სეხნია ყოფილა!
- ხო სახელიც ისეთი ქვია, ბევრ პასუხისმგებლობას რო ანიჭებს.
- რა შუაში პასუხისმგებლობასთან სახელი?
- არის, როგორ არ არის?!
- სისულელეა!
- როგორ?! სად ბასა რო გქვია და სად - თამარი? ბასას ბევრი რამე