ბატონი ზომერის ამბავი იმხანად, როცა ჯერ კიდევ ხეებზე ვძვრებოდი – დიდი, დიდი ხნის წინ იყო, მრავალი წლისა და ათწლეულის წინ, მაშინ ერთ მეტრზე ოდნავ უფრო მაღალი ვიყავი, ფეხის ზომა ოცდარვა ნომერი მქონდა და ისე მჩატე ვიყავი, რომ ფრენა შემეძლო… არა, არ ვიტყუები, მაშინ მართლა შემეძლო ფრენა. ყოველ შემთხვევაში, თითქმის. ან, უფრო სწორად, იმ დროს მართლა შევძლებდი ფრენას, ძალიან რომ მომენდომებინა და ნამდვილად რომ მეცადა. იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ ზუსტად მახსოვს, ერთხელ სულ ცოტა მაკლდა გაფრენას, შემოდგომაზე იყო, პირველ კლასში, როცა სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი და ისეთი ძლიერი ქარი უბერავდა, რომ ხელების გაუშლელად შემეძლო ქარის საპირისპიროდ წავხრილიყავი, ტრამპლინიდან მხტომელივით ირიბად, კიდევ უფრო ირიბად, ისე, რომ არ წავქცეულიყავი… და მერე, როცა ქარის საპირისპიროდ გავექანე მინდვრებზე და სკოლის გორაკიდან თავდაღმართზე დავეშვი (იმიტომ, რომ სკოლა სოფლის გარეთ ერთ პატარა გორაკზე იდგა) და სულ ოდნავ დავკარი მიწას ფეხი და მკლავები გავშალე, ქარმა ამწია და იოლად შემეძლო ორი-სამი მეტრის სიმაღლის და ათი-თორმეტი მეტრის სიგრძის ნახტომების გაკეთება, – ან იქნებ არც ასე მაღალი და გრძელი ნახტომები იყო, ნეტა რა მნიშვნელობა აქვს ამას! – ყოველ შემთხვევაში, თითქმის დავფრინავდი და პალტო რომ გამეხსნა და ორივე ბოლო რომ ხელებით გამეშალა ფრთებივით, მაშინ ქარი მთლად ამიტაცებდა ჰაერში და სულ იოლად დავეშვებოდი სკოლის ფერდობიდან, გადავუფრენდი ხეობას, ტყეს და ტყიდან ქვევითკენ ჩავფრინდებოდი, ტბამდე, სადაც ჩვენი სახლი იდგა, და იქ სახტად დარჩენილი მამაჩემის, დედაჩემის, ჩემი დის და ჩემი ძმის თვალწინ, – რომლებიც უკვე ყველანი ძალიან დიდები იყვნენ და ბევრს იწონიდნენ საიმისოდ, რომ ფრენა შესძლებოდათ, – ბაღის თავზე ელეგანტურ რკალს შემოვწერდი, მერე ტბას გადავუფრენდი თითქმის მეორე ნაპირამდე და ბოლოს აუჩქარებლად გამოვბრუნდებოდი უკან და მაინც დროზე მივუსწრებდი სახლში სადილს.
მაგრამ პალტო არ გამიხსნია და მართლა მაღლა არ ავფრენილვარ. იმიტომ არა, რომ ფრენის მეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ არ ვიცოდი, როგორ და სად მოვახერხებდი ან საერთოდ თუ მოვახერხებდი ოდესმე მიწაზე დაშვებას. დასაფრენად ჩვენი სახლის წინ ტერასა ძალიან მაგარი იყო, ბაღი – ძალიან პატარა, ტბაში წყალი – ძალიან ცივი. აფრენა იოლი საქმე იყო. მაგრამ უკან როგორ უნდა ჩამოვსულიყავი?
ხეზე ძრომაშიც ასე იყო: აძრომა სულაც არ იყო ძნელი. ტოტებს შენ წინ ხედავდი, ხელით გრძნობდი მათ და შეგეძლო მათი სიმკვრივე მოგესინჯა, სანამ მათზე აფოფხდებოდი და მერე ფეხით შედგებოდი ზედ. მაგრამ ჩამოძრომისას ვერაფერს ხედავდი და მეტ-ნაკლებად ბრმად უნდა გეცეცებინა ფეხი ქვედა ტოტებში, სანამ მყარ საყრდენს იპოვიდი და საკმაოდ ხშირად ეს საყრდენი სულაც არ იყო მყარი – ან დამპალი იყო, ან სრიალა. ან ფეხი დაგიცდებოდა, ან ტოტი ჩაგიტყდებოდა და თუ ორივე ხელით მაგრად არ ჩაებღაუჭებოდი რომელიმე ტოტს, ქვასავით დაენარცხებოდი მიწაზე ეგრეთწოდებული თავისუფალი ვარდნის კანონების მიხედვით, რომლებიც იტალიელმა გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა ჯერ კიდევ თითქმის ოთხასი წლის წინ და რომლებიც დღესაც მოქმედებს.
ყველაზე უარესად სწორედ იმ პირველ სასწავლო წელს ჩამოვვარდი. ეს მოხდა ოთხ-ნახევარი მეტრის სიმაღლიდან, თეთრი სოჭიდან, ზუსტად გალილეის თავისუფალი ვარდნის პირველი კანონის მიხედვით, რომელშიც ნათქვამია, რომ ვარდნის მანძილი უდრის აჩქარებისა და დროის ნამრავლის კვადრატის ნახევარს (s = 1/2 g x t2), და ამის შედეგად ის ზუსტად 0,9578262 წამს გრძელდებოდა. ეს ძალიან მოკლე დროა. უფრო მოკლე, ვიდრე დათვლისას „ოცდაერთიდან“ „ოცდაორზე“ გადასასვლელად არის საჭირო. არა, იმაზე მოკლეც, ვიდრე რიცხვი „ოცდაერთის“ წესიერად წარმოსათქმელად კმარა! ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ვერც ხელების გაშლა მოვასწარი და ვერც პალტოს გახსნა პარაშუტივით. იმ მხსნელი აზრის გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ წესით არც კი უნდა ჩამოვვარდნილიყავი, ვინაიდან ფრენა შემეძლო. არაფრის გაფიქრების დრო არ მქონდა ამ 0,9578262 წამში. და სანამ გავაცნობიერე, რომ ვვარდებოდი, კიდეც მოვადინე მიწაზე ზღართანი გალილეის თავისუფალი ვარდნის მეორე კანონის მიხედვით (v = g x t), 33 კმ/სთ-ზე მეტი საბოლოო სიჩქარით, თანაც ისე მაგრად, რომ კეფით მაჯის სიმსხო ტოტი ჩავტეხე. ძალას, რომელმაც ეს გამოიწვია, სიმძიმის ძალა ეწოდება. ის სამყაროს არამარტო შიგნიდან კრავს, არამედ ერთი ვერაგული თვისებაც აქვს – ყველაფერს, დიდსაც და ერთი ბეწოსაც, უხეშად იზიდავს თავისკენ და მხოლოდ დედის მუცელში ნეტარებისას ან წყალქვეშ ყვინთვისას გვეჩვენება, რომ ვთავისუფლდებით მისი აღვირისგან. ჩამოვარდნის შედეგად ამ ელემენტარულ ცოდნასთან ერთად კოპიც შევიძინე. კოპი რამდენიმე კვირაში გაუჩინარდა, მაგრამ გავიდა წლები