1 როგორ მიიღო მემკვიდრეობა ომიდან დაბრუნებულმა დენიმ და როგორ შეჰფიცა, რომ მფარველობას გაუწევდა საწყალ ხალხს ომიდან რომ დაბრუნდა დენი, მაშინღა გაიგო, რომ მისთვის მემკვიდრეობა დაეტოვებინათ, ქონების პატრონი გამხდარიყო. ვიეხო – პაპამისი – გარდაცვლილიყო და დენისთვის ორი პატარა სახლი ეანდერძებინა ტორტილა ფლეტში.
ეს რომ უთხრეს, თითქოს ერთბაშად დამძიმდა, მხრებზე მეპატრონის პასუხისმგებლობა დააწვა. სანამ მემკვიდრეობის სანახავად წავიდოდა, ერთი გალონი წითელი ღვინო იყიდა და თითქმის სულ გამოცალა მარტოკამ, პასუხისმგებლობის სიმძიმე ხელადვე მოეხსნა და რაც კი რამ ცუდი თვისებები ჰქონდა, ზემოთ ამოტივტივდა. ღრიალი მორთო, საბილიარდოში შეიარა, ალავარდოს ქუჩაზე, და ორი სკამი იქვე მიამსხვრია, ორი მოკლე, მაგრამ ბრწყინვალე ჩხუბიც გამართა, თუმცა კაციშვილს არ მიუქცევია ყურადღება. ბოლოს თავისმა დაგრეხილმა და მორკალულმა ფეხებმა ნავსადგურისკენ წაიყვანეს იგი. სადაც ამუთენია, რეზინის ჩექმებიანი იტალიელი მეზღვაურები ზღვაში გასასვლელად იკრიბებოდნენ.
ერთბაშად რასობრივი სიძულვილი მოერია დენის. მუქარა დაუწყო მეზღვაურებს. სიცილიელო ნაბუშარებოო, შესძახა, ტყვეების კუნძულიდან ჩამოთესლებულებოო, ძაღლებო და ძაღლის გაგდებულებოო, ჩჰინგა ტო მედრე პიოჯო – თქვენი ასე და ისეო. ბრაწი აჩვენა და მერე წელქვემოთაც გააქანა ხელი, უკადრისი ჟესტი გაუკეთა. მეთევზეებმა, ვითომც არაფერიო, გაუცინეს, ნიჩბები მოხსნეს და გადმოსძახეს:
– დენის გაუმარჯოს. როდის დაგვიბრუნდი, ბიჭო, გამოგვიარე ამაღამ, მაჭარს დაგალევინებთ.
დენი სულ გაცოფდა და გადირია, უფრო მაგარ-მაგარი მიაყოლა:
– Pon un condo a la cabeza.
მეთევზეებმა კვლავ მშვიდად გამოსძახეს:
– ნახვამდის, დენი. საღამომდე. – ჩაძვრნენ თავიანთ პატარა ნავებში, ძრავიან კარჭაპებთან მიცურდნენ, ძრავები ჩართეს და თუხთუხით შევიდნენ გაშლილ ზღვაში.
შეურაცხყოფილად იგრძნო თავი დენიმ. უკანვე დაუყვა ალვარადოს ქუჩას, გზაზე ფანჯრის მინები ჩაამსხვრია, და მეორე გზაჯვარედინზე პოლიციელმა დააკავა. დიდ პატივს სცემდა კანონებს დენი და ამიტომ მორჩილად გაჰყვა. ახალდაბრუნებული რომ არ ყოფილიყო ჯარიდან, და ისიც გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ, ექვს თვეს მიუსჯიდნენ. ახლა კი ოცდაათი დღე აკმარა სასამართლომ.
ასე რომ, მთელი ერთი თვე მონტერეის საპყრობილეში გაატარა. ციხის ვიწრო საწოლზე ჩამომჯდარმა. ხან უკადრის სურათებს ხატავდა კედლებზე, ხან ფიქრებს მიეცემოდა და თავის სამხედრო კარიერას იგონებდა. ქალაქის საპყრობილეში დრო ზანტად მიიზლაზნებოდა. ზოგჯერ, თითო ღამით, ვინმე მთვრალს თუ შეუგდებდნენ კამერაში, თორემ ისე ბოროტმოქმედებათა მორევს ობი მოსდებოდა მონტერეიში და დენი მარტოობას განიცდიდა. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, ბაღლინჯოებმა შეაწუხეს, მაგრამ თანდათანობით, ისინიც შეეჩვივნენ დენის სისხლს, დენიც – მათ კბენას, და ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართა.
სატირული თამაშობა წამოიწყო. დაიჭირა ბაღლინჯო, კედელზე მიაჭყლიტა, ირგვლივ ფანქრით წრე შემოავლო და ქვეშ მიაწერა – „ქალაქის მერი კლუ“. ასე განაგრძო – დაიჭერდა ბაღლინჯოს, მიაჭყლეტდა და ქალაქის მუნიციპალიტეტის წევრთა გვარებს მიაწერდა ხოლმე. ცოტა ხანში მთელი ერთი კედელი სულ მიჭყლეტილი ბაღლინჯოებით შეამკო, რომელთაც ქვეშ ქალაქის ამა თუ იმ გამოჩენილი პიროვნების გვარი ჰქონდა მიწერილი. ყურები და კუდები გამოაბა, გრძელი ცხვირები და ულვაშებიც მიახატა. ციხის ზედამხედველმა ტიტო რალფმა რომ ნახა, ელდა ეცა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს, რადგან დენის არც მოსამართლის გვარი მიუწერია, რომელმაც ციხე მიუსაჯა, არც რომელიმე პოლიციელისა; განუზომელი პატივისცემით იყო განმსჭვალული კანონის მიმართ.
ერთ საღამოს, როცა ციხეში კაცის ჭაჭანება არ იყო, ტიტო რალფი დენის კამერაში შევიდა და ორი ბოთლი ღვინო შეიტანა. ერთი საათის შემდეგ ისევ გამობრუნდა ღვინისთვის, და დენიც თან გამოჰყვა. ციხეში მოწყენილობა იყო. ტორელისთან შეიარეს, იყიდეს ღვინო და იქვე მოულხინეს, მანამ ტორელიმ კინწისკვრით არ გამოყარა გარეთ ერთიცა და მეორეც. დენი გორაკს აუყვა და ნაძვნარში წამოწვა, დაიძინა, ტიტო რალფი კი ციხისკენ წაბარბაცდა და უფროსს დენის გაქცევა მოახსენა.
შუადღის ცხრათვალა მზემ რომ მიაჭყიტა თვალებში, დენის გამოეღვიძა და გადაწყვიტა მთელი დღე ნაძვნარშივე გაეტარებინა, მდევრებს მორიდებოდა, ჩაჯდა ბუჩქებში და, მონადირისაგან წამოგდებულ მელასავით, იქიდან დაიწყო თვალების კუსვა. საღამო ხანს ფრთხილად გამოძვრა, – როგორც წესი და რიგია, – და საქმეზე წავიდა.
მისი საქმე კი ნათელი და გარკვეული იყო. უკანა კარიდან მიადგა რესტორანს.
– გამხმარი პური გექნებათ, ძაღლისთვის მინდა, – მიმართა მან მზარეულს.
და სანამ ეს გულუბრყვილო კაცი პურს შეუხვევდა, დენიმ ლორის ორი ნაჭერი, ოთხი კვერცხი, ბატკნის ყბა და ბუზიხოცია დაითრია.
– ფულს მერე გადაგიხდი, – უთხრა მან.
– პურის ნატეხებში ფულის გადახდა გამიგონია?! სულ ერთია, უნდა გადამეყარა.
დენის გულზე მოეშვა: თუკი მართლა ასე ფიქრობს ეს კაცი, ქურდობად აღარ ჩამოერთმევა. ტორელისთან მიბრუნდა, ოთხი კვერცხი, ბატკნის ყბა და ბუზიხოცია ერთ ჭიქა გრაპაში გადაუცვალა და ნაძვნარისკენ გასწია ვახშმის მოსამზადებლად.
ბნელი და ნესტიანი ღამე იყო. ჩამუქებულ ნაძვებს შორის, რომლებიც გუშაგებივით გადმოდგომოდნენ