1 ოკლაჰომაში დიდი ხნის ნანატრმა წვიმამ წითელ მინდვრებს გადაუარა და ოდნავ დანამა. მერე რუხი მინდვრების ერთ ნაწილსაც მისწვდა, მაგრამ დაშაშრულ მიწაში ღრმად ვეღარ ჩააღწია. გუთნები ცვრიან კვლებში გადი-გამოდიოდნენ. მალე სიმინდი წამოიზარდა; გზების გასწვრივ მიწას ბალახი და შამბნარი მოედო. წითელი და რუხი მინდვრები ხასხასა სიმწვანის ქვეშ მოექცა. მაისის ბოლოს ცა გაფერმკრთალდა და მძიმე ღრუბელი, მთელი გაზაფხულის ხანს იქაურობას თავს რომ დასცქეროდა, გაიფანტა. თაკარა მზე წამოზრდილ სიმინდს თვალს არ აშორებდა; თანდათან ყოველ ახალამოწვერილ მწვანე ფოთოლს კიდეები გაუხუნდა. მოქუფრული ღრუბლები ჯერ ისევ იმუქრებოდნენ, მაგრამ მალე მობეზრდათ, გადაიკრიფნენ და აღარც გამოჩენილან. შამბნარმა, თავი რომ დაეცვა, მუქი ფერი მოირგო და გამრავლება შეწყვიტა. მიწის ზედაპირმა თხელი ქერქი მოიგდო. ცის შემხედვარემ მანაც ფერი იცვალა და წითელი მინდვრები ღია ვარდისფრად, ხოლო რუხი კი, თეთრად შეფერადდა.
მტვრადქცეული მიწა ხევებში წვრილ ნაკადებად ჩაედინებოდა. თრიებისა და ლომჭიანჭველების გამალებული ფუსფუსის გამო მიწა იფშვნებოდა და ხევში პატარ-პატარა მეწყრებად ცვიოდა. მწველი მზე დღითიდღე ცხარდებოდა. ნორჩი ყანა ისე ვეღარ ყელყელაობდა, მოიწყინა; მერე როცა უღონობა მთავარ ძარღვში სწვდა, თავი ჩაქინდრა და ფოთლები მიწაზე დაუშვა. ივნისში მზე კიდევ უფრო გავარვარდა. ფოთლებს ყავისფერი შუა ძარღვებამდე მოედო. ძალაგამოცლილი შამბნარი საკუთარ ფესვებთან გაწვა. ჰაერი გამჭვირვალე იყო, ცა – გაცრეცილი; მიწა დღითიდღე ფერმკრთალდებოდა.
გზებზე, სადაც მუშათა ბრიგადები გადაადგილდებოდნენ, ბორბლების ტრიალი და ჩლიქების ცემა გამხმარ ტალახს ფშვნიდა და იქაურობას მტვრის კორიანტელში ჰხვევდა. ნებისმიერი მოძრაობა ჰაერში მტვრის ავარდნას იწვევდა: კაცი გაივლიდა და მტვერი წელამდე სწვდებოდა, ურემი ჩაივლიდა და ბუღი ღობეებს ეფინებოდა, ხოლო მანქანა კი, მტვრის დიდ ღრუბელს ტოვებდა; მერე კარგა ხანს, სანამ ისევ მიწას მოეფინებოდა, მტვერი ჰაერში ტრიალებდა.
ივნისის მიწურულს ტეხასიდან და მექსიკის ყურედან ღრუბლები დაიძრა, მძიმე, საავდრო ღრუბლები. ყანის მუშები ცას თვალს არ აშორებდნენ, ჰაერს ღრმად ისუნთქავდნენ, თითებს ისველებდნენ და ცდილობდნენ, ქარის მიმართულება გამოეცნოთ. აფორიაქებული ცხენები გამუდმებით ბოლთას სცემდნენ. ბოლოს ერთბაშად წამოუშინა, უცბად გადაიღო და ღრუბლები სწრაფად გაეცალნენ იქაურობას. ცა ისევ გადაიწმინდა, მზე ისევ გავარვარდა. მიწაზე წვიმის წყლით სავსე პატარა გუბურები გაჩნდა და სიმინდის ფოთლები სუფთა წვეთებმა დანამა; სულ ეს იყო.
მერე სუსტმა ქარმა ღრუბლები ჩრდილოეთისკენ გარეკა და შელახული ყანა ოდნავ შეარხია. დღე მიილია. ქარი გაძლიერდა, თანაბრად, ერთბაშად მოვარდნის გარეშე ქროდა. მტვერმა ჰაერში აიწია, გზების გასწვრივ შამბნარს მოედო და ყანებისკენ გადაინაცვლა. ახლა ქარი კიდევ უფრო ღონივრად უბერავდა და გამომხმარი მიწის დაფშვნას ცდილობდა. ნელ-ნელა ჰაერს მტვერი შეერია, ცა გამუქდა. ქარი დაბლა დაძრწოდა, მტვერს იტაცებდა და მაღლა მიაქანებდა; ყოველ წუთს უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მიწის ქერქი დასკდა, ყანებიდან მტვრის მძიმე შავი ღრუბელი ზანტად მიიწევდა ზევით. სიმინდის ყანა მოვარდნილ ქარს მშრალი სისინით პასუხობდა. ახლა მტვრის ნატამალიც ვეღარ ჩერდებოდა მიწაზე და ერთიანად მოქუფრული ცისკენ მიემართებოდა.
ქარი კიდევ უფრო გათამამდა. გოროხების ქვეშ ძვრებოდა, თვალის დახამხამებაში ხვეტდა ჩალას, გამხმარ ფოთლებს, მიწის პატარა კოშტებსაც კი და ყანების თავზე აფრიალებდა. შავი ციდან მზე წითლად იჭვრიტებოდა, დახაშმული ჰაერი ისუსხებოდა. დაღამდა. გამძვინვარებული ქარი გახელებით უვარდებოდა ფესვებში სიმინდს და ძირ-ფესვიანად გლეჯდა. ფოთლებდაშაშრული სიმინდი, სანამ ფესვები ზევით ამოეყრებოდა, გაბოროტებულ ქარს უძალიანდებოდა. ბოლოს დაქანცული გვერდულად დაწვა; ისღა შეეძლო, რომ შრიალით ქარის მიმართულება მიენიშნებინა.
ირიჟრაჟა, მაგრამ გათენებას საშველი არ დაადგა. შავ ცაზე წითელი მზე გამოკრთა, მქრქალი წითელი წრე, მწუხრის მზესავით ნაღვლიანი. საღამოს ბინდი ღამის სიბნელეს შეერია; დაცემულ ყანას ქარი ზუზუნით დასტიროდა.
ხალხი სახლებში შეყუჟულიყო. უსაფრთხოების მიზნით, გარეთ გამოსვლისას, ცხვირსახოცებს იფარებდნენ და სათვალეს იკეთებდნენ.
კუნაპეტი ღამე ჩამოწვა. ვარსკვლავების სხივი მტვერს თავს ვერ აღწევდა; მიწაზე წყვდიადი სუფევდა. ფანჯრებიდან გამოსული მკრთალი შუქი ეზოებს ძლივს ანათებდა. ახლა გარშემო მტვერი იმდენივე იყო, რამდენიც ჰაერი, გეგონებოდათ, რომ ჰაერი და მტვერი ერთმანეთს შეერწყა და ერთგვაროვან მასად, ემულსიად, იქცა. შინ გამოკეტილებს ფანჯრები და კარები საგულდაგულოდ დაეგმანათ, მაგრამ მტვერი შეუმჩნევლად აღწევდა სახლებში და სკამებს, მაგიდებსა და ჭურჭელს თხელ ფენად ედებოდა. ადამიანები წამდაუწუმ ბეჭებს იფერთხავდნენ; ყველა კარის ზღურბლზე მტვერი ეფინა.
შუაღამისას ქარი ჩადგა და სიმშვიდემ დაისადგურა. მტვრით გაჯერებული ჰაერი ხმას კიდევ უფრო მეტად ახშობდა, ვიდრე ნისლი. ქარი რომ ჩაყუჩდა, ხალხს ჯერ კიდევ ეძინა. დილით მისი ყმუილი უკვე აღარ ისმოდა. ადამიანები გატრუნულები იწვნენ და სიჩუმეს უსმენდნენ. მალე მამლებმა იყივლეს, მაგრამ მათი ხმა მტვრიანმა ჰაერმა ჩაახშო; ხალხი ლოგინებში