კონტრაბასი ოთახი. უკრავს ფირფიტა. ბრამსის მეორე სიმფონია. ვიღაც ღიღინით აყოლებს ხმას. ისმის ჯერ შორი, მერე მოახლოებული ნაბიჯების ხმა. ის ვიღაც ბოთლს ხსნის და ლუდს ისხამს.
ერთი წამი... ახლავე... – აი, ახლა! გესმით? აგერ! ახლა! გესმით? ახლავე განმეორდება იგივე პასაჟი, ერთი წამი. აგერ! ახლა ხომ გესმით! ბანებზე გეუბნებით. კონტრაბასებზე...
ტონარმს ფირფიტიდან იღებს. მუსიკა წყდება.
... ეს მე გახლავართ. უფრო სწორად, ჩვენ, მე და ჩემი კოლეგები. სახელმწიფო ორკესტრი. ბრამსის მეორე. მაგარია! მაშინ ექვსნი ვიყავით, საშუალო შემადგენლობა. სულ რვანი ვართ. ზოგჯერ სხვებს გვიმატებენ და ათამდე გვზრდიან. თორმეტნიც ვყოფილვართ. აი, მაგარი ეს არის! მართლა მაგარია. თუ მოინდომეს, თორმეტ კონტრაბასს (ეს ახლა თეორიულად) მთელი ორკესტრითაც ვერ მოერევით. სხვა თუ არაფერი, უბრალოდ ფიზიკის კანონების გამო ვერ მოერევით. სხვებს შეუძლიათ გუდა-ნაბადი აიკრან. აი, უჩვენოდ კი არაფერი არ გამოვა. ვისაც გნებავთ, ჰკითხეთ. ნებისმიერი მუსიკოსი დამემოწმება, რომ ორკესტრს ყოველთვის შეუძლია უარი თქვას დირიჟორზე, მაგრამ კონტრაბასზე – არა. ორკესტრებს საუკუნეების მანძილზე არ დასჭირვებიათ დირიჟორები. დირიჟორი ხომ მუსიკის ისტორიის თვალსაზრისითაც მთლად უახლესი გამოგონებაა. მეცხრამეტე საუკუნე. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენც კი სახელმწიფო ორკესტრში ზოგჯერ სრულიად გვერდს ვუვლით ხოლმე დირიჟორს, ანდა სულაც თავზე ვახტებით. ზოგჯერ ისე გადავახტებით ხოლმე თავზე, თვითონაც ვერ ხვდება. იქნევს იმ თავის ჯოხს, ჩვენ კი ჩვენს გემოზე ვხერხავთ. მთავარ მუსიკალურ ხელმძღვანელთან – ნურას უკაცრავად, მაგრამ ვინმე გასტროლებზე ჩამოსულთან – რამდენიც გნებავთ. ფარულად ვნეტარებთ ხოლმე. გადმოცემაც კი მიჭირს... მაგრამ ეს ისე, სხვათა შორის...
სამაგიეროდ სრულიად წარმოუდგენელია სხვა რამ: ორკესტრი კონტრაბასის გარეშე. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ორკესტრი (ეს ახლა როგორც განმარტება) საერთოდ იწყება იქ, სადაც ბანიც არსებობს. არის ორკესტრები პირველი ვიოლინოს გარეშე, ჩასაბერების გარეშე, ლიტავრების და საყვირების გარეშე. საერთოდ, ყველაფრის გარეშე. მაგრამ უკონტრაბასოდ – არასოდეს.
ამით იმის თქმა მინდა, რომ კონტრაბასი ორკესტრის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია და დიდად აღემატება ყველა დანარჩენს. გარეგნულად ეს არ ეტყობა.
მაგრამ კონტრაბასი ქმნის მთელს საორკესტრო საფუძველს, რომელსაც ემყარება საერთოდ დანარჩენი ორკესტრი თავის დირიჟორიანად. ესე იგი ბანი არის ის საძირკველი, რომელზეცაა აღმართული მთელი ეს ღვთაებრივი შენობა (ეს ახლა ხატოვნად). მოაშორეთ ბანი და მიიღებთ ნამდვილ ბაბილონის ენათა ქაოსს, სოდომს, რომელშიც აღარავინ უწყის, რატომ უკრავს საერთოდ მუსიკას. წარმოიდგინეთ (ეს ახლა მაგალითისთვის) შუბერტის სი მინორი სიმფონია ბანების გარეშე. სკანდალი იქნება. არაფერი არ გამოვა. თუ კონტრაბასები არა გყავთ, მთელი საორკესტრო ლიტერატურა თავიდან ბოლომდე, რაც გნებავთ, – სიმფონია, ოპერა, სოლო კონცერტები, – შეგიძლიათ მთლიანად აიღოთ და გადაყაროთ, მთლიანად. აბა, ერთი შეეკითხეთ ორკესტრის მუსიკოსს, როდის აიჭრება ხოლმე! შეეკითხეთ! როდის და, როცა აღარ ესმის კონტრაბასი. ფიასკო! ჯაზბენდში ეს კიდევ უფრო კარგად ჩანს. ჯაზბენდი ბომბივით გასკდება, ბანი თუ გაჩერდება (ეს ახლა ხატოვნად). ასეთ შემთხვევაში დანარჩენ მუსიკოსებს ერთი ხელის დაკვრით ყველაფერი უაზროდ ეჩვენებათ. ისე, უნდა გითხრათ, რომ ჯაზს არ ვცნობ, არც როკს და რაღაცეებს. იმიტომ რომ კლასიკური თვალსაზრისით სილამაზეზე, სიკეთეზე და ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული ხელოვანი გახლავართ და არაფერს გავურბივარ ისე, როგორც თავისუფალი იმპროვიზაციის ანარქიას. მაგრამ ეს ისე, სხვათა შორის...
უბრალოდ, შესავალივით მინდოდა მეთქვა, რომ კონტრაბასი არის ორკესტრის ჭეშმარიტად ცენტრალური ინსტრუმენტი. კაცმა რომ თქვას, ეს ყველამ იცის კიდეც. ოღონდ პირდაპირ არავინ აღიარებს, იმიტომ რომ მუსიკოსი ბუნებით შურიანია. ერთი რა გუნებაზე მეყოლებოდა ჩვენი კონცერტმაისტერი თავისი ვიოლინოთი, როცა მიხვდებოდა, რომ უკონტრაბასოდ ისეთივე სანახავია, როგორიც ხელმწიფე ტანისამოსის გარეშე: საკუთარი უუნარობისა და ქედმაღლობის სასაცილო სიმბოლო. ვერ იქნებოდა კარგ გუნებაზე, ვერა. ცოტას მოვსვამ თქვენის ნებართვით...
ლუდს მოსვამს.
... მე თავმდაბალი კაცი გახლავართ. მაგრამ, როგორც მუსიკოსმა, ვიცი, სადაც ვდგავარ, რა არის ეს დედამიწა, რომელშიც ყველას გვიდგას ფესვი: ენერგიის წყარო, რითაც საზრდოობს ნებისმიერი მუსიკალური აზრი. ეს მშობელი პოლუსი (ეს ახლა ხატოვნად), რომლის წიაღიდანაც მუსიკალური თესლი გადმოჩქეფს... ეს მე გახლავართ! უფრო სწორად, ეს ბანია. კონტრაბასი. ყველაფერი დანარჩენი საპირისპირო პოლუსია. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ბანის მეშვეობით იქცევა პოლუსად. მაგალითად, სოპრანო (ეს ახლა ოპერა)... სოპრანო, როგორც... როგორ გითხრათ... იცით, ჩვენთან ოპერაში გვყავს ერთი ახალგაზრდა სოპრანო, მეცო-სოპრანო... უამრავი ხმა მომისმენია, მაგრამ ეს მართლა რაღაც მომაჯადოებელია. ეს ქალი თხემით ტერფამდე მაჯადოებს. ჯერ კიდევ ლამის გოგოა, ოცდახუთის თუ იქნება. მე თვითონ ოცდათხუთმეტის გახლავართ. აგვისტოში გავხდები ოცდათექვსმეტის. მუდამ ორკესტრის არდადეგებზე მიწევს. ღვთაებრივი ქალია. შთაგონების მომგვრელი... ეს