ნაწილი 1 როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და გული მუდამ სხვაგან მიმიწევდა, მოწიფული ხალხი მარწმუნებდა, დაკაცდები და გადაგივლისო. იმ ასაკსაც მივაღწიე, თვითონაც მოწიფული რომ მეთქმოდა და ამჯერად განკურნება შუახნის ასაკისთვის მიწინასწარმეტყველეს. შუახანს მიტანებულს დაბეჯითებით მითხრეს, წლების მატება მაგ ჟინს დაგიშოშმინებსო, ახლა, უკვე ორმოცდათვრამეტი წლისამ, ვიფიქრე, სიბერე ალბათ მაინც თავისას იზამს-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად – არაფერი მეშველა: გემის გასვლის მაუწყებელი საყვირის ხრინწიანი ხმა შემომესმება თუ არა, თმა ყალყზე მიდგება და ფეხი მითამაშებს. რეაქტიული თვითმფრინავის ძრავას გუგუნის ან თუნდაც ქვაფენილზე ცხენის ფლოქვების თქარუნის გაგონება ძველებურად ჟრუანტელს მგვრის, პირი მიშრება და თვალი უაზროდ მიშტერდება, ხელისგულები მიხურს და ნეკნებქვეშ, მუცელში, რაღაც დამივლის ხოლმე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ჩემი საშველი არ არის – მაწანწალა მაწანწალად რჩება. მგონი, უკურნებელი სენით ვარ ავად. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ ვინმეს ჭკუა დავარიგო, უფრო ჩემი თავი მინდა უკეთ გაგაცნოთ.
როცა ახირებულ კაცს მოუსვენრობის ბაცილა შეუჩნდება და მის წინ გაშლილი გზა ფართო, ისარივით სწორი და საამური ეჩვენება, უპირველეს ყოვლისა, მან კარგი და დამაჯერებელი მიზეზი უნდა მოიგონოს გასამგზავრებლად – გამოცდილი მაწანწალასთვის ეს სულაც არაა ძნელი, მიზეზი ყოველთვის თავზე საყრელად აქვს – შემდეგ დროსა და სივრცეში უნდა დაგეგმოს მოგზაურობა, მიმართულება და მიზანი შეარჩიოს; მოიფიქროს, როგორ წავიდეს, თან რა წაიღოს, რამდენ ხანს აპირებს ხეტიალს. პროცესის ეს ნაწილი უცვლელი და მარადიულია. ამას მხოლოდ ახალბედა მაწანწალებისთვის ვყვები, წერას ატანილი თინეიჯერებისთვის, რომ არ იფიქრონ, ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილიაო.
სადაცაა, გზას რომ უნდა დაადგე და აღჭურვილობაც მზად გაქვს, რაღაც ახალი ფაქტორი გამოჩნდება ხოლმე. ყველა მოგზაურობას, სანადიროდ წასვლასა თუ ექსპედიციას თავისი არსი აქვს და თითოეული ერთმანეთისგან განსხვავდება, თავისთავადია, გამორჩეული, საკუთარი ინდივიდუალობა და ტემპერამენტი ახასიათებს. დიახ, ნებისმიერი მოგზაურობა განუმეორებელია, ორი მსგავსი არ არსებობს. არავითარ გეგმას, წინასწარ გათვლასა თუ თავისათვის შეძახებას შედეგი არ მოაქვს. რამდენიმეწლიანი წვალების შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენ კი არ ვმართავთ მოგზაურობას, არამედ მოგზაურობის წყურვილი გვმართავს ჩვენ. დაგეგმილი ტურები, მარშრუტები, ჯავშნები, თითქოს მყარი და უცვლელი, ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ხოლმე, როცა მოგზაურობის თავისთავადობას ეჯახება. მხოლოდ ამის შეცნობის შემდეგ შეუძლია ჭეშმარიტ მაწანწალას, შვებით ამოისუნთქოს და ბედს მიენდოს. მერეღა დასრულდება ყველანაირი იმედგაცრუება. ამ მხრივ მოგზაურობა ქორწინებას ჰგავს. ცდებით, როცა ფიქრობთ, რომ ყველაფერს აკონტროლებთ. ეს რომ ამოვთქვი, შვებით ამოვისუნთქე, თუმცა მხოლოდ ამ საქმეში გამოცდილები მიმიხვდებიან.
ვფიქრობ, ჩემი გეგმა ნათელი, მკაფიო და გონივრული იყო. მრავალი წელია, ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო, ამერიკაში, ნიუ-იორკში ვცხოვრობ, ხანდახან ჩიკაგოში ან სან-ფრანცისკოში შევივლი ხოლმე. მაგრამ ნიუ-იორკი ისევე აღარაა ამერიკა, როგორც პარიზი არ არის საფრანგეთი ან ლონდონი – ინგლისი. ასე აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემს საკუთარ ქვეყანას არ ვიცნობ. მე, ამერიკელი მწერალი, ამერიკაზე ვწერდი მოგონებებზე დაყრდნობით, არადა, მოგონება, სულ ცოტა, მცდარი და დამახინჯებული წყაროა. მე არ გამიგონია ამერიკის ხმა, არ მიგრძნია მისი ხეების, ბალახისა და ჩამდინარე წყლების სუნი, არ მინახავს ამერიკის მთა და ბარი, მისი ფერების სიხასხასე. თუ რამ იცვლებოდა აქ, ამას მხოლოდ წიგნებიდან და გაზეთებიდან ვიგებდი. უფრო მეტიც, უკვე ოცდახუთი წელი იწურებოდა, რაც ეს ქვეყანა არ შემიგრძნია. ერთი სიტყვით, არ ვიცოდი, რაზე ვწერდი, ასეთი მწერლობა კი, ვფიქრობ, დანაშაულებრივია. მოგონებებს რაც შეეხება, ოცდახუთწლიანმა შუალედმა ისინი გააუფერულა.
ძველი, დანჯღრეული ორკარიანი სახაბაზო ფურგონითაც მიმგზავრია, ძირს ვიწექი, მატრასზე. სადაც ხალხი ჩერდებოდა ან გროვდებოდა, მეც იქ ვჩერდებოდი, ვუსმენდი, ვათვალიერებდი, შევიგრძნობდი და ამ ყველაფრის შედეგად წარმოჩენილი სურათი, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩემივე ნაკლოვანებების მიზეზით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
ასე რომ, გადავწყვიტე, ერთხელაც შემეთვალიერებინა და მეცადა, ხელახლა აღმომეჩინა ეს უშველებელი ქვეყანა. სხვაგვარად ვერ შევძლებდი, გამომეთქვა პატარ-პატარა უტყუარი შეფასებები, რაზედაც უფრო ვრცელ სიმართლეს დავაფუძნებდი. მაგრამ აქ ერთმა მწვავე პრობლემამ იჩინა თავი. უკანასკნელი ოცდახუთი წლის განმავლობაში საკმაოდ გავითქვი სახელი, გამოცდილებამ კი მასწავლა – როცა ხალხი, ავად თუ კარგად, გიცნობს, შენ მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენს; ვერ გეტყვით, რატომ, მორცხვობის გამო თუ რამე სხვა მიზეზით, გამოჩენილ ადამიანთან ბუნებრივად არ იქცევიან ხოლმე. ამიტომ, სამოგზაუროდ წასვლა თუ მინდოდა, ჩემი სახელი და ვინაობა შინ უნდა დამეტოვებინა. მოხეტიალე თვალებად და ყურებად უნდა ვქცეულიყავი, რაღაც მოძრავ ფოტოფირფიტად. სასტუმროში რეგისტრაციისთვის ხელს ვერ მოვაწერდი, ვერ შევხვდებოდი ნაცნობებს, ინტერვიუს ვერავის ჩამოვართმევდი, ვერც კი გამოველაპარაკებოდი ვინმეს. ამას გარდა, ორი და ორზე მეტი