შესავალი ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ დენის, დენის მეგობრებისა და დენის სახლის ამბავს და ნახავთ, როგორ გაერთიანდა ეს სამი ცნება. ასე რომ, დენის სახლზე თუ ჩამოაგდებენ სიტყვას ტორტილა ფლეტში, მარტო ძველისძველი კასტილიური ვარდებით დაფარულ ხის კედლებს კი არავინ იგულისხმებს, რომლებიც ოდესღაც თეთრად შეუღებავთ და ახლა კირი ერთიანად ჩამოქერცლილა. არა, დენის სახლზე რომ ჩამოაგდებენ სიტყვას, მაშინვე უნდა იგულისხმოთ რაღაც მთლიანობა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც ადამიანები წარმოადგენენ, თავიანთი მხიარულებითა და სიტკბოებით, კაცთმოყვარეობით და, ბოლოს, მისტიკური სევდითაც. რადგან დენის სახლი არაფრით განსხვავდებოდა ართურის მრგვალი მაგიდისაგან, და არც დენის მეგობრები განსხვავდებოდნენ იმ მრგვალი მაგიდის რაინდებისაგან. აქ მოთხრობილია, თუ როგორ დაუახლოვდნენ ისინი ერთმანეთს, როგორ განმტკიცდა და გაიფურჩქნა მათი მეგობრობა, რა ლაზათი და სიბრძნე ადუღაბებდა მას. გაეცნობით დენის მეგობრების თავგადასავალს, რა სიკეთე დაუთესიათ, რა ფიქრებით ყოფილა მოცული მათი თავი და რა მისწრაფებები ჰქონიათ. წიგნის დასასრულს კი იმასაც მოგითხრობთ, თუ როგორ დაიკარგა თილისმა და მათი კავშირიც როგორ დაირღვა.
მონტერეიში, კალიფორნიის სანაპიროს ამ ძველ ქალაქში, ეს ამბები ყველამ კარგად იცის, დაუსრულებლად იმეორებენ და ზოგჯერ შეალამაზებენ კიდეც. საჭირო გახდა მთელი ამ ციკლის ფურცელზე გადატანა, რათა მომავალი საუკუნეების მეცნიერებმა, როდესაც ამ ლეგენდებს მოისმენენ, ისეთივე მოსაზრება არ გამოთქვან, რასაც ართურის, როლანდისა და რობინ ჰუდის შესახებ ამბობენ ხოლმე: „არავითარი დენი, არც მისი მეგობრები და არც სახლი არ არსებულა! დენი – ღვთაებაა და ბუნებას განასახიერებს, მისი მეგობრები კი ქარის, ცისა და მზის პირველყოფილ სიმბოლოებად გვევლინებიან“. ამ მოთხრობის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ მოუსპოს კოპებშეკრულ მეცნიერებს დამცინავი ღიმილის მიზეზი.
მონტერეი მთის ფერდობზეა შეფენილი, წინ ზღვის ლურჯი უბე აკრავს, უკან – მაღალი, ჩამუქებული ნაძვნარი. ქვემო უბნები ამერიკელებით, იტალიელებით, მეთევზეებითა და მეკონსერვეებით არის დასახლებული. ზემოთ კი, იქ, სადაც ქალაქი ტყეს უერთდება, სადაც ქუჩები ასფალტით არ არის შეკრული და მოსახვევებში ფარნები არა ჰკიდია, მონტერეის ძველისძველი ბინადრები არიან გამაგრებულნი, ისევე, როგორც ძველი ბრიტები უელსში და სწორედ ეგენი არიან პაისანოები.
ცხოვრობენ ძველებურ ხის სახლებში. ეზოებში შამბნარი მორეულა, უკან ნაძვნარი აკრავთ. კომერციული მისწრაფებებისაგან თავისუფალი არიან, ამერიკული ბიზნესის რთული სისტემაც უცხოა მათთვის, და რაკი არავითარი ქონება არ აბადიათ, ვინმემ რომ მოპაროს, წაგლიჯოს, ან დასაგირავებელი გაუხდეთ, ეს სისტემა დიდი თავგამოდებით არც უტევს მათ.
პაისანო ვინაა? იგი წარმოადგენს ესპანურ, ინდურ, მექსიკურ და კავკასიური რასის ტომთა სისხლის ნარევს. მისი წინაპრები ასი თუ ორასი წლის წინათ დასახლებულან კალიფორნიაში. ინგლისურად პაისანოურ კილოზე ლაპარაკობს და ესპანურსაც პაისანოურად უქცევს. რა სჯულისა ხარო, თუ ჰკითხე, გაგინაწყენდება და წმინდა სისხლის ესპანელი ვარო, გეტყვის, მერე სახელოს აიწევს და მკლავის სითეთრეს გაჩვენებს. ხვართქლის ჩიბუხის ფერი ადევთ, მაგრამ ამას მზეს აბრალებენ. პაისანო გახლავთ და მონტერეის გარეუბანში ცხოვრობს, გორაკზე. ამ უბანს ტორტილა ფლეტს ანუ გაბრტყელებულ კვერს უწოდებენ, თუმცა ბრტყელი სულაც არ არის.
პაისანო იყო დენი, ტორტილა ფლეტში გაიზარდა და ყველას გამორჩეულად უყვარდა, თუმცა იმ უბნელი ჭყვიტინა ბიჭებისგან არაფრით გამოირჩეოდა. თითქმის ყველასთან რაღაცით იყო დაკავშირებული ტორტილა ფლეტში – ზოგთან ნათესაობით, ზოგთან რომანტიკული ურთიერთობით. პაპამისი ცნობილი კაცი იყო, ორი პატარა სახლი ედგა ტორტილა ფლეტში და, როგორც მდიდარს, ყველა პატივს სცემდა. და თუ მაინც ტყეში ძილს, რანჩოებში მუშაობასა და ამ პირქუშ ქვეყანაზე პურისა და ღვინის შრომითა და ოფლით მოპოვებას არჩევდა დენი, ეს განა იმიტომ, თითქოს გავლენიანი ნათესავები არა ჰყოლოდეს. ტანმორჩილი კაცი იყო დენი, შავტუხა და შეუპოვარი. ოცდახუთისა რომ შესრულდა, ფეხები უკვე ცხენის ფერდების თარგზე ჰქონდა შემორკალული.
სწორედ ოცდახუთი წლისა იყო, როცა გერმანიასთან ომი გამოცხადდა. დენისა და მის მეგობარ პილონს (სხვათა შორის, „პილონი“ ერთგვარ სართს ნიშნავს რაიმე გარიგების დროს, ან არადა, როცა უკვე მორიგდებიან ერთმანეთში და რომელიმე მხარე პურმარილს იკისრებს) ორი გალონი (3,5-დან 4,5 ლიტრამდე) ღვინო ედგათ, ომის დაწყების ამბავი რომ გაიგეს. პორტუგალიელმა დიდმა ჯომაც მოჰკრა თვალი ნაძვებში ბოთლების პრიალს და ისიც დენისა და პილონს შეუერთდა.
რაც უფრო დაბლა იწევდა ღვინო ბოთლებში, სამი ვაჟკაცის პატრიოტიზმი მით უფრო მაღლდებოდა და იზრდებოდა. როცა სულ გამოილია ღვინო, ერთმანეთს ხელები გადახვიეს, მეგობრობის ნიშნად, და იმიტომაც, რომ ფეხი არ დასცურებოდათ, გორაკი ჩაიარეს და მონტერეის ქუჩებში გავიდნენ. გამწვევ პუნქტს რომ მიადგნენ, ამერიკის სადიდებლად „ვაშა“ დააგუგუნეს და გერმანიის ლანძღვას მოჰყვნენ. იმდენს ღრიალებდნენ და ემუქრებოდნენ გერმანიის იმპერიას, რომ მოხალისეთა