ნაწილი პირველი - თავი პირველი
როცა აპრილის მშვენიერმა ოქროს დილამ მერი ჰოული გააღვიძა, ქალი ქმრისკენ გადაბრუნდა და ნახა, რომ მას ნეკა თითებით პირი გაეჭიმა – ცოლს ბაყაყივით ეჭყანებოდა.
– რას მაიმუნობ, ითენ! – უთხრა ქალმა, – ისევ შენი კომიკური ნიჭი გინდა გამოამჟღავნო?
– ცოლად არ გამომყვები, ქალბატონო თაგუნია?
– ჯერ არ გაგიღვიძია და უკვე დაიწყე შენებური?
– დრო მიდის... ხომ ხედავ, რა დილა გათენებულა!
– აკი ვთქვი. დაიწყო თავისებური. აღარც კი გახსოვს, რომ დღეს წითელი პარასკევია?
კაცმა ყრუდ დაიბუხუნა:
– ბინძური რომაელები გოლგოთასთან გაწკაპულან.
– ღმერთს ნუ გმობ. დღეს თერთმეტი საათისთვის მარულო მაღაზიას არ დაგაკეტვინებს?
– ჩემო ძვირფასო ყვავილო, მარულო ხომ კათოლიკე და ჩერჩეტი იტალიელია. დღეს, ალბათ, სათოფეზეც არ მომეკარება. შესვენებაზე დავკეტავ, შუაღამისას, და სანამ დასჯას არ მორჩებიან, არც გავაღებ.
– რა პილიგრიმივით ლაპარაკობ. არ ვარგა ასე.
– კარგი ერთი, ჭიამაია, ეს დედაჩემის მხრიდან გამომყვა. მეკობრეებმა იციან ხოლმე ასე. ნამდვილი დასჯა კი იყო.
– სადაური მეკობრეები არიან! აკი ჩემი წინაპრები ვეშაპებზე მონადირენი იყვნენ და – საკონტინენტო კონგრესია თუ რაღაცა – იმისი საბუთებიც კი ჰქონდათო?!
– ისინი რომ ცეცხლს უშენდნენ, იმ გემზე მეკობრეებად მიაჩნდათ. და რომაელი ჯარისკაცებიც დასჯას ეძახდნენ ამას.
– ხომ ხედავ, როგორ გაგაცოფე. მიყვარს, თავის გასულელებას რომ მოჰყვები.
– ვარ კიდეც სულელი. ვისაც გინდა, ჰკითხე.
– სულ ასე ამირევ ხოლმე დავთრებს. სრული უფლება კი გაქვს იამაყო – ერთ ოჯახში პილიგრიმებიც გყოლიათ და ვეშაპებზე მონადირე გემის კაპიტნებიც.
– იმათ თუ აქვთ?
– ვერ გავიგე, რას მეუბნები.
– ჩემს დიდ წინაპრებს თუ აქვთ-მეთქი საამაყო, რომ მათი უბადრუკი შთამომავალი გამყიდვლად უდგას ვიღაც ოხერ იტალიელს სწორედ იმ ქალაქში, სადაც თვითონ ბატონ-პატრონები იყვნენ?
– სადაური გამყიდველი შენა ხარ, მენეჯერს უფრო ჰგავხარ – ანგარიშს შენ აწარმოებ, ბანკში შენ შეგაქვს ფული და საქონელსაც შენ უკვეთ ხოლმე.
– მართალი ხარ. თან მაღაზიასაც მე ვგვი, ნაგავიც მე გამაქვს, მარულოს ფეხქვეშ ვეგები... კატა რომ ვიყო, თაგვებსაც დავუჭერდი.
ქალმა ხელი მოხვია.
– მოდი, მართლა ვისულელოთ, – უთხრა მან, – ოღონდ ამ წითელ პარასკევს ნუ იგინები. მიყვარხარ.
– ასეა, – თქვა კაცმა ცოტა ხნის შემდეგ, – ვისაც უნდა გამოელაპარაკო, ბოლოს ამას გეტყვის. ოღონდ ნუ გგონია, რომ ეს ცოლშვილიან კაცთან დედიშობილა წოლის უფლებასაც გაძლევდეს.
– მინდოდა, ბავშვებზე ახლა რაღაც მეთქვა.
– ციხეში ჩასვეს?
– ისევ აურია. ჯობია, თვითონვე გითხრან.
– შენ რატომ არ...
– მარჯი იანგ-ჰანტს დღეს კიდევ უნდა ვაკითხვინო.
– წიგნი? ვინ არის ეს მარჯი იანგ-ჰანტი, ყველა რომ მოხიბლა...
– იცი, რა გითხრა – ჭკვიანი რომ ვიყო... ნათქვამია, კაცი რომ თავს იკატუნებს, თითქოს ვერც კი ამჩნევდეს ლამაზ გოგოს...
– ოჰო! მაგასაც თუ გოგოს ეძახი! ორი ქმარი გამოუცვლია.
– მეორე მოუკვდა.
– საუზმე მინდა. და შენც გჯერა ამ სისულელის?
– ძმაზე რაც მირჩია, ამიხდა. ვინმე ძალიან ძვირფასიო, ასე მითხრა.
– ვინმე ჩემი ძალიან ახლობელი და ძვირფასი კაი პანღურს მიიღებს, ახლავე საუზმე თუ არ...
– მივდივარ... ერბოკვერცხი?
– კარგი იქნება. ნეტავ ვინ დაარქვა წითელი პარასკევი? რა აქვს წითელი და კარგი?
– ეჰ, რა კაცი ხარ! – უთხრა ქალმა, – ღლაბუცისათვის გაჩენილხარ.
ყავა უკვე გამზადებული დახვდა, თეფშით ერბოკვერცხი და გახუხული პურიც იქვე იყო, როცა ითენ ალენ ჰოული სასადილო ნიშში შეძვრა, ფანჯრის გვერდით.
– დიდებულ გუნებაზე ვარ, – თქვა მან, – მაინც რატომ ეძახიან დიდ წითელ პარასკევს?
– გაზაფხულია, – გამოსძახა ღუმელთან მდგარმა ქალმა.
– გაზაფხულის პარასკევი?
– გაზაფხულის ხურვება. ეს რა ამბავია, ბავშვები ადგნენ უკვე?
– ადგნენ, როგორ არა! უქნარა ნაბიჭვრები. უნდა წამოყარო და კარგად აუხურო გვერდები.
– რომ წამოგივლის, შენ თვითონვე არ იცი, რას ბოდავ. შესვენების დროს – თორმეტიდან სამამდე – არ მოხვალ შინ?
– არა მგონია.
– რატომ?
– ქალებს შევიტყუებ, იქნებ ის შენი მარჯი შევიტყუო.
– გეყოფა, ითენ. ასე ნუ ლაპარაკობ. მარჯი ნამდვილი მეგობარია, პერანგს გაიხდის და შენ მოგცემს.
– ოჰ? აცვია მერე პერანგი?
– ისევ პილიგრიმივით მოჰყვა.
– სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ის შენი მარჯი ნათესავად მომხვდება. მასაც მეკობრის სისხლი აქვს.
– ოჰ! კიდევ დაიწყო. აჰა, სია, – გულის ჯიბეში ქაღალდი ჩაუდო, – ბევრი მოგეჩვენება,