ქრიზანთემები
ზამთრისპირის სქელი, ნაცრისფერი ნისლი დაჰფენოდა მდინარე სალაინას ხეობას, მთელი სამყაროსაგან გაემიჯნა და უშველებელი ხუფდაფარებული ქვაბისათვის დაემგვანებინა. ხელისგულივით გადაშლილ, ტრიალ მინდორს გუთნების მწკრივი მიჰყვებოდა და ლითონივით მბზინავ კვლებს ტოვებდა. მდინარის გაღმა, მთის ძირებზე შეფენილი რანჩოების გადაყვითლებული ნაყანევები ზამთრის მზის მკრთალ, უსიცოცხლო სხივებში გახვეულიყო. თვით ხეობაში დეკემბრის მზეს ვეღარ ჩაეღწია. ტირიფს ჯერ კიდევ არ დასცვენოდა ძირს დაშვებული, ყვითელი ფოთლები და ხშირი ჭალა მდინარის ჩაყოლებაზე ოქროსფრად ენთო.
სიმშვიდისა და მოლოდინის ჟამი იდგა. ჰაერი იყო გრილი და ნაზი. სამხრეთ-დასავლეთიდან მსუბუქმა ნიავმა დაჰქროლა და ფერმერებს იმედი მიეცათ, ეგება გაწვიმდესო. თუმცა კი ნისლიანმა ამინდმა წვიმა არ იცის.
მდინარის გაღმა, მთის ძირას, ჰენრი ალენის რანჩოზე სამუშაო თითქმის მოეთავებინათ. ბალახი რა ხანია მოეთიბათ და დაეზვინათ. ხეხილის ბაღიც დაებარათ. ახლა, თუ გაწვიმდებოდა, მიწას წყალი ღრმად გაუჯდებოდა. უფრო მაღლა, მთის ფერდობზე შეფენილ საქონელს საზამთრე ბეწვი უხშირდებოდა.
ელიზა ალენი ყვავილების ბაღში მუშაობდა. მან თავი ასწია და ეზოს გახედა. ტრაქტორის ფარდულთან, მისი ქმარი, ჰენრი, კომერსანტის კოსტუმში გამოწყობილ ორ მამაკაცს ესაუბრებოდა. სამივეს ცალი ფეხი პატარა „ფორდსონის“ მუხლუხზე ჩამოედო. ისინი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და თან ტრაქტორს ათვალიერებდნენ.
ელიზამ ცოტახანს უყურა მათ, მერე ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.
ქალი ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა. გამხდარი, ძლიერი სახე და ნათელი თვალები ჰქონდა. სამუშაო ტანსაცმელში შებოჭილსა ჰგავდა. ქმრის შავი ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა. მძიმე ფეხსაცმელი ეცვა. ველვეტის წინსაფარი ყვავილებით დაჩითულ კაბას თითქმის მთლად უფარავდა. წინსაფარზე ოთხი დიდი ჯიბე ეკერა. ჯიბეებში ეწყო სასხლავი, მიწის ასახვეტი აქანდაზი, დანა, მაკრატელი, საფხეკელა და ყვავილების თესლი. ხელებზე უხეში ტყავის ხელთათმანები მოერგო.
ახლა მაკრატლით ძირში ჭრიდა შარშანდელი ქრიზანთემების გამხმარ ღეროებს. ხანდახან თავს ასწევდა და ტრაქტორის ფარდულთან საუბარში გართულ მამაკაცებს გახედავდა ხოლმე. სახე დაეძაბა და ამან მიმზიდველობა შემატა. ხელებსაც ზედმეტ ძალას ატანდა. მაკრატელი სულ იოლად კვეცავდა ქრიზანთემების ღეროებს.
სახეზე ჩამოშლილი თმა მიწიანი ხელთათმანით გაისწორა და ლოყაზე ლაქა დააჩნდა.
ელიზას ზურგსუკან წითელი ნემსიწვერებით გარშემორტყმული კოპწია, თეთრი სახლი იდგა. ნემსიწვერები სახლს თითქმის ფანჯრებამდე სწვდებოდა. გულმოდგინედ დაგვილ-დასუფთავებული და ფანჯრებდაკრიალებული პატარა სახლის კიბეზე სუფთა ჭილობი ეფინა.
ელიზამ ერთხელ კიდევ გაიხედა ტრაქტორის ფარდულისკენ. უცნობები დახურულ ორადგილიან „ფორდში“ სხდებოდნენ. ელიზამ ცალ ხელზე ხელთათმანი წაიძრო და ღონიერი თითები ჩაჰყო ქრიზანთემის ნორჩ ამონაყარში, ძველი ძირების გარშემო რომ იზრდებოდა. ფოთლები გასწი-გამოსწია და ხშირად წამოსულ ღეროებს შუა ჩაიხედა. ვერსად ნახა ვერც ბუგრი, ვერც ლოკოკინები და ვერც მუხლუხები. მისი გაწაფული თითები მავნებლებს გამრავლებას არ აცლიდნენ.
ელიზა ქმრის ხმამ შეაკრთო. ჰენრი ჩუმად მოსულიყო და მავთულის ღობეს გადმოყუდებოდა, ყვავილების ბაღს საქონლის, ძაღლებისა და ქათმებისაგან დასაცავად რომ ჰქონდა შემორტყმული.
- რას შვრება შენი ქრიზანთემები? - ჰკითხა მან ელიზას. - ოჰო, რა ჯიშიანი ამონაყარია!
ელიზა წელში გაიმართა და ისევ ჩაიცვა ხელთათმანი.
- დიახ, გაისად უფრო დიდრონი ქრიზანთემები მექნება! - თქვა მან თავმომწონედ და სახე გაუბრწყინდა.
- ოქროს ხელი გაქვს, ელიზა! - უთხრა ჰენრიმ. - წლევანდელი ყვითელი ქრიზანთემები, ზოგიერთი ათი დუიმი მაინც იქნებოდა. ნეტავი ხეხილის ბაღი გაგაშენებინა და იმოდენა ვაშლები გამოგაყვანინა.
ელიზას თვალები აუციმციმდა.
- ალბათ არც ეგ გამიძნელდებოდა. მე მართლა მარჯვე ხელი მაქვს. დედაჩემს დავემგვანე. რაც არ უნდა ჩაერგა მიწაში, ყველაფერს გაახარებდა. ხშირად იტყოდა ხოლმე: მებაღის ხელი უნდა გქონდეს და ხელებს თვითონ ეცოდინებათ, რა აკეთონო.
- ყვავილების მოვლას მართლა ასეთი ხელები სჭირდება, - თქვა ჰენრიმ.
- ჰენრი, ვინ იყვნენ ის კაცები?
- მართლა, სწორედ მაგის სათქმელად მოვედი. უესტერნის ხორცის კომპანიიდან იყვნენ. ოცდაათი სამწლიანი მოზვერი მივყიდე. კარგი ფასი მომცეს.
- ყოჩაღ, ჰენრი!
- დღეს შაბათია, - თქვა ჰენრიმ, - კარგი იქნებოდა, სალაინაში გაგვევლო, რესტორანში გვესადილა და მერე რამე ფილმი გვენახა.
- კარგი იქნება, - თქვა ელიზამ, - ო, ეს საუცხოო იქნება!
- ამაღამ კრივია, თუ გინდა, კრივზეც წაგიყვან, - უთხრა ჰენრიმ ხუმრობთ, როგორც სჩვეოდა.
- ოჰ, არა, - სუნთქვა შეეკრა ელიზას, - მე კრივი არ მიყვარს.
- გეხუმრე, ელიზა, კინოში შევიდეთ. ვნახოთ, ახლა რა დროა... ორი საათია. მე სკოტისთან ერთად წავალ და მთიდან მოზვრებს ჩამოვრეკავ. ორ საათზე მეტი არ დამჭირდება. ქალაქში ხუთი საათისათვის ჩავალთ და „კომინოს-ოტელში“ ვისადილებთ. რას იტყვი?
- რასაკვირველია, უარს არ ვიტყვი. სასიამოვნოა სხვაგან სადილობა.
- კეთილი, მაშ წავალ და