ნაწილი პირველი -
1 მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთში ცხოვრობდა კაცი, რომელიც გენიალური და საზიზღარი ადამიანებით სავსე ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური და საზიზღარი იყო. აქ სწორედ მისი ამბავი უნდა მოგითხროთ. მას ჟან-ბატისტ გრენუი ერქვა. და თუ ეს სახელი სხვა ისეთი გენიოსი ურჩხულების ფონზე, როგორებიც იყვნენ, ვთქვათ, დე სადი, სენ-ჟიუსტი, ფუკე, ბონაპარტი და სხვები, დღეს დავიწყებასაა მიცემული, იმიტომ კი არა, რომ გრენუი ამ ბნელით მოცულ ცნობილ ხალხს ქედმაღლობით, კაცთმოძულეობით, უზნეობით, მოკლედ, უღმერთობით, ჩამოუვარდებოდა. არა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მისი გენია და ფენომენალური პატივმოყვარეობა იმ სფეროთი შემოიფარგლებოდა, რომელიც ისტორიაში კვალს არ ტოვებს - სუნების წარმავალი სამყაროთი.
ეს ის დრო იყო, როცა ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის, ქალაქებში წარმოუდგენელი სიმყრალე სუფევდა. ქუჩები ყარდა ნაკელით, ეზოები - შარდით, სადარბაზოები - დამპალი ხით და ვირთხის ცურცლით, სამზარეულოები - დამპალი კომბოსტოთი და თხის ქონით. გაუნიავებელი სასტუმრო ოთახები - აქოთებული მტვრის, საძინებლები გაზინთული ზეწრების, ნესტიანი საბნებისა და ღამის ქოთნების ცხვირში საცემი მოტკბო სუნით ყარდა. ბუხრებიდან გოგირდის სუნი გამოდიოდა, სათრიმლავებიდან - მწვავე ტუტეების, სასაკლაოებიდან - შედედებული სისხლისა. ადამიანები ოფლისა და გაურეცხავი ტანსაცმლის სუნად ყარდნენ. პირიდან ჩამპალი კბილების სიმყრალე ამოსდიოდათ, კუჭებიდან - ხახვისა. სხეულზე, თუკი აღარც ისე ახალგაზრდები იყვნენ, ძველი ყველის, აჭრილი რძისა და ჩირქოვანი სიმსივნეების სუნი ასდიოდათ. ყარდა მდინარეები, მოედნები, ეკლესიები, სიმყრალე იდგა ხიდებქვეშ და სასახლეებშიც. გლეხი ისევე ყარდა, როგორც მღვდელი, ხელოსნის შეგირდი კი ისევე, როგორც ხელოსნის ცოლი. მთელი თავადაზნაურობა ყარდა, მეფეც კი ნადირივით ყარდა და დედოფალს ზამთარ-ზაფხულ ბებერი თხის სუნი უდიოდა. მე-18 საუკუნეში ბაქტერიების გამხრწნელი ზემოქმედების შეჩერება ჯერ კიდევ არ შეეძლოთ. ამგვარად, არ არსებობდა ადამიანის რაიმე საქმიანობა - გინდ აღმშენებლური და გინდ დამანგრეველი, არ იყო არც ერთი გამოვლინება ახალჩასახული თუ მიმავალი ცხოვრებისა, ეს სიმყრალე თან რომ არ ხლებოდა.
რა თქმა უნდა, პარიზი ყველაზე მეტად ყარდა, რადგან პარიზი საფრანგეთის უდიდესი ქალაქი იყო. პარიზში კი იყო ერთი ადგილი, სადაც განსაკუთრებით ჯოჯოხეთური სიმყრალე სუფევდა. ეს იყო „უმანკოთა სასაფლაო“ ფერისა და ფერონრის ქუჩებს შორის. რვაას წელს მოასვენებდნენ მკვდრებს აქ „ოტელ დიოდან“ - მთავარი საავადმყოფოდან და ახლომახლო სამრევლოებიდან, რვაას წელს ყოველდღიურად მოჰქონდათ საზიდრებით ათეულობით გვამი და გრძელ საფლავებში ყრიდნენ, რვაას წელს ალაგებდნენ ძვალს ძვალზე საგვარეულო აკლდამებსა და საერთო სამარხებში. და მხოლოდ მოგვიანებით, საფრანგეთის რევოლუციის დაწყების წინ, როცა ზოგიერთი მათგანი სახიფათოდ ჩაინგრა და გადავსებული სასაფლაოს საშინელმა სუნმა მოსახლეობის უბრალოდ უკმაყოფილება კი არა, უკვე აჯანყებები გამოიწვია, ეს სასაფლაო, როგორც იქნა, დახურეს და გააუქმეს. მილიონობით ძვალი და თავის ქალა ჩაყარეს მონმარტრის კატაკომბებში, სასაფლაოს ადგილას კი ბაზრის მოედანი მოაწყვეს.
სწორედ აქ, მთელი სამეფოს ყველაზე მყრალ ადგილას, 1738 წლის 17 ივლისს დაიბადა ჟან-ბატისტ გრენუი. ეს დღე ივლისის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დღე იყო. სიცხე ტყვიასავით ჩამოწოლილიყო სასაფლაოს თავზე და ხრწნის სუნით გაჟღენთილ ბუღს, დამპალი ნესვისა და დამწვარი რქის ერთმანეთში შერეულ სუნად რომ ყარდა, თითქოს მიმდებარე ვიწრო ქუჩებში ტენიდა. გრენუის დედა, ჭინთვები რომ დაეწყო, ფერის ქუჩაზე თევზის ფარდულის დახლთან იდგა და უკვე გამოშიგნულ თევზს ქერცლს აცლიდა. თევზი, რომელიც, მისი თქმით, სენაში დილას დაიჭირეს, მძორის სუნზე მეტად ყარდა. მაგრამ გრენუის დედა ვერც თევზის სუნს გრძნობდა და ვერც მკვდრისას, რადგან ყნოსვა სრულიად დაჩლუნგებული ჰქონდა. თანაც მუცელი სტკიოდა და ეს გარე სამყაროს აღქმის ყოველგვარ უნარს უკლავდა. მარტო ის უნდოდა, რომ ტკივილი შეწყვეტილიყო და ეს საზიზღარი მშობიარობა რაც შეიძლება მალე მორჩენილიყო. მეხუთედ მშობიარობდა. მანამდე ოთხივე მშობიარობამ აქ, თევზის ფარდულში ჩაიარა. ის მკვდარ ან ცოცხალ-მკვდარ ბავშვებს აჩენდა. ეს სისხლიანი ხორცი, რომელსაც ქალი შობდა, დიდხანს არ ცოცხლობდა და მაინცდამაინც არ განსხვავდებოდა თევზის შიგნეულისაგან, იქვე რომ ეყარა. საღამოს ყველაფერს ერთად ნიჩბით მოხვეტდნენ და სასაფლაოსკენ ან მდინარისკენ წაიღებდნენ ხოლმე. დღესაც ასე უნდა ყოფილიყო. და გრენუის დედას, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდახუთიოდე წლის ქალს, რომელიც კვლავაც სასიამოვნოდ გამოიყურებოდა, თითქმის ყველა კბილი ჰქონდა შერჩენილი და თავზეც - მცირეოდენი თმა და რომელსაც ნიკრისის, სიფილისისა და სუსტად გამოხატული ჭლექის გარდა სერიოზული არაფერი სჭირდა, იმედი ჰქონდა, რომ დიდხანს, ასე, ხუთ ან ათ წელს კიდევ იცოცხლებდა. იქნებ გათხოვილიყო კიდეც, ვთქვათ, რომელიმე დაქვრივებულ ხელოსანზე და, როგორც მის პატივცემულ ცოლს, ნამდვილი შვილები გაეჩინა, ან რაღაც ამგვარი... გრენუის დედას უნდოდა, ყველაფერი მალე დასრულებულიყო. ჭინთვები