შესავალი დილაადრიან მონტერეიში საყვირის ხმის გაგონებაზე უკვე ყველამ იცის, რომ თევზით დატვირთული სეინერები შემოდიან ყურეში, სარდინებით დამძიმებული ნავები ნაპირს უახლოვდებიან, მოიწევენ კონსერვის საამქროებისკენ, კუდები რომ ჩაუყვიათ ყურეში, რაც მართლაც მშვენივრად მოუფიქრებიათ, რადგან პირიქით რომ ყოფილიყო და საამქროებს პირი ჰქონოდათ წყალში ჩაყოფილი, მაშინ მეორე ბოლოდან გადმოყრილი დაკონსერვებული სარდინების ქილები, მეტაფორულად, სხვა თუ არაფერი, ამაზრზენი სანახაობა იქნება. მალე საამქროს საყვირიც დაიგუგუნებს და ქალაქის კაციც და ქალიც საჩქაროდ შემოიცვამს ტანსაცმელს და სირბილით კონსერვის რიგისკენ დაეშვება. მაღალი კლასის წარმომადგენლები: მმართველები, ბუღალტრები, მეპარტონეები გაკრიალებული მანქანებით ჩამოდიან და უჩინარდებიან ოფისებში. მერე, სპეციალურ შარვლებში, წყალგაუმტარ ქურთუკებსა და მუშამბის წინსაფრებში გამოწყობილი იტალიელები, ჩინელები და პოლონელები ჯგროდ შემოცვივდებიან ქალაქში – მორბიან, რათა გაწმინდონ, დაჭრან, ჩაალაგონ და დააკონსერვონ თევზი. მთელი ქუჩა გრუხუნებს, კვნესის, კივის და ზანზარებს, როცა თევზის ვერცხლისფერი მდინარე მოედინება ნავებიდან, დაცლილი ნავები კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მაღლა ამოდიან წყლის ზედაპირზე. კონსერვის საამქროებიც გრუხუნებენ და ზანზარებენ, ვიდრე უკანასკნელი თევზი არ დაიჭრება, არ გაიწმინდება, არ მოიხარშება და არ დაკონსერვდება. მერე ისევ საყვირის ხმის გაგონებაზე გალუმპული, დაღლილი და აქოთებული იტალიელები, ჩინელები და პოლონელები უკან, ქალაქში წაჩანჩალდებიან და კონსერვის რიგიც ისევ დაიბრუნებს თავის მშვიდ და მომაჯადოებელ იერს. ქუჩის ცხოვრებაც ჩვეული გზით წავა. მაწანწალები, აქამდე შავი კვიპაროსის ჩრდილში რომ შეყუჟულიყვნენ, ბუზღუნ-ბუზღუნით გამოლაგდებიან და სადმე, მიყრუებულ ადგილას დაჟანგულ მილებზე მოკალათდებიან. თუ კარგი ამინდია, დორას გოგოებიც ცოტა ხნით მზეს მიეფიცხებიან. დასავლეთის ბიოლოგიური ლაბორატორიიდან გამოსული დოკი ქუჩას გადაჭრის და ლი ჩონგის მაღაზიაში ორ კვარტა ლუდს იყიდის. მხატვარი ჰენრი ერდელტერიერივით დაიწყებს ბალახში ქექვას, ის ხომ თავისი ნავისთვის სულ ხისა და ლითონის ნამტვრევებს ეძებს. მერე შეუმჩნევლად ბინდდება და დორას მოპირდაპირე მხარეს ქუჩის ლამპიონები ინთება – ეს განათება კონსერვის რიგის მარადიული მთვარის შუქია. როგორც ჩანს, დოკთან, დასავლეთის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში სტუმრები მოსულან, რადგან ის ისევ ლი ჩონგის მაღაზიისკენ მიაბიჯებს, ამჯერად უკვე ხუთი კვარტა ლუდის საყიდლად.
ნეტა, როგორ შეიძლება მხატვრულად აღწერო ქუჩა, რომელიც ერთდროულად ლექსიცაა, მყრალი სუნიც, ჭრაჭუნის უსიამოვნო ხმაც, თავისებური ფერიც, ჩვევაც და ოცნებაც? როცა ზღვის ცხოველებს აგროვებ, შეიძლება ერთი ბრტყელი ჭია შეგხვდეთ. ძალიან ნაზად უნდა მოჰკიდო ხელი, თორემ თვალსა და ხელს შუა ნაფლეთებად გექცევა. უმჯობესია, აცალო თვითონ აცოცდეს დანის პირზე და მერე ფრთხილად ჩაუშვა ზღვის წყლით სავსე ბოთლში. მგონი, ამ წიგნის დაწერაც ასე აჯობებს – დავაცდი, ვიდრე ამბები თავისით ამოხოხდებიან სუფთა ფურცელზე.